ას-1014-2021
12 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ნ.პ–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ……., ს.კ. N …… გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
1.1. მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენდა საზიარო უფლების საგანს. მოსარჩელის კუთვნილი წილი შეადგენდა 2/3-ს, ხოლო მოპასუხის კუთვნილი წილი 1/3-ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საზიარო უფლება გაუქმდა უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის გზით. გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე განაგრძობს ბინით სარგებლობას და არ ათავისუფლებს მას.
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იგი მიუთითებდა, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა კანონის დარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგად; ბინა რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძინა და მოპასუხეს არ დასთანხმდა მორიგებაზე.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ……. კორპუსი 11, სართული 4, ბინა 25, ს.კ. …….. და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......, კორპუსი 11, სართული 4, ბინა 25, ს.კ. ...... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA20054099-016/001, დამოწმების თარიღი: 2020 წლის 19 ნოემბერი.
3.1. მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მას მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითებდა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებაზე და აუქციონის ჩატარების კანონიერებაზე.
3.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.
3.3. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 248-ე მუხლის მიხედვით, აპელანტი არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.
3.4. სსკ-ის 159-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელია ის, ვინც ნივთს სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს. უდავოა, რომ მოსარჩელეს აპელანტისათვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გადაუცია; ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტების მიმართ შებოჭილი არ არის; აპელანტს კანონით გათვალისწინებული ნივთის დაკავების უფლება არა აქვს. შესაბამისად, მას სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნია და ნივთის არამართლზომიერი მფლობელია. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ მორალური საფუძვლების მითითება ვერ იქნებოდა გაზიარებული.
3.5. რაც შეეხება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებაზე მოპასუხის პრეტენზიას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსამართლის მხრიდან საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ მოსაზრება დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4.1. კასატორის მითითებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს არ აქვს სხვა საცხოვრებელი და გამოსახლების შემთხვევაში დარჩება უსახლკაროდ. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება შეიძინა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად და არაკეთილსინდისიერად არ დათანხმდა მოპასუხესთან მორიგებას. საკასაციო პრეტენზია ასევე შეეხება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებას. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ვერ იქნება აღქმული როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შედეგი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარის კიდევ უფრო დარწმუნება ეჭვების მართებულობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც უზენაეს სასამართლოში წარდგენილი საჩივრის პირდაპირი შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (შდრ: სუსგ: №ას-33-33-2012, 11 მარტი, 2021წ.; №ას-1579-2019, 17 დეკემბერი, 2019წ.). აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მან სასამართლოს ვერ წარუდგინა.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებასა და დაბალ ფასად უძრავი ქონების შეძენაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები მოცემული დავის განხილვისა და შეფასების საგანს არ წარმოადგენს, მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნის საფუძველი მოპასუხის მიერ სასარჩელო წესით სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, მათზე მითითება ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორის პრეტენზია, რომ გამოსახლების შემთხვევაში დარჩება უსახლკაროდ, ასევე ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს. კასატორი მიუთითებს, ასევე იმაზე, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა მორიგებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მორიგების უფლება მხარეთა უფლებაა და არა ვალდებულება და მისი მიუღწევლობა ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. რაც შეეხება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებაზე ეფუძნებოდა სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის აცილებას საქმის განხილვისგან იმ შემთხვევაში თუ იგი, პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება განაპირობა მოპასუხის წარმომადგენლისა და პირველი ინსტანციის მოსამართლის თანაკლასელობამ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსამართლის საქმის განხილვისგან ასაცილებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება კასატორის წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ ის არის მოსამართლის თანაკლასელი და საქმის განხილვის შედეგიც ცხადყოფს მოსამართლის ობიექტურობასა და შედეგით დაუინტერესებლობას, ვინაიდან, გადაწყვეტილება მიღებულია მოპასუხის საწინააღმდეგოდ.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2021 წლის 22 ოქტომბერს №11824709998 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ნ.პ–ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №11824709998, გადახდის თარიღი 22.10.2021) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი