ას-1193-2021
12 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ.ყ–ი, ჯ.ყ–ი, ნ. ყ–ი, ნ. ყ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.უ.ქ.ფ–მა“ სარჩელი აღძრა მ.ყ–ის, ჯ.ყ–ის, ნ. ყ–ისა და ნ. ყ–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: გორის რაიონი, სოფ. ....., ს/კ N ......... გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
1.1. მოსარჩელის მითითებით, უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა, უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე.
1.2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ სადავო ბინა სესხის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთული იყო იპოთეკით სს „ს.ბ–ში“ და მათთვის უცნობი იყო ბინის აუქციონზე გასხვისებისა და ახალი მესაკუთრის არსებობის ფაქტი.
1.3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით შპს „ს.უ.ქ.ფ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში მოსარჩელე), იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს „ს.ბ–ი“.
1.4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების მ.ყ–ის, ჯ.ყ–ის, ნ. ყ–ისა და ნ. ყ–ის უკანონო მფლობელობიდან სს ,,ს.ბ–ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე რაიონი გორი, სოფელი ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..... და სს ,,ს.ბ–ს" გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. უძრავი ნივთი მდებარე: გორის რაიონში, სოფ. ა–ბა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
3.1. მოპასუხეები სადავო ნივთს ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
3.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.
3.3. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 248-ე მუხლის მიხედვით, აპელანტები არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.
3.4. სსკ-ის 159-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელია ის, ვინც ნივთს სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს. უდავოა, რომ ამჟამინდელ მესაკუთრეს აპელანტებისათვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გაუდაუცია; ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტების მიმართ შებოჭილი არ არის; აპელანტებს კანონით გათვალისწინებული ნივთის დაკავების უფლება არა აქვთ. ამის შესაბამისად, აპელანტებს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნიათ, ე.ი. ისინი ნივთის არამართლზომიერი მფლობელები არიან. რაც შეეხება აპელანტების მითითებას, ჯანმრთელობის, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, აღნიშნული საკითხების შეფასება დავის საგანთან კავშირში არ არის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მორიგება მხარეთა უფლებაა და ამ უფლების განუხორციელებლობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4.1. კასატორების მითითებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოხუცები, ონკოლოგიური ავადმყოფები და არასრულწლოვნები. მოპასუხეებს არ აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი და მათ სურვილი აქვთ გამოისყიდონ უძრავი ქონება გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოუსპო მხარეებს მორიგების შესაძლებლობა, ვინაიდან საქმე განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - სს „ს.ბ–ი“, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია (შდრ: სუსგ: №ას-33-33-2012, 11 მარტი, 2021წ.; №ას-1579-2019, 17 დეკემბერი, 2019წ.). აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს.
20. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, ჯანმრთელობის, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გარემოებებზე მითითება ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. კასატორების პრეტენზია, ასევე შეეხება სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვნების ცხოვრების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, მანამდე მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ მოპასუხეები. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ უძრავი ქონების რომელიმე მესაკუთრე არასრულწლოვანი მოპასუხეც იყო. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს.
21. საკასაციო სასამართლო, კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, რადგან საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით მოპასუხეს არ მიეცა მორიგების შესაძლებლობა, განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. კერძოდ, სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. რაც შეეხება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის გამო მორიგების უფლების შეზღუდვას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეების მიმართ არ დარღვეულა მორიგებით დავის დასრულების უფლება, რამდენადაც მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, ამასთან, იმისათვის, რომ მხარეები ერთმანეთთან მორიგდნენ, აუცილებელი არ არის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ვინაიდან, მორიგება უშუალოდ მხარეთა შეთანხმების შედეგია და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ გაეფორმებინათ მროგების აქტი, რაზეც იმსჯელებდა სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორების კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა.
22. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნ.ა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ე. მ–ის მიერ 2021 წლის 22 ნოემბერს №12035940172 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ყ–ის, ჯ.ყ–ის, ნ. ყ–ისა და ნ. ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. მ.ყ–ს (.....), ჯ.ყ–ს (.....), ნ. ყ–სა (.....) და ნ. ყ–ს (.....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 12035940172, გადახდის თარიღი 22.11.2021) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი