Facebook Twitter

საქმე №ას-1122-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ.დ–ი

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შ.დ–მა 2019 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ.დ–ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2011 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (უმადურობის ან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენის მოტივით) და გაჩუქებული უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შ.დ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით შ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.დ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რადგან დასაჩუქრებულმა გამოიჩინა უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მჩუქებელს. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მხარეთა შორის დაპირისპირება დაიწყო ერთობლივი საქმიანობიდან, რაც გადაიზარდა პიროვნულ კონფლიქტში. მ.დ–მა შ.დ–ი ნათესავებთან და ნაცნობებთან წარმოაჩინა არასანდო და არაკეთილსინდისიერ ადამიანად, რასაც მოსარჩელის განქორწინება და შვილებთან ურთიერთობის გაწყვეტაც კი მოჰყვა შედეგად. გარდა ამისა, კასატორი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რადგან წაერთვა ერთადერთი საცხოვრებელი და შემოსავლის წყარო და ამჟამად სოციალურად დაუცველი პირია.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევაზე - არ განხორციელებულა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის სხდომის აუდიოჩაწერა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის გამოჩენის, ან მჩუქებლის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენის მოტივით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. იმავე კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ამრიგად, დასახელებული ნორმა „გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს... ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას“, ამასთან, „სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-582-2021 განჩინება).

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.დ–ი და მ.დ–ი არიან და-ძმა.

შ.დ–მა 2011 წლის 10 ნოემბერს თავის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ....... ქ. №16-ში მდებარე 49,96 მ2 ფართობის მქონე უძრავი ქონებიდან ½ წილი ჩუქების ხელშეკრულებით მ.დ–ს საკუთრებაში გადასცა.

შ.დ–ი ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის გამოჩენისა და შეურაცხყოფის მიყენების მოტივით. სარჩელის თანახმად, მ.დ–ი ძმის წინააღმდეგ განაწყობდა მის მეუღლესა და შვილებს; მეზობლებს კი - მისი ღირსების შემლახველ განცხადებებს წერილობით ურიგებდა.

საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებების შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტებზე, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არაერთი მოწმე დაკითხეს, რომელთა ჩვენებებითაც დადასტურდა, რომ და-ძმას შორის ურთიერთობის გართულება ბიზნესის წარმოების დროს წარმოშობილ გაუგებრობას უკავშირდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლიდან 2018 წლამდე უმადურობის გამოხატვის ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების რაიმე ფაქტი მოსარჩელის მიერ დასახელებულიც კი არ არის; მოსარჩელემ კონფლიქტის მხოლოდ 2018 წელს წარმოშობაზე მიუთითა, ეს თარიღი კი შ.დ–ის საქართველოში დაბრუნებას და სწორედ საწარმოს ერთობლივად გაძღოლის დაწყების დროს ემთხვევა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ მეზობლებთან მოსარჩელის ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას დაადასტურებდა. შ.დ–ის განქორწინება კი განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე მხოლოდ 1 თვით ადრე - 2019 წლის 1 მაისს მოხდა (უფრო მეტიც, საკასაციო საჩივრის მიხედვით, შ.დ–მა თავდაპირველად სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 29 მარტს მიმართა. მაშასადამე, დავის სასამართლოში ფაქტობრივად დაწყების მომენტისთვის მოსარჩელე და მისი მეუღლე განქორწინებულნი არც კი იყვნენ).

ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დეტალურად შესწავლისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, გამოიკვლიეს და დაადგინეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. ხსენებულ გარემოებათა შინაარსისა და მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყო იმგვარი ფაქტების არსებობის დადასტურება, რომლებიც დასაჩუქრებულის მიერ დიდი უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის გამოვლინებად შეფასდებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით, გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის გამოყენებას, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. იმავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად კი, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, შ.დ–ი 2019 წლის 9 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მან თავის მეუღლეს 2017-2018 წლებში აჩუქა თბილისსა და კიკეთში მდებარე სახლები, ხოლო 2019 წელს - სადავო ქონების დარჩენილი ½ წილი. ამდენად, შ.დ–ის უძრავი ქონების გარეშე დარჩენა ძირითადად გამოწვეულია 2017-2019 წლებში მის მიერ მეუღლისთვის რამდენიმე უძრავი ნივთის ჩუქებით. შესაბამისად, მოსარჩელის ახლანდელი მძიმე ფინანსური მდგომარეობა ვერ გახდება დასახელებული ჩუქების ხელშეკრულებების დადებამდე გაცილებით ადრე - 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლო სხდომის მიმდინარეობის აუდიოჩანაწერის არარსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმის შედგენა სავალდებულოა. იმავე კოდექსის 288-ე მუხლში ჩამოთვლილია მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სხდომის ოქმი, ხოლო 290-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის სხდომის შესახებ შედგენილია სხდომის ოქმი, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს და ხელმოწერილია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ხსენებულ სხდომაზე სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, ხოლო გამოცხადებული სარეზოლუციო ნაწილისა და გადაწყვეტილების წერილობითი სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისობა სადავოდ არ არის ქცეული. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხდომის აუდიოჩაწერის განუხორციელებლობით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა, მით უფრო, იმგვარი დარღვევა, რასაც შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერებაზე ემოქმედა, არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ პუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე