საქმე №ას-1264-2021 9 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „პ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.08.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.11.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი შპს „პ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე", „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) და შპს „ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 1580 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, კომუნალური გადასახადის - 575 ლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 4840 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ.123-126). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2020 წლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 238,5 ლარის და იურიდიული მომსახურების თანხის - 318 ლარის ანაზღურება (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 207-217). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.08.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ.281-284). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2021 წლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ.308-310).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვა.სწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2021 წლის განჩინება ორჯერ გაიგზავნა კერძო საჩივრის ავტორის დირექტორთან - გ.ზ–თან მის მიერ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...... 35/37, ბინა 67 (იხ.: საჩივარი და სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.142; 218), თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. უკუგზავნილებში აღნიშნულია, რომ მისამართზე არავინ იყო (იხ.: უკუგზავნილები, ს.ფ.312-316). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა პირველი მოპასუხის დირექტორის - გ.ზ. მოძიება და მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2021 წლის განჩინების ჩაბარება.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს 10.02.2022 წლის წერილით და მასზე დართული ხელწერილით დგინდება, რომ პირველი მოპასუხის დირექტორის - გ.ზ. ოჯახის წევრმა (შვილმა) 10.02.2022 წელს ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება (იხ.: ს.ფ.321-324).
9. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2021 წლის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის დირექტორს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 10.02.2022 წელს.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 11.02.2022 წელს და ამოიწურა 21.02.2022 წელს (რადგან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 21.02.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1071-2021, 04.11.2021წ., №ას-971-2021, 22.10.2021, №ას-714-2021, 29.09.2021წ.). სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ–ს“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.08.2021 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე