Facebook Twitter

საქმე №ას-170-2022 14 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ვ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.პ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ვ–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საკასაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ა.დ–ძეს (იხ. მინდობილობა ს.ფ. 92-94) 2022 წლის 4 მარტს ჩაბარდა.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა 2022 წლის 5 მარტს დაიწყო და ამავე წლის 9 მარტს ამოიწურა. ამდენად, კასატორს ხარვეზი 2022 წლის 9 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. ამასთან, 2022 წლის 10 მარტს კასატორის წარმომადგენელთან შედგა სატელეფონო აქტი, სადაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება ჩაბარდა, თუმცა ხარვეზი არ შეუვსია (იხ. აქტი, ს.ფ. 147).

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ვ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე