Facebook Twitter

საქმე №ას-333-2020 17 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „ს.კ. კ.კ.ჯ–ი“, შპს ს.კ. „ა–ი“, შპს „ს.ს.ჯ–ი +“, შპს „დ–ი +“, ვ.ს–ძე, მ.მ–ი, ბ.მ–ა, გ.ხ–ძე, ნ.ხ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.ბ–ა“, სს „თ.ს.ბ–ა“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის და აქციონერთა საერთო კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ს.ბ–ა“ (შემდეგში: მოპასუხე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ 1999 წლის 12 იანვარს (ტ.1,ს.ფ. 9-10).

2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მოპასუხის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად - გენერალურ დირექტორად რეგისტრირებულია გ.ფ–ი (შემდეგში: მოპასუხის დირექტორი), ხოლო ვაჭრობის დაშვების დარგში დირექტორად - თ.ხ–ი. საზოგადოების მმართველობის ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება და სამეთვალყურეო საბჭო.

3. მოპასუხე კომპანიის წესდების თანახმად, საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამჭვირვალე და ლიკვიდური ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება, ფასიანი ქაღალდების საჯარო ვაჭრობის ორგანიზება და ვაჭრობების შედეგების შესახებ ინფორმაციების, აგრეთვე საფონდო ბაზართან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გავრცელება. ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. წესდების თანახმად, ბირჟის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრება, ასევე სამეთვალყურეო საბჭო, ხელმძღვანელობითი ფუნქციები კი აკისრიათ დირექტორებს (ტ.1,ს.ფ. 117-126).

4. სს „კ–ის“ (შემდეგში: აქციათა რეესტრი) მიერ გაცემული აქციათა რეესტრის შესახებ ინფორმაციით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხე კომპანიის ნებადართული აქციებისა და განთავსებული აქციების რაოდენობა შეადგენდა 3 000 000, ხოლო აქციონერები იყვნენ: სს სკ „კ.კ.ჯ–ი“, შპს „ა–ი“, შპს „ს.ს.ჯ–ი +“ შპს სკ „დ–ი +“, მ.მ–ი, ბ.მ–ა, ვ.ს–ძე, გ.ხ–ძე და ნ.ხ–ძე (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები) სს „ბ–ი“, სს „გ.ე.თ–ი“, სს „გ.ე.თ–ი“ (ნომინალური მფლობელი), შპს „ა.ა.მ–ი“, შპს „ქ.ბ–ი“, შპს სკ „თ.ბ–ი“, შპს სკ „კ.ფ.ს–ი“, შპს სკ „ფ–ა“, შპს სკ „ჯ– ში“, შპს „ლ.ს–ზ“.

5. სს „თ.ს.ბ–ა“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 8 მაისს.

6. მეორე მოპასუხის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია - პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორი. საზოგადოების მმართველობის ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი.

7. მეორე მოპასუხის წესდების თანახმად (ახალი რედაქციით), საზოგადოების შექმნის მიზანია არაერთჯერადი და დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე მოგების მიღება, საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამჭვირვალე და ლიკვიდური ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება, სიცოცხლისუნარიანი სავაჭრო მექანიზმის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საზოგადოების საქმიანობის სფეროს მოიცავს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება, ფასიანი ქაღალდების საჯარო ვაჭრობის ორგანიზება დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციების გავრცელება. ასევე, კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. წესდების თანახმად, ბირჟის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრება, საზოგადოების საქმიანობის ზედამხედველობის ფუნქცია აკისრია სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო ყოველდღიური საქმიანობის მენეჯმენტის განხორციელება გენერალურ დირექტორს (ტ.1,ს.ფ. 55-56).

8. მოპასუხე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 5 მაისის N3 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-4 საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისათვის კომპანიის 100%-ით შვილობილი კომპანიის - მეორე მოპასუხის დაფუძნებისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის ხელმოწერის თაობაზე. ამავე საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ აქციონერთა კრებაზე ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობის გაზრდაზე აქციონერთა 75%-ზე ნაკლები თანხმობის მიღების შემთხვევაში, ამავე კრებაზე კენჭისყრაზე დამდგარიყო მეორე მოპასუხის საბირჟო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აქტივების ბირჟის მიერ გადაცემაზე, ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში ბირჟის შეტანის სახით. სხდომის ოქმით, ბირჟის დირექტორს დაევალა აქციონერთა საერთო კრების მოწვევა, ასევე განისაზღვრა კრების სააღრიცხვო თარიღი (ტ.1,ს.ფ. 12-17).

9. მოპასუხის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თაობაზე შეტყობინების თანახმად, დადგინდა აქციონერთა მორიგი საერთო კრების გამართვა 2015 წლის 29 მაისს, შემდეგი დღის წესრიგით: 1. ბირჟის 2014 წლის ანგარიშის დამტკიცება; 2. ბირჟის 2014 წლის კონსოლიდირებული მოგების განაწილება; 3. ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობის გაზრდა; 4. ბირჟის წესდებაში ცვლილებების შეტანა; 5. მეორე მოპასუხისთვის საბირჟო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აქტივების და/ან უფლებების ბირჟის მიერ გადაცემა; 6. ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გადამდგარი წევრების სანაცვლოდ ახალი წევრების არჩევა. დღის წესრიგის მიხედვით, ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2015 წლის 6 მაისი და გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით (ტ.1,ს.ფ. 18-20).

10. მოპასუხის აქციონერთა 2015 წლის 29 მაისის კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა აქციონერთა 100%. საერთო კრებაზე დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით აქციონერთა 58%-ის გადაწყვეტილებით დადგინდა მეორე მოპასუხისთვის საბირჟო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო აქტივების ან/და უფლებების ბირჟის მიერ გადაცემის შესახებ, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში ბირჟის შენატანის და/ან სხვა (მათ შორის დროებითი სარგებლობის უფლებით) სახით. ასევე, ბირჟის გენერალურ დირექტორს მიენიჭა უფლება განესაზღვრა გადასაცემი აქტივების და/ან უფლებების სახეობა და ღირებულება (მათ შორის დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში).

11. მოპასუხეებს შორის, 2015 წლის 11 ივნისს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამქირავებელმა - პირველმა მოპასუხემ, დამქირავებელს - მეორე მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა სავაჭრო სისტემა, რომელიც გამოიყენება ფასიანი ქაღალდებით საბირჟო გარიგებების დადებისათვის და მიეცა დამქირავებელს საშუალება საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის ესარგებლა ქირავნობით გადაცემული არამატერიალური აქტივით ხელშეკრულების განმავლობაში. ხელშეკრულება გაფორმდა ხუთი წლის ვადით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ქონებით სარგებლობის ქირა ყოველთვიურად დადებული საბირჟო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლების 3%-ის ოდენობით (ტ.2,ს.ფ.162-165).

12. სარჩელის მოთხოვნა

12.1. მოსარჩელეებმა წარდგენილი სარჩელით პირველი მოპასუხის სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 5 მაისის სხდომის ოქმის ნაწილობრივ - მე-4 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების, იმავე მოპასუხის აქციონერთა საერთო კრების 2015 წლის 29 მაისის ოქმის ნაწილობრივ - მე-5 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მოპასუხეებს შორის 2015 წლის 11 ივნისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

13. მოპასუხეთა პოზიცია

13.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით სარჩელი არ ცნეს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. მოსარჩელეთა სააპელაციო მოთხოვნა

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

16.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

16.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სადავო იყო სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებები, რომელიც ამავე საზოგადოების მინორიტარი აქციონერების მოსაზრებით, საზიანოა კომპანიის საქმიანობისათვის. გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა სხვა გარიგების დაფარვას, მათი წილებისა თუ ხმების შემცირებას საზოგადოების საქმიანობაში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მათი მონაწილეობის შესაძლებლობის შემცირებას და საბოლოოდ, მათი საზოგადოებიდან განდევნას. მოსარჩელეთა განმარტებით, საზოგადოების გადაწყვეტილებებით დაიფარა სხვა გარიგება, რაც რეალურად საზოგადოების რეორგანიზებასთან, ახალი აქციების გამოშვებასა და მოსარჩელე აქციონერთა წილების შემცირებისაკენ იყო მიმართული. მოპასუხეთა განმარტებით კი გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოების საქმიანობიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. საზოგადოების უკეთ საქმიანობისათვის საჭირო იყო დამატებითი აქტივების მოზიდვა და საქმიანობის სფეროს განკუთვნილი - ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკეთ განვითარებისათვის ახალი კომპანიის დაფუძნება. კომპანიისათვის კი აუცილებელი იყო მისი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის აქტივების გადაცემა.

16.4. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომპანიისათვის საზიანო შედეგების მოტანის ფაქტი. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მცირე აქციონერთა უფლებების შელახვის ფაქტი და მიღებული გადაწყვეტილებებით სხვა გარიგების დაფარვა. მხარის მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია გადაწყვეტილებების მიღების დროს კანონითა თუ საზოგადოების წესდებით დადგენილი წესების დარღვევას, რაც გამორიცხავდა აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

16.5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ხსენებული წესების შესაბამისად, საზოგადოება დაფუძნებულად (წარმოშობილად) მიიჩნევა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და შესაბამიასად, საზოგადოების არსებობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს რეესტრში რეგისტრაციის არსებობით. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით კი მართალია, აქციონერთა საერთო კრების გამართვის დროისათვის სამეწარმეო რეესტრში არ არსებობდა ამონაწერი, თუმცა ამავე მონაცემებით დადასტურებულია საზოგადოების რეგისტრაციის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა აპელირება საზოგადოების საერთო კრების არაუფლებამოსლებაზე.

16.6. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად.

16.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა და დასკვნები, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მაჟორიტარი აქციონერების მიერ დაკავებული მმართველობითი ორგანოს თუ აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოების საქმიანობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის ფაქტი, ასევე ვერ დადასტურდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სხვა გარიგებათა დაფარვა, რაც გარიგებათა მოჩვენებითად მიჩნევის საფუძველი და მათი ბათილად აღიარების წინაპირობა გახდებოდა. ამდენად, მიუხედავად მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ცალკეული გარემოებებისა, მოსარჩელეებმა ვერ დადასტურეს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის არსებითი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა. ზოგადი განმარტება მიღებული გადაწყვეტილებით სხვა გარიგების დაფარვის თაობაზე ვერ გახდება მოდავე მხარის პოზიციის უტყუარად დადასტურების საფუძველი, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომ აღნიშნულ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. მოსარჩელის განმარტების მიუხედავად, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რომ შვილობილი კომპანიის დაფუძნებით მოხდა რაიმე გარიგების გადაფარვა და შესაბამისად, მაჟორიტარ პარტნიორთა მხრიდან ადგილი ჰქონდა თვალთმაქცური გარიგების გზით რეალური გარიგების დამალვას.

17. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

17.2. კასატორების განმარტებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული ოქმები და მოპასუხეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება თვალთმაქცური იყო და რეალურიად ბირჟის რეორგანიზაციის საფუძველზე კომპანიის გაყოფა და საზოგადოებიდან აქტივების გატანა უნდოდათ.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

22. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; №ას-937-887-2015, 10.11.2015; №ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; №ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; №ას-773-730-2015, 08.09.205წ.; №ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; №ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.6.2016წ; №ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებისა და სადავო კრების ოქმების საწარმოს ინტერესებთან შეუსაბამობას, ამასთან, განმარტავდნენ, რომ აღნიშნული გარიგებები რეალურად სხვა მიზანს - საზოგადოების ქონების მისაკუთრებას და მინორიტარი აქციონერების წილებისა და ხმების შემცირებას ემსახურებოდა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

26. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ., სუსგ საქმე №ას-171-159-2015; 29 აპრილი, 2015 წელი).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინათ სადავო კრების ოქმებითა და გარიგებებით საწარმოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი, აგრეთვე, ამავე გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი, რომლის გამოც მათ მიადგათ ზიანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში არაა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა.

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ უზრუნველჰყვეს მტკიცების ტვირთის დაძლევა, ვერ წარმოადგინეს სათანადო მტკიცებულებები და ვერ დაადასტურეს ზიანის მიყენებისა თუ გარიგებების არამართლზომიერების ფაქტი.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ. კ.კ.ჯ–ის“, შპს ს.კ. „ა–ის“, შპს „ს.ს.ჯ–ი "-ის, შპს „დ–ი “-ის, ვ.ს–ძის, მ.მ–ის, ბ.მ–ას, გ.ხ–ძის, ნ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ. კ.კ.ჯ–ს“ (ს/კ ...), შპს ს.კ. „ა–ის“ (ს/კ .....), შპს „ს.ს.ჯ–ი "-ს (ს/კ ....), შპს „დ–ი “-ს (ს/კ .....), ვ.ს–ძეს (პ/ნ ....), მ.მ–ს (პ/ნ .....), ბ.მ–ას (პ/ნ .....), გ.ხ–ძეს (პ/ნ .....), ნ.ხ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ვ.ს–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის (გადახდის ქვითარი 23876224, გადახდის თარიღი 10.07.2020წ.) 70% - 630 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მ. ერემაძე

ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე