Facebook Twitter

საქმე №ას-984-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ფ.ს–ვი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს „მ.ლ–ი“, მ.ს–ვი

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

გასაჩივრებული ანჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ.ს–ვმა 2018 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ს–ვისა და შპს „მ.ლ–ის“ მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 16 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩენის მოტივით), სესხისა და იპოთეკის 2017 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, გარდაბნის სოფელ .... მდებარე უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ფ.ს–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფ.ს–ვმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით ფ.ს–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.ს–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან დაკარგა ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავლის წყარო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ფ.ს–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ფ.ს–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მჩუქებლის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენის მოტივით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამრიგად, მჩუქებლისთვის გაჩუქებული ნივთის დასაბრუნებლად უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მჩუქებლის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენის საკითხი, არამედ - ნივთის დასაჩუქრებულის საკუთრებაში არსებობა და ნივთის უკან დაბრუნებით დასაჩუქრებულის მატერიალური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი რისკებიც.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2008 წლის 16 იანვარს შვილს - მ.ს–ვს აჩუქა გარდაბანში, სოფელ ........ მდებარე 1401 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით.

მ.ს–ვსა და შპს „მ.ლ–ს“ შორის 2017 წლის 7 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი.

მ.ს–ვის მიერ სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ნოტარიუსმა - რ.ნ–მა 2018 წლის 11 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგენილ იქნა სასესხო ვალდებულების შესასრულებლად იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც განსახილველი დავის ფარგლებში მიღებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არის შეჩერებული.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ჩუქების საგანი დასაჩუქრებულმა განკარგა და დაწყებულია იძულებითი აღსრულების პროცესი ნივთის რეალიზაციისთვის, მოსარჩელის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენის მოტივით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საკითხის შესწავლა და გამოკვლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დადასტურდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის უკანონობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი (მოსარჩელე) არა მხოლოდ ვერ ასაბუთებს, არამედ არც კი ასახელებს გარემოებებს, რომლებიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ან მისი შეუსრულებლობის შედეგად გამოცემული სააღსრულებო ფურცლის უკანონობას დაადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე კი, ხელშეკრულების გაფორმებისას და მოგვიანებით - სააღსრულებო ფურცლის გაცემისას დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლების მოთხოვნები. ამდენად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების წინაპირობები არ იკვეთება. შესაბამისად, ასეთ პირობებში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ს–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება;

3. ფ.ს–ვს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ის (პ/ნ ........) მიერ 2021 წლის 19 ნოემბრის №28322939 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1350 ლარის 70% - 945 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე