Facebook Twitter

საქმე № ას-584-2021 9 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

განმცხადებლები - ლ.ჭ–ა და დ.მ–ა (მოპასუხეები);

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.კ–ი“ (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად;

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: 1) დაკმაყოფილდა შუამდგომლობა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ - შპს „კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. 2) ლ.ჭ–ას (პ/ნ .....) შპს „კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16.08.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 2500 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარი. 3) სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული დ.მ–ას (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ..... ქუჩა #24, სართული 1, ბინა 17, საკადასტრო კოდი: .......

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ჭ–ამ და დ.მ–ამ და მისი გაუქმება მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით: დ.მ–ასა და ლ.ჭ–ას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.09.2020წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი (საქმე № 2ბ/5299-20);

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჭ–ამ და დ.მ–ამ შეიტანეს კერძო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ასა და დ.მ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ ორ მისამართზე (თითოეულზე ორ-ორჯერ), თუმცა მისამართებზე გზავნილის ჩაბარება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა (ს. ფ. 215-222).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ ორ მისამართზე (თითოეულზე ორ-ორჯერ), თუმცა მისამართებზე გზავნილის ჩაბარება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა (ს. ფ. 215-222).

10. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორებს კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნათ განჩინების ასლი. აქედან გამომდინარე, გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორებისთვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 3 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 7 მარტს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორების ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 2022 წლის 7 მარტის ჩათვლით შეევსოთ.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ჭ–ასა და დ.მ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე