საქმე №ას-928-2021 28 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.კ–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ბრძანებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2013 წლის 1 აგვისტოდან - 2020 წლის 8 იანვრამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ვაკის საცურაო აუზის მენეჯერის თანამდებობაზე. საცურაო აუზის მფლობელი და დამსაქმებელი იყო შპს ,,გ.ფ–სი“, ხოლო 2019 წლის 31 ოქტომბერს ამ უკანასკნელისაგან მოპასუხემ შეიძინა ობიექტი და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 2019 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება აუზის ყოფილ მესაკუთრეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ასევე შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. 2020 წლის 8 იანვარს მოსარჩელეს ჩაჰბარდა მოპასუხის 2019 წლის 30 დეკემბრის შეტყობინება (№12-03-19), რომლითაც ეცნობა, კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და საკადრო ცვლილებების გამო, 2020 წლის 3 იანვრიდან ის გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 10 იანვრის ბრძანებით (№01-01-20) მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 16 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება. 2020 წლის 20 იანვრის წერილით დასაქმებულს ეცნობა, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა გარკვეული საშტატო ერთეულების, მათ შორის - მოსარჩელის შტატის გაუქმება. სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელისთვის არ არის ცნობილი სხვა თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ასევე გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაცია - ერთი წლის ხელფასის ოდენობით.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა. მოპასუხეს სასამართლოსთვის არც შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის შუამდგომლობით არ მიუმართავს. შესაბამისად, მოპასუხეს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვისას მიეცა მხოლოდ სამართლებრივ დასაბუთების წარდგენის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საწარმოს რეორგანიზაციას მოჰყვა საკადრო შემცირება, გაუქმდა ის შტატიც, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე, რის შესახებაც გაფრთხილებული იყო მოსარჩელე. ამასთან, გასულია ბრძანების გასაჩივრების ვადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 10 იანვრის №01-01-20 ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 27 500 ლარი (დარიცხული) მოსარჩელის სასარგებლოდ; სასარჩელო მოთხოვნა 2019 წლის 30 დეკემბრის N12-03-19 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1100 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ არ დასტურდებოდა ეკონომიკური აუცილებლობა, რაც აუცილებელს გახდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. არ დასტურდებოდა ორგანიზაციული ცვლილების ფარგლებში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების მიზანშეწონილობა, მაშინ, როდესაც მოსარჩელესთან დამსაქმებელმა უვადო შრომის ხელშეკრულება გააფორმა 2019 წლის 1 ნოემბრიდან, დასაქმებულს გააცნო თანამდებობრივი ინსტრუქცია, ხოლო 2019 წლის 30 დეკემბერს აცნობა, რომ რეორგანიზაციის გამო თავისუფლდებოდა.
8. პალატამ მიუთითა, რომ დამსაქმებელმა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება სათანადო წესით ვერ უზრუნველყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ წერილობითი შესაგებლის წარდგენა სასამართლოში ვერ მოახერხა არსებული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა ფარგლებში მთავრობის რეკომენდაციიდან გამომდინარე საქმიანობის შეჩერების გამო. პალატამ მიუთითა, რომ ეს გარემოება ვერ მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად, რადგან ზემოაღნიშნული მიზნით შესაძლოა, კომპანიამ ნამდვილად შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ ეს გარემოება სარჩელზე წერილობითი შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზს არ ქმნიდა. მოპასუხეს შეეძლო, წერილობითი შესაგებელი სასამართლოში გაეგზავნა ფოსტიით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც არ გაუკეთებია. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. შესაბამისად, შესაგებლისა და მტკიცებულებების დაშვებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
9. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, რაკი მოსარჩელე ადასტურებდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებას 2020 წლის 21 იანვარს, სარჩელი კი, სასამართლოში აღძრული იყო 2020 წლის 28 თებერვალს, გასული იყო შრომის კოდექსით დადგენილი 30-დღიანი გასაჩივრების ვადა. სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ბრძანება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2020 წლის 21 იანვარს, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2020 წლის 13 თებერვალს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის №2/3819-20 განჩინებით სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვალს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვით.
10. პალატამ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია 27 500 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. კასატორის მტკიცებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თავად გარდაქმნა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელეს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება არ გაუსაჩივრებია და აღნიშნული სასამართლოს უნდა მიეღო, როგორც ფაქტი, რომლის კანონიერებაც არ წარმოადგენდა დავის საგანს. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (სუსგ №ას-194-185-2016). ასეთი გარემოებები მოპასუხე კომპანიის შემთხვევაში ვლინდებოდა, კერძოდ, რეორგანიზაცია განპირობებული იყო ხარჯვითი ნაწილის შემცირებისა და ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბების მიზნით.
13. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა კომპენსაციის ანაზღაურების კრიტერიუმების შესახებ. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოპასუხე საზოგადოებაში დასაქმებული იყო მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, გამორიცხავს მისთვის კომპენსაციის - ერთი წლის ხელფასის ოდენობით დაკისრებას.
14. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობას, ის განპირობებული იყო შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადის გასვლამდე მთავრობის რეკომენდაციით ვირუსული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა ფარგლებში საქმიანობის შეჩერებით. იურიდიული პირი იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კერძოდ, ყოფილიყო გადახდისუნარიანი, ეკონომიკური და შრომითი აქტივობის გაგრძელებით ხელი არ შეეწყო ვირუსული ინფექციის გავრცელებისათვის, უზრუნველეყო იმდაგვარი სამუშაო სივრცის შექმნა, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუშლიდა ინფექციის გავრცელებას და მინიმუმამდე დაიყვანდა ფიზიკურ კომუნიკაციას. ამდენად, შესაგებლის წარუდგენლობა, მხარის განმარტებით, განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, ამასთან, პირველივე შესაძლებლობისთანავე წარადგინა შესაგებელი. კასატორის მტკიცებით, მოსამართლეს არ უმსჯელია შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიოობაზე.
15. კასატორი ხანდაზმულობაზეც მიუთითებს და ამტკიცებს, რომ შრომის კოდექსით დადგენილი ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა გასულია.
16. კასატორი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18.06.2021; №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, 2020 წლის 10 იანვრიიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა რეორგანიზაციის საფუძველზე საშტატო ერთეულის გაუქმების გამო. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) ითვალისწინებს.
23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაო ძალის შემცირების მიზნით ორგანიზაციული ცვლილების ფარგლებში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების მიზანშეწონილობა არ ვლინდებოდა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე არ უნდა ემსჯელა, რადგან რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
24. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ, როგორც აღინიშნა, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაზე დავობს, სასამართლო სწორედ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძვლის კანონიერების შემოწმების გზით ადგენს გათავისუფლების მართლზომიერებას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე საწარმოს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა, უნდა შეფასდეს მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. შესაფასებელია, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, დამსაქმებელმა უფლება ბოროტად ხომ არ გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-379-2020, 21.10.2021წ.; №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
25. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. №ას-1334-2021, 02.03.2022წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
26. კასატორის მტკიცებით, რეორგანიზაცია განპირობებული იყო „ხარჯვითი ნაწილის შემცირებისა და ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბების მიზნით“. ჯერ ერთი, რომ მხოლოდ ხარჯვითი ნაწილი შემცირების სურვილი, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, რეორგანიზაციას არ ამართლებს და ვერ მიიჩნევა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამართლების ლეგიტიმურ საფუძვლად. ამასთან, შრომითი დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერად ჩატარებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, რაკი მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, სასამართლომ სსსკ-ის 2321-ე მუხლიდან გამომდინარე მისგან მტკიცებულებები არ მიიღო, შესაბამისად, დამსაქმებელმა რეორგანიზაციის მართლზომიერება სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
27. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სშკ-ის (განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) გამომდინარე, მართლზომიერია.
28. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები №ას-353-338-2016, 15.06.2016წ; №ას-632-2019წ, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ, რაკი მოსარჩელე მხოლოდ ორი თვით იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში, სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია არაგონივრულია. პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან უვადო შრომითი ხელშეკრულება დადო და ორ თვეში, რეორგანიზაციის საფუძვლით, შეწყვიტა ხელშეკრულება, ერთ-ერთი ფაქტორია კომპენსაციის ერთი წლის ხელფასის (27 500 ლარი) ოდენობით განსაზღვრისათვის.
29. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობაზე კასატორის აპელირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2017, მუხლი 128, გვ. 723). იგივე პრინციპი მოქმედებს შრომითსამართლებრივ დავებში შრომის კოდექსით დადგენილი ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მიმართაც (შდრ. სუსგ №ას-64-2021, 18.11.2021 წელი). მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომა დაინიშნა და სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის ზეპირი განხილვის შედეგად გამოიტანა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც სასამართლოს მოპასუხისგან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან შედავება აღარ უნდა მიეღო. ამდენად, პალატა, მართალია, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას წარდგენილი სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ, რადგან მოპასუხემ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარადგინა, ის სასამართლოს განხილვის საგანი არ უნდა გამხდარიყო.
30. რაც შეეხება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მოპასუხემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ მან შესაგებელი დადგენილ ვადაში შეგნებულად არ წარადგინა, რათა ხელი არ შეეწყო ვირუსული ინფექციის გავრცელებისათვის, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიო გარემოებად. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვების საპატიო მიზეზს არ ქმნის და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხეს შეეძლო, წერილობითი შესაგებელი სასამართლოში გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც არ გაუკეთებია.
31. კასატორი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც სასამართლომ მტკიცებულებათა დართვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება და მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენა შეუძლია. შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს. სასამართლო მოპასუხისაგან მტკიცებულებებს არ იღებს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-1334-2021, 02.03.2022წ.).
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1375 ლარის 70% – 962.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ა–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1375 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 15.10.2021), 70% - 962.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე