Facebook Twitter

საქმე №ას-1798-2019 23 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ს.კ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.დ–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს.კ.ფ–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და დამსაქმებელს შორის 2014 წლის 1 აპრილს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელის ხელფასი თვეში 5 000 ლარი იყო. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 16 სექტემბრიდან, თუმცა 2016 წლის ივნისიდან სახელფასო დავალიანება დამსაქმებელს დასაქმებულისათის არ გადაუხდია, ხოლო მოპასუხის მიერ 2016 წლის 13 ივნისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2016 წლის 1 ივნისისათვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 3 500 ლარი. ამასთან, სადავო პერიოდში დამსაქმებელმა დასაქმებულს ჩაურიცხა 7 570 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გადაუხდელი სახელფასო დავალიანება 13 430 (21000 - 7570) ლარია.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 13 430 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების 1 და 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეს დაეკისრა 8442 ლარი - სახელფასო დავალიანების 13430 ლარის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 4 მარტამდე და 2019 წლის 4 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07% სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება - 13430 ლარი. პალატის მითითებით, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა სრულად მიიღო შრომითი ანაზღაურება. დასაქმებულმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული ეს პროცესუალური მოვალეობა. დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოს შესრულებისას იღებდა როგორც ხელფასს, ასევე - პრემიას. შესაბამისად, მართალია, საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია დარიცხული ხელფასის თაობაზე, მაგრამ აღნიშნულით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება მითითებული თანხა მხოლოდ ხელფასი იყო, თუ მოიცავდა პრემიასაც. ამდენად, დამსაქმებლის პრეტენზია, რომ აპელანტს ხელფასის სახით იმაზე მეტი თანხა აქვს მიღებული, ვიდრე ეკუთვნოდა მთელი მუშაობის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

8. რაკი დამსაქმებელმა დასაქმებულს ხელფასი დათქმულ ვადაში არ აუნაზღაურა და არც საბოლოო ანგარიში არ გაუსწორებია მოსარჩელესთან, მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის შესახებ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რომ მოპასუხეს ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 13 430 ლარი, საფუძვლად დაუდო 2016 წლის 13 ივნისის ცნობა, რომლის თანახმადაც 13 ივნისის მდგომარეობით დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 3500 ლარი. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს კუთვნილ ხელფასზე მეტი აქვს მიღებული და არავითარი დავალიანება არ გააჩნია. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

13. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. კასატორის მტკიცებით, დამსაქმქებელმა დასაქმებულს ხელფასი სრულად აუნაზღაურა. პალატა მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015; №ას-483-457-2015, 07.10.2015; №ას-182-171-2017, 27.12.2019წ.) შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში ხელფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

15. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მტკიცება, რომ 2016 წლის პირველი ივნისისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 3 500 ლარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტი სასამართლომ დაადგინა მოპასუხე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და ბუღალტრის მიერ გაცემული ცნობით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცება, თუ რატომ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს მოპასუხე კამპანიის მიერ გაცემული ცნობა ანდა რა მიზნით გასცა კომპანიამ ცნობა, თუკი მას ასეთი დავალიანება არ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ. რაკი მოპასუხემ თავისივე შექმნილი (გაცემული ცნობა) მტკიცებულება ვერ გააქარწყლა, სადავო რჩება 1 ივნისიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (16 სექტემბრამდე) პერიოდის სახელფასო ანაზღაურება.

16. კასატორის მტკიცებით, მან წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ კუთვნილი ხელფასი სრულად მიიღო, თუმცა სასამართლომ ისინი არ შეაფასა. ასეთად კასატორი ბანკის მიერ გაცემულ ამონაწერსა და საშემოსავლო დეკლარაციებს ასახელებს. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით სწორედ საპირისპირო დასტურდება, კერძოდ, ამონაწერის თანახმად, 2016 წლის მაისის შემდგომ (ივნისს, ივლისსა და აგვისტოში) ხელშეკრულების შეწყვეტამდე (16 სექტემბერი) მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს მხოლოდ 7470 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 69), რაც მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას მოთხოვნილ თანხას გამოაკლო (იხ. განჩინების პუნქტი 2).

17. რაც შეეხება მეორე მტკიცებულებას - საშემოსავლო დეკლარაციებს, რომლითაც კასატორი თავისი პოზიციის დადასტურებას ცდილობს, ჯერ ერთი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეს ხელფასთან - 5000 ლართან ერთად ერიცხებოდა პრემიაც (ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-3 მუხლის თანახმად, დასაქმებული პირის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურებითა და პრემიით. დასაქმებული პირის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა, რომ დარიცხული თანხა იყო მხოლოდ ხელფასი და არ მოიცავდა პრემიას. ამასთან, პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოპასუხის მიერ გაცემული და შეუდავებელი მტკიცებულების საფუძველზე სადავო პერიოდად მხოლოდ ივნის-სექტემბრის ხელფასის ანაზღაურება განისაზღვრა და კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ მოსარჩელის დასაქმებიდან - 2014 წლიდან უნდა დაითვალოს, თუ რამდენი აქვს მისთვის დამსაქმებელს ჩარიცხული, არარელევანტური შედავებაა.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო პერიოდისთვის მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა სადავო არ არის, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული მტკიცების რეალიზება მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-182-171-2017, 27.12.2019 წელი; №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.კ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე