საქმე №ას-270-2020 23 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.ს–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის (შემდგომ - კომისია) 2018 წლის 17 აპრილის №1 ოქმის (შემდგომ - ოქმი) ბათილად ცნობისა და დაქვითული ხელფასის დაბრუნების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის ივნისიდან მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში სოციალური აგენტის თანამდებობაზე. 2015 წლის 10 მარტიდან მოსარჩელეს დაევალა დამატებით უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობის შესრულება.
3. კომისიის 2017 წლის 17 აპრილის 1 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა 3 942 ლარის გადახდა. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ უნდა ანაზღაურებულიყო, რადგან მან გადაამეტა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომითი ანაზღაურების წესით“ დადგენილ ლიმიტს. მოსარჩელის განმარტებით, მას არასოდეს გადაუჭარბებია არც სოციალური აგენტის და არც უფროსი სოციალური აგენტისათვის დადგენილი ლიმიტისთვის, ამიტომ გაუგებარია, სააგენტომ რატომ მიიჩნია, რომ დასაქმებულმა აიღო ზედმეტი ხელფასი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ გადაამეტა დადგენილ ზღვარს 667 ერთეულით. ამასთან, მოსარჩელე არასწორად ავსებდა დეკლარაციებს, შედეგად მის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან 9 ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის დარიცხვა. აღნიშულ საკითხზე პასუხისმგებელი - უფლებამოსილი პირებიდან ერთ-ერთი არის მოსარჩელე. ოქმში მითითებულია პასუხისმგებელი პირის მიმართ გასატარებელი დისციპლინური ღონისძიების საკითხი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით - სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის №1 ოქმი მოსარჩელის ნაწილში; სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ანგარიშზე დაქვითული ხელფასის დარიცხვა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის უსაფუძვლოდ გადახდილი 3 942 ლარის დაკავების თაობაზე. დამსაქმებელი უსაფუძვლოდ გაცემულად მიიჩნევს იმ თანხას, რომელიც დასაქმებულმა მიიღო რეალურად ხელფასის სახით, თუმცა გადაჭარბებით შესრულებული სამუშაოს გაანგარიშების შედეგად (657 გადაჭარბებული ერთეული * 6 ლარზე = 3 942 ლარს). ეს თანხა დამსაქმებელმა დაიანგარიშა სააგენტოს დირექტორის ბრძანებების შესაბამისად. პალატამ განმარტა, რომ 2015 წლის 10 მარტიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მოსარჩელის მიერ მიღებული თანხა, 3 942 ლარი, იყო არა უსაფუძვლოდ მიღებული თანხა, არამედ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, რადგან დადგენილია, რომ სამუშაო დასაქმებულმა ფაქტობრივად შეასრულა. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზრაურება კი, შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ ექვემდებარება დაბრუნებას.
9. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შესრულება (ე.წ. გადაჭარბებით შესრულება) ცნობილი იყო სამუშაოს შესრულების პერიოდში სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის და მეტიც, ისინი ითხოვდნენ კიდეც ამ სამუშაოთა შესრულებას დასაქმებულისაგან, რაც გრძელდებოდა მთელი 3 წელი. მოსარჩელე დადიოდა ვიზიტებზე, აბარებდა ანგარიშებს, ავსებდა დეკლარაციებს, იგი არავის შეუჩერებია, მეტიც, მოსარჩელის განმარტებით, ავალებდნენ, რომ შეესრულებინა სამუშაო, რაც დამსაქმებელმა შესრულებულად ჩაუთვალა და ანაზღაურებაც დაურიცხა.
10. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მიიღო მის მიერ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს საზღაური, რისი უკან გამოთხოვაც დაუსაბუთებელი, უსამართლო და უკანონო იყო.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. 2015 წლის მარტიდან მოსარჩელე ასრულებდა უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობას და ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას იღებდა უფროსი სოციალური აგენტის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შესაბამისად, მისთვის შესასრულებელი ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა შესაბამისი აქტით განსაზღვრული იყო 70 ერთეულით, ხოლო დღიური მაქსიმალური ოდენობა - 6 ერთეულით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის მარტიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით მოსარჩელემ შესრულებული ერთეულების რაოდენობა გადაამეტა - სულ 667 ერთეულით.
13. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისთვის, როგორც სოციალური აგენტისათვის, მაქსიმალური ოდენობა დღიურად განსაზღვრულია 7 ერთეულით, ხოლო თვიურად - 145 ერთეულით, რაც თავისთავად მცდარია, ვინაიდან იგი ასრულებდა უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობას და ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებასაც იღებდა - როგორც უფროსი სოციალური აგენტი.
14. რაც შეეხება 2017 წლის 26 დეკემბრის №4 ოქმში განხილულ საკითხს, საქმის მასალებიდან ირკვევა შემდეგი: ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში 27 შემთხვევაში ოჯახის დეკლარაციაში განთავსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (ფორმა NIV-100/ა) კონკრეტული პირების დიაგნოზები შეუსაბამოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალთან. ზემოაღნიშნული ოჯახებიდან 9 ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის დარიცხვა. აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი პირებიდან ერთ-ერთი არის მოსარჩელე. კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №5) გადაწყდა, რომ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გასატარებელი დისციპლინური ღონისძიებების საკითხი განიხილებოდა დამატებითი მონაცემების მომზადების შემდეგ და აღნიშნული განხილულ იქნა კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №4).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე დამსაქმებლის ოქმის (ბრძანების) ბათილობისა და დაქვითული თანხის - 3 942 ლარის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლის დანაწესიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
21. მოპასუხის შესაგებელი თანხის დაბრუნების თაობაზე სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) ეფუძნება, კერძოდ, დამსაქმებლის მტკიცებით, გადახდილი ხელფასი, როგორც უსაფუძვლოდ გადაცემული მოსარჩელემ უკან უნდა დააბრუნოს. დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიაც ძირითადად იმას შეეხება, რომ დასაქმებულმა სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 27 ოქტომბრის (№01/272-ო) ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომის ანაზრაურების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადაამეტა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავო არ არის მოსარჩელის მიერ ლიმიტის გადამეტება. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მიუხედავად ბრძანებით დადგენილზე მეტი სამუშაოს შესრულებისა, მაინც არ არსებობდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის კონდიქციის საფუძველი, რადგან ის უსაფუძვლოდ გადახდილი არ იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და არც კასატორი დავობს, რომ მოსარჩელემ სამუშაო ფაქტობრივად შეასრულა. ამასთან, მოსარჩელის მიერ ლიმიტზე მეტი ერთეულის შესრულების შესახებ ცნობილი იყო სამუშაოს შესრულების პერიოდში სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის და მეტიც, ისინი ითხოვდნენ ამ სამუშაოთა შესრულებას დასაქმებულისაგან, რაც გრძელდებოდა 3 წელი. კასატორი არც ამ ფაქტს შედავებია.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების დარღვევისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მიმართ გაატაროს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიება (ან/და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ დასაქმებული ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დამსაქმებელს არათუ დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია მოსარჩელის მიმართ, არამედ თავად ავალებდა სამუშაოს „გადამეტებით“ შესრულებას.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას, მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც - საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს შრომის კოდექსით. პალატა მიიჩნევს, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს დაეკისრა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ივარაუდება, რომ მას უნდა მიეღო შესაბამისი თანამდებობრივი სარგოც.
24. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს მოსარჩელისათვის 3 942 ლარის დაკისრების ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნდა, შესაბამისად, დასაქმებულს უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რაც დამსაქმებელმა 3 942 ლარის დაბრუნების მიზნით დაუკავა.
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ შევსებულ ოჯახის დეკლარაციებში არასწორი მონაცემები გამოვლინდა, რის გამოც მის მიმართ დამსაქმებელმა დისციპლინური ღონისძიება გამოიყენა, პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნული სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საქმეში წარმოდგენილი კომისიის სადავო ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელეს მიეცა შენიშვნა და შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 10%, თუმცა მითითებულ ნაწილში ოქმისა და ოქმის საფუძველზე გამოცემული მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 მაისის (№04-33/დ) ბრძანების მართლზომიერებაზე ქვედა ინსტანციების სასამართლოებს არ უმსჯელიათ, რამდენადაც მოსარჩელე სარჩელში არ მიუთითებდა დისციპლინური ღონისძიების არამართლზომიერად გამოყენებაზე. ამასთან, 2018 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა (15:12) და მხოლოდ 3 942 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მოითხოვა სადავო ოქმის ბათილობა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-597-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1236-1159-2015, 3 თებერვალი, 2016 წელი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე