Facebook Twitter

საქმე № ას-1304-2021 1 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

განმცხადებელი - მ.კ–ა (მოპასუხე);

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1) მოპასუხე მ.კ–ას მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 27.06.2019 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 91 590,42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 68 635 ლარი, სარგებელი 21 955,42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1000 ლარი. 2) მოპასუხე მ.კ–ას მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 27.06.2019 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 68 635 ლარზე, წლიური 25% სარგებლის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 15.10.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 3) მოპასუხე მ.კ–ას მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული 1 102.53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 872,94 ლარი, სარგებელი 129,59 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 100 ლარი. 4) გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ქონების - ავტოსატრანსპორტო საშუალება Toyot Rav4-ის სახ. ნომრით....., JTMBE33V10D055259, იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის გზით. 5) იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაკამყოფილებლად, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოპასუხე მ.კ–ას კუთვნილ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის გზით.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.კ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ.კ–ას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.კ–ამ შეიტანა კერძო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ.კ–ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) დასაბუთებული კერძო საჩივარი, საფუძვლების მითითებით და ბ) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

6. აღნიშნული განჩინება განმცხადებლის წარმოამდგენელს ჩაბარდა 2021 წლის 28 დეკემბერს (ს. ფ. 183).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2021 წლის 28 დეკემბერს (ს. ფ. 183).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 დეკემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 31 დეკემბრის (პარასკევი) ჩათვლით შეევსო.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე