Facebook Twitter

საქმე №ა-4735-შ-145-2021 4 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ოკტიაბრსკის რაიონის, ქ. მოგილევის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის, ოკტიაბრსკის რაიონის, ქ. მოგილევის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილება) ე.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან ბავშვების დედა) სარჩელი გ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების მამა) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილებისათვის 2008 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული დ–სა და დ–თვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა, 33 %-ის ოდენობით, 2016 წლის 12 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. დადგენილების თანახმად ორივე ბავშვისათვის ყოველთვიური ალიმენტის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 75 %-ზე ნაკლები.

2. 2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა ბავშვების დედამ და უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული და მიმართულია აღსასრულებლად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. გზავნილი 2022 წლის 3 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა ბავშვების მამას.

6. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ოკტიაბრსკის რაიონის, ქ. მოგილევის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება.

7.მოპასუხის შუამდგომლობას ერთვის საფოსტო დასტური, რომლის თანახმადაც 2020 წლის 16 დეკემბერს მოპასუხეს ეცნობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

8. მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

9. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

11. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

12. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს მინსკის კონვენციისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ოკტიაბრსკის რაიონის, ქ. მოგილევის სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც ე.გ–ძის სარჩელი გ.გ–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, გ.გ–ძეს ე.გ–ძის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილებისათვის 2008 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული დ–სა და დ–თვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა, 33 %-ის ოდენობით, 2016 წლის 12 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. დადგენილების თანახმად ორივე ბავშვისათვის ყოველთვიური ალიმენტის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 75 %-ზე ნაკლები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური