Facebook Twitter

საქმე №ას-224-2020 23 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - კ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი, კაატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,თ.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის 2016 წლის 13 სექტემბრის №347.00, 2016 წლის 14 სექტემბრის №348.00 და 2016 წლის 14 სექტემბრის №353 განკარგულებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 900 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე მხარეთა შორის 2016 წლის 1 თებერვალს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ბანკში დისტანციური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. 2016 წლის 13 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასთან შრომითი ურთერთობის შეწყდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რაც აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

3. ამის შემდგომ, მოპასუხემ 2016 წლის 14 სექტემბერს დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რის საფუძველზეც მოპასუხე კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელის განცხადებას, რომლითაც ის ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას, სამართლებრივი ძალა არ ჰქონდა. მან განცხადება დაწერა მოპასუხის მხრიდან მოტყუებისა და გაუმართლებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან 2016 წლის 14 სექტემბრის №353 განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა, რომელსაც საფუძვლად დაედო თავად დასაქმებულის პირადი განცხადება. 2016 წლის 13 სექტემბრის №347.00 განკარგულება კი, რომლითაც მოსარჩელე არა 13 სექტემბრიდან, არამედ 14 სექტემბრიდან გათავისულდა, გაუქმდა.

5. მოპასუხის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გაეცნო საბოლოო გაფრთხილებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბანკის 2016 წლის 13 სექტემბრის განკარგულებას, რამდენიმე საათის შემდეგ, 2016 წლის 14 სექტემბერს გააზრებულად და შეგნებულად მიმართა დამსაქმებელს და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება ითხოვა. ბანკმა მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინა, შრომით ბაზარზე ამჟამად არსებული დასაქმების სირთულე გაითვალისწინა და 2016 წლის 14 სექტემბერს გამოსცა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალი განკარგულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით - დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით - აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

9. პალატამ მიუთითა, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს, მომზადდა №347.00 განკარგულება მოსარჩელის საბოლოო გაფრთხილებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. მოპასუხემ 2016 წლის 14 სექტემბერის №348.00 განკარგულებით თავად გააუქმა მოსარჩელის მიმართ გამოცემული №347 განკარგულება და გამოსცა 2016 წლის 14 სექტემბრის №353.00 განკარგულება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლის საფუძველი გახდა მოსარჩელის 2016 წლის 14 სექტემბრის განცხადება საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა არა დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ პირადი განცხადების საფუძველზე. ასეთი შემთხვევისათვის კი არც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც საქართველოს შრომის კანონმდებლობა დამსაქმებლის მიერ სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის გადახდის ვადებულებას არ ითვალისწინებს.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 2016 წლის 14 სექტემბრის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არ იყო დაწერილი მის მიმართ იძულების, ზეწოლისა და მუქარის შედეგად, რის გამოც ნამდვილად მიიჩნია. შესაბამისად, დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერი იყო და არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის ნების გამოვლენა არ შეაფასეს შრომითი ურთიერთობის კონტექსტით და განიხილეს მისგან განყენებულად. თანამედროვე პირობებში იშვიათია ნების გამოვლენის იძულების აშკარა და ცხადი ფორმები. ფაქტია, რომ შრომით ბაზარზე არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, რთულია სამუშაოს დაწყება. მოსარჩელეს არ გააჩნდა ალტერნატიული სამსახური ანდა შემოთავაზება დასაქმებაზე, მისი არსებობა დამოკიდებული იყო ყოველთვიურ შემოსავალზე და ნებისმიერი გონიერი ადამიანის ინტერესი იქნებოდა მუშაობის გაგრძელება, თუმცა მოსარჩელე იძულებული იყო, დაეწერა განცხადება, რადგან აღელვებულ და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში მიუთითეს, თავად დაეწერა განცხადება, რადგან სხვა შემთხვევაში ახალი სამსახურის დაწყებას ვეღარ შეძლებდა. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელეს თავისუფალი ნება არ გამოუვლენია.

13. კასატორის მითითებით, ბანკის მხრიდან ძველი ბრძანების გაუქმება და დასაქმებულის თავისი ნებით გაშვება სამსახურიდან იყო არა დადებითი ნაბიჯი მოსარჩელის მიმართ, არამედ მომავალი სასამართლო დავის თავიდან არიდების გარანტიის მიღების მცდელობა.

14. იმ დროს, როდესაც დასაქმებულმა გათავისუფლების თაობაზე, განცხადება დაწერა მხარეები აღარ იყვნენ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, ბანკის ბრძანებას ძალა აღარ ჰქონდა.

15. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს საოქმო გაჩინებას, რომლითაც უარი ეთქვა მტკიცებულებათა დართვაზე. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დამსაქმებლის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფდა თანამდებობიდან შინაგანაწესის დარღვევის საფუძვლით, უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების (განკარგულების) ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

19. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-145-2019, 05.07.2019წ.). დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, 2016 წლის 14 სექტემბრიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე, რასაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) ითვალისწინებს. ნორმის თანახმად, დასაქმებულის ნებით განპირობებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის დასრულების ლეგიტიმურ საფუძველს.

20. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. მოსარჩელის მტკიცებით, მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დამსაქმებლის ფსიქოლოგიური ზეწოლის, იძულების შედეგად დაწერა.

21. პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება ბათილობისა და შეცილების ზოგადი საფუძვლები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომის, მოტყუების ან იძულების შედეგია, ის დასაქმებულის მიერ ნამდვილი შეცილების შედეგად ბათილი იქნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ფსიქიკურ იძულებაზე აპელირებს. პალატა მითითებული საკითხის კვლევისას მტკიცების სტანდარტზე გაამახვილებს ყურადღებას. მხარემ, რომელიც აპელირებს ნების გამოხატვის იძულების საფუძველზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები. როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ იძულების ხასიათი საკმარისია „ნების მოდრეკისათვის“, მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ნების გამოხატვა იძულების შედეგი არ იყო და, გამონაკლისის სახით, გამომხატველის თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა.

22. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ნების გამოვლენის ხელყოფის საფუძვლად მითითებული გარემოებები (დამსაქმებელმა ის ფაქტის წინაშე დააყენა, კერძოდ, გამოსცა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც დასაქმებულისათვის იყო წნეხი და, შესაბამისად, მან განცხადება გაუაზრებლად დაწერა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, სააპელაციო საჩივარი), დამსაქმებლის მხრიდან ფსიქიკურ იძულებას არ ადასტურებს. პალატა განმარტავს, რომ მუქარა (ფსიქიკური იძულება) სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებაა. მითითება ობიექტურად არსებულ გარემოებაზე, რომელზეც დამმუქრებელს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ვერ ჩაითვლება მუქარად, ისევე, როგორც რეალიზებული საფრთხე. უფრო მეტიც, უკვე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობა, რომელიც არ შექმნილა ნების გამოძალვის მიზნით, არ წარმოადგენს მუქარას (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილის, 2017, მუხლი 85, გვ. 496).

23. პალატა მიიჩნევს, რომ არ დგინდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ნების თავისუფლების ხელყოფა, რადგანაც ის გამოვლენილი არ იყო სამსახურისგან გაშვების შიშით. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, მოპასუხემ განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო 2016 წლის 13 სექტემბერს გამოსცა, ხოლო მოსარჩელემ განცხადება 2016 წლის 14 სექტემბერს დაწერა. შესაბამისად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შიში ვერ იქნებდა ის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც აიძულებდა დასაქმებულს დაეწერა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება. დასაქმებულის ქმედება ფსიქიკურ იძულებად შესაძლოა, შეფასებულიყო იმ შემთხვევაში, თუ მიმართული იქნებოდა დასაქმებულის ნების გამოძალვისაკენ იმდაგვარად, რომ დაეყოლიებინა, განცხადება თავად დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელი გამოსცემდა ბრძანებას მისი გათავისუფლების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე მიუთითებს მისთვის არახელსაყრელ მოცემულობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა განცხადების დაწერა.

24. დამსაქმებლის მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანების გამოცემა დასაქმებულზე არამართლზომიერ ზეწოლად ვერ შეფასდება იმიტომაც, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს, გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადების დაწერა ინიცირებული იყო დამსაქმებლის მხრიდან და მან ბრძანება იმიტომ გამოსცა, რომ შემდგომ დასაქმებულს თავისი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა სამსახური. მოსარჩელის მითითებით დასაქმებულს თავისმა თანამშრომელმა ურჩია დაეწერა განცხადება საკუთარი ნებით სასამხურიდან წასვლის შესახებ, რაც მოსარჩელემ გაითვალისწინა. ამასთან, დადგენილია, რომ თანამშრომელს, თანამდებობიდან გამომდინარე, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შემხებლეობა არ ჰქონდა და არც რაიმე ზეწოლა არ შეეძლო მოსარჩელეზე. ასეთზე არც თავად მოსარჩელე არ მიუთითებს.

25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემული შემთხვევა არ შეიძლება განვიხილოთ იმ ვითარებად, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ფორმალურად დასაქმებულის ინიციატივით იყოს განპირობებული, შეფარულად კი, ინიცირებული იყო დამსაქმებლის მხრიდან. შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან არც უფლების ბოროტად გამოყენება არ დგინდება, რაც შეეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას. პალატა განმარტავს, რომ, როდესაც შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის ინიციატივით, მისი პირადი განცხადების საფუძველზე წყდება, სასამართლო აფასებს ნების ნამდვილობას, მისი თავისუფალი გამოვლენის საკითხს, დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტითაც, რათა ამ უკანასკნელის მხრიდან ზეწოლას არ ჰქონდეს ადგილი.

26. ამდენად, პალატის დასკვნით, დამსაქმებლის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინა დასაქმებულის ნების ფორმირებაში, რაც დასაქმებული ნების გამოვლენას იმთავითვე არანამდვილს არ ხდის. მას არჩევანის თავისუფლება არ წართმევია. დასაქმებული თუ მიიჩნევდა, რომ ბრძანება იყო უკანონო, შეეძლო მის კანონიერებაზე სამართლებრივი გზებით ედავა, თუმცა მან არჩია, პირადი განცხადების საფუძველზე შეეწყვიტა შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, პალატა იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ბანკმა დასაქმებულის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინა და ამიტომ გამოსცა 2016 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალი ბრძანება. ამდენად, თუნდაც 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებას გავლენა მოეხდინა დასაქმებულის გადაწყვეტილებაზე, დაეწერა განცხადება, ბრძანების გამოცემა დასაქმებულის თავისუფალ ნებაზე დაუშვებელ ზემოქმედებად, ბუნებრივია, ვერ შეფასდება.

27. რაც შეეხება 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანების მართლზომიერებას, პალატა მასზე ვერ იმსჯელებს, რამდენადაც დამსაქმებელმა ის თავადვე გააუქმა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. პალატა, კიდევ ერთხელ, აღნიშნავს, რომ, თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანება არამართლზომიერად გამოიცა, მას სწორედ ამ ბრძანების კანონიერებაზე უნდა ედავა და არა დაეწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. რაკი სასამართლო გაუქმებულ ბრძანებაზე არ მსჯელობს, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სწორედ ეთქვა უარი იმ მტკიცებულების დართვაზე, რომლითაც იგი 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანების უკანონობის დადასტურებას ცდილობდა. შესაბამისად, არ არსებობს საოქმო გნჩინების გაუქმების საფუძველი.

28. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა და არც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს ფაქტი, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენა მის თავისუფალ ნებაზე მოპასუხის დაუშვებელმა ზემოქმედებამ განაპირობა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს სამსახურის დაკარგვა არ სურდა, სამართლებრივად მისი ნების გამოვლენას არანამდვილად არ აქცევს. პალატა ასკვნის, რომ ნების გამოხატვა იძულების შედეგი არ იყო და გამომხატველის თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა (შდრ. სუსგ №ას-560-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1221-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი).

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე