საქმე №ას-1061-2021 18 თებერვალი , 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ "თბილისის 89-ე ბაგა-ბაღი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი, მ.კ–ძე, ლ.ბ–ძე, ნ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.ჯ–ის (შედეგში - პირველი მოსარჩელე) მ.კ–ძის (შედეგში - მეორე მოსარჩელე), ლ.ბ–ძის (შედეგში - მესამე მოსარჩელე) და ნ.ი–ის (შედეგში - მეოთხე მოსარჩელე, შემდეგში - ერთობლივად მოსარჩელეები ან დასაქმებულები) სარჩელი:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ ,,ქ. თბილისის 89-ე ბაგა-ბაღის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის №2/01-05 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის - თვეში 480 (დარიცხულის) ლარის გადახდა დაეკისრა გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის №2/01-03 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის - თვეში 480 (დარიცხულის) ლარის გადახდა დაეკისრა გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი მეოთხე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის №2/01-04 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე; მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის - თვეში 480 (დარიცხულის) ლარის გადახდა დაეკისრა გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. ბათილად იქნა ცნობილი მესამე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის №2/01-02 ბრძანება; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცია 6480 ლარი (დარიცხული) დაეკისრა. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდაც დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელეები მოპასუხესთან მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე იყვნენ დასაქმებული. მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობა არსებობდა და თითოეულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხულ 480-480 ლარს შეადგენდა.
3.2. მესამე მოსარჩელე მოპასუხესთან მზარეულად მუშაობდა. მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობა არსებობდა და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხულ - 540 ლარს შეადგენდა.
3.3. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა (შემდეგში - სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა) 2017 წლის 14 დეკემბერს მოპასუხე შეამოწმა და აღმოჩენილ დარღვევებზე აქტი შეადგინა, რომლის თანახმად მზარეულის თანაშემწეს გადანახული ჰქონდა 3,800 კგ რძის ფხვნილი, მეორე მზარეულის თანაშემწეს ჩანთაში აღმოაჩნდა 1,460 კგ საქონლის ხორცი (რომელიც ნებაყოფლობით ამოიღო ჩანთიდან), ასევე, საწყობის კიბის მიმდებარედ იპოვეს სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული 10,300 კგ. თევზი (ორაგული).
3.4. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა 2017 წლის 14 დეკემბრის შემოწმებით გამოვლენილ დარღვევებზე 2017 წლის 15 დეკემბერს დასკვნა შეადგინა, რომლის თანახმად სამზარეულოში გადანახული აღმოჩნდა 1,460 კგ საქონლის ხორცი, 3,800 კგ რძის ფხვნილი, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული იყო 10,300 კგ თევზი.
3.5. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს 2017 წლის 15 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით ამავე სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მიმართა, რომ დარღვევების გამო, მოპასუხის დირექტორს მოსარჩელეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიეცეს რეკომენდაცია.
3.6. მოპასუხის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის №2/01-05, №2/01-02, №2/01-03, №2/01-04 ბრძანებებით, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი) საფუძველზე მოსარჩელეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.
3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 22 თებერვალს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა მოპასუხის მიმართ და დირექტორის 18.01.2018 წლის №2/01-02, №2/01-03, №2/01-04, №2/01-05 ბრძანებების გაუქმება და სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.
3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა, რომლის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა მოპასუხის მიმართ და დირექტორის 18.01.2018 წლის №2/01-02, №2/01-03, №2/01-04, №2/01-05 ბრძანებების გაუქმება და სამსახურში აღდგენა მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
3.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა მოპასუხის მიმართ დირექტორის 18.01.2018 წლის №2/01-02, №2/01-03, №2/01-04, №2/01-05 ბრძანებების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით სადავოა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მნიშვნელოვანია, თავდაპირველად ამ საკითხის გამოკვლევა. სასამართლომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზეც (იხ. სუსგ N ას-1210-2018, 15.02.2019წ) მიუთითა.
5. დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან 2018 წლის 18 იანვრის №2/01-05, №2/01-02, №2/01-03 და №2/01-04 ბრძანებებით გათავისუფლდნენ. აღნიშნულ ბრძანებებზე მოსარჩელეთა ხელმოწერები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ გაეცნენ ამ ბრძანებებს, დათარიღებულია 2018 წლის 2 თებერვლით. საქმეში რაიმე სხვა სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეებს სადავო ბრძანება ჩაჰბარდათ, წარდგენილი არ არის. რაც შეეხება მოსარჩელეების წერილობით ახსნა-განმარტებებს, ისინი არ უთითებენ, რომ ჩაბარებული აქვთ და იცნობენ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს.
6. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ხოლო ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად კი (6) დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. (7) თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ დამსაქმებელს ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულებას აკისრებს, თუმცა აღნიშნული ვალდებულება უპირობოდ არ წარმოიშობა და დასაბუთების ვალდებულება დასაქმებულის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N ას-11-11-2018, 4.03.2019წ. განჩინებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაზე აღნიშნული თარიღის მიხედვით დასტურდება მოსარჩელეების მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ჩაბარება 2018 წლის 2 თებერვალს. შესაბამისად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს, რომელიც 2018 წლის 5 მარტს ამოიწურა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეემა სასამართლოს რამდენჯერმე მიმართეს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.7-3.10 ქვეპუნქტები), პირველად სარჩელი 2018 წლის 22 თებერვალს წარადგინეს, ხოლო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით შეეძლოთ დავა აღეძრათ.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 140-ე მუხლის შესაბამისად (1) სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. (2) თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით.
10. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა (სადავო პერიოდში სშკ- ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი).
11. სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 14 დეკემბრის მონიტორინგის აქტში მითითებული ფაქტების არსებობას მოსარჩელეები არ უარყოფენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ გარემოებებთან არაფერი აკავშირებთ და დაუშვებელი იყო ამის საფუძველზე მათი სამსახურიდან გათავისუფლება.
12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ფაქტები ჩადენილია თუ არა მოსარჩელეთა მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ ეს ფაქტები წარმოადგენდა თუ არა იმ დროისათვის მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის. მონიტორინგის აქტის თანახმად, მზარეულის თანაშემწეს გადანახული ჰქონდა 3,800 კგ რძის ფხვნილი, მეორე მზარეულის თანაშემწეს ჩანთაში აღმოაჩნდა 1,460 კგ საქონლის ხორცი (რომელიცჩანთიდან ნებაყოფლობით ამოიღო), ასევე, საწყობის კიბის მიმდებარედ იპოვეს სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული 10,300 კგ. თევზი (ორაგული).
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მზარეულის თანაშემწის (დამხმარის) ფუნქციას ასრულებდნენ პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელეები, თუმცა აქტში არც ერთი მათგანი აღნიშნული არ არის და, შესაბამისად გაურკვეველია, რომელი მზარეულის თანაშემწეზეა მითითება. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 3,800 კგ რძის ფხვნილი ინახებოდა საწყობში, ანუ იმ სივრცეში, რომელსაც მზარეულები არ აკონტროლებენ და სხვა პირი აგებდა პასუხს. აღნიშნულ ფაქტი არც მოპასუხის წარმომადგენელს უარყვია (იხ. 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი 16:15:50; 16:24:15). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული განმარტებები, რომ რძის ფხვნილი საწყობში შეინახეს საკვებისათვის საჭირო რაოდენობის გამოყენების შემდეგ.
14. რაც შეეხება 1,460 კგ საქონლის ხორცთან დაკავშირებულ ფაქტს, ამ მხრივ საყურადღებოა მზარეულის - მეოთხე მოსარჩელის განმარტება, სადაც ის აღნიშნავს, რომ 14 დეკემბერს ბაღში დაზიანდა ხორცის საკეპი მანქანა, რის გამოც გამოიძახეს ხელოსანი, რომელმაც ვერ მოახერხა შეკეთება. მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის თანამშრომელბის მიერ აღმოჩენილი ხორცი სწორედ დაზიანებული მანქანიდან ამოღებული ხორცია, რომელიც საკვებად უვარგისი იყო და დირექტორთან შეთანხმებით, მ.ჩ–ს ძაღლის საკვებად გამოყენების უფლება მიეცა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ხორცი მ.ჩ–ის ჩანთაში (და არა მზარეულის თანაშემწის ჩანთაში, როგორც ეს მონიტორინგის აქტშია აღნიშნული) და არავის უცდია მისი გადამალვა. მეოთხე მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტება 2017 წლის 28 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათით წარედგინა სააგენტოს უფროსს და იგივე განმარტა მან სასამართლო სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენელს არ უარყვია, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ აქტში მითითებული ხორცი ამოღებული იყო დაზიანებული ხორცისაკეპი მანქანიდან და, შესაბამისად საკვებად უვარგისი იყო და არც იმ ფაქტს შედავებია, რომ მეოთხე მოსარჩელემ ბაღის დირექტორთან შეთანხმებით გადაწყვიტა ხორცის მ.ჩ–ისათვის გადაცემა.
15. სასამართლოს განმარტებით აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დამსაქმებელს შეეძლო, სადავო ბრძანებების გამოცემამდე გამოეკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიეღო, თუ დადასტურდებოდა, რომ მზარეულმა ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები ხორცი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა ან განკარგა ხელმძღვანელ პირთან შეთანხმების გარეშე, თუმცა გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელეებმა 1,460 კგ საქონლის ხორცი გადამალეს, მიღებულია ფაქტის დადასტურების გარეშე.
16. მონიტორინგის აქტში აღნიშნულ კიდევ ერთ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საწყობის კიბის მიმდებარედ აღმოჩენილ იქნა სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული 10,300 კგ თევზი (ორაგული), სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავად აქტის შესაბამისადაც კი პროდუქტის გადამალვას სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს ედავებიან და არა - მოსარჩელეებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს N 89 საბავშვო ბაგა-ბაღის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მონიტორინგის თანამშრომლების შემოწმებაზე შესვლის დროს თევზი მზადდებოდა სამზარეულოში (რაც აქტში აღნიშნული არ არის) ლ.ხ–ის (საწყობის გამგის) მიერ და, ამასთან, 2017 წლის 14 დეკემბერს თევზი მენიუთი გათვალისწინებული არ იყო. ამდენად, ირკვევა, რომ მოსარჩელეებს დამსაქმებელი ედავება არა 10,300 კგ. თევზის (ორაგული) გადამალვას, არამედ სამზარეულოში არაუფლებამოსილი პირის მიერ მის მომზადებას და მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს, როგორც მზარეულსა და მზარეულის თანაშემწეებს, შრომის შინაგანაწესიდან გამომდინარე საკვებ პროდუქტებზე კონტროლი ევალებოდათ.
17. მოპასუხის შინაგანწესის მიხედვით, მზარეულის უფლება-მოვალეობებია: ექვემდებარება ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორს; მენიუზე დაყრდნობით აბარებს პროდუქტებს ყოველდღიურად; პასუხისმგებელია საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე; ამუშავებს პროდუქტებს და ამზადებს საკვებს; ბაგა-ბაღის კვების რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს საკვების დროულად და ხარისხიანად დამზადებას; უზრუნველყოფს ბავშვზე გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, მომზადებული საკვების გაცემას; ვალდებულია იცოდეს კვების ნორმები; შეძლოს საკვების მომზადების პროცესში ვიტამინების შენარჩუნება; ვალდებულია, იცოდეს კვებისა და კულინარიული ნაწარმის ხარისხისადმი არსებული მოთხოვნები, ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები, მენიუს შედგენის წესი, პროდუქტების აღრიცხვისა და ნორმების გაცემის წესი, ნედლეულის გახარჯვის ნორმები, პროდუქტების ვარგისიანობის ვადები; ვალდებულია, დაიცვას სანიტარულ- ჰიგიენური წესები საკვების მომზადებისას; ვალდებულია, ყოველწლიურად წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა; ასრულებს დირექტორის და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის სხვა დავალებებს.
18. მზარეულის თანაშემწის უფლება-მოვალეობებია: ექვემდებარება მზარეულს; ეხმარება მზარეულს პროდუქტების დამუშავებასა და საკვების დამზადებაში; პასუხისმგებელია სამზარეულოს, ჭურჭლისა და მთელი ინვენტარის სანიტარულ მდგომარეობაზე; ვალდებულია, ყოველდღიურად სველი წესით დაალაგოს სამზარეულო; ვალდებულია, იცოდეს კვებისა და კულინარიული ნაწარმის ხარისხისადმი არსებული მოთხოვნები, ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები, მენიუს შედგენის წესი, პროდუქტების აღრიცხვისა და ნორმების გაცემის წესი, ნედლეულის გახარჯვის ნორმები; პროდუქტების ვარგისიანობის ვადები; ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა; ასრულებს დირექტორის ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის სხვა დავალებებს.
19. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მიუხედავად იმისა, რომ შრომის შინაგანაწესიდან გამომდინარე მზარეული და მზარეულის თანაშემწე ვალდებული არიან იცოდნენ პროდუქტების აღრიცხვისა და ნორმების გაცემის წესი, აღნიშული არ ნიშნავს, რომ ისინი ,,კოლექტიურად’’ არიან პასუხისმგებელი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდინა რეალურად გადაცდომა. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ისე მიიჩნიეს რძის ფხვნილსა და ხორცთან დაკავშირებული ფაქტი დარღვევად, რომ არ გამოიკვლიეს რეალური ვითარება (არ დაადგინეს მართლაც ვლინდებოდა თუ არა მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები - საკვებად უვარგისი ხორცის დირექტორთან შეთანხმებით სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა და საჭირო რაოდენობის გამოყენების შემდეგ რძის ფხვნილის საწყობში მოთავსება), არც ის გარემოება გამოიკვლიეს, რამდენად შეეძლო თითოეულ მათგანს დარღვევაზე რეაგირება.
20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. დამსაქმებელმა ვერ შეძლო, დაემტკიცებინა მოსარჩელეთა მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების ,,უხეში’’ დარღვევის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა. აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, გათავისუფლების ბრძანების ბათილობის წინაპირობას ქმნის სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს) და 115-ე მუხლების (სამოქალაქო ნება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად) საფუძველზე, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს სადავო ნების - დათხოვნის თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა.
21. სააპელაციო სასამართლომ სკშ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტი პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელეების სამსახურში აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით არ შედავებია, შესაბამისად სასამართლო ითვალისწინებს რა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-588-556-2014, 27.04.2015წ; Nას-902-864-2014, 30.03.2015წ) და დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოსარჩელეების პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც შეეხება მეოთხე მოსარჩელეს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებული აქვს კომპესაცია, რაც თავად მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
22. სასამართლომ სშკ-ის 42-ე და 58-ე მუხლებზეც მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს (დამსაქმებელს) პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
23.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
27. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება) , 42-ე (დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით), 58-ე მუხლი (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
29. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ კასატორმა მოსარჩელეები არამართლზომიერად გაათავისუფლა სამსახურიდან, ხოლო საპირისპირო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მათი სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა დასაქმებულები სამსახურიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაითხოვა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეები თავიანთ მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ, რაც მონიტორინგის სამსახურის მიერ გეგმიური მონიტორინგის დროს კვების ბლოკში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება, ეს კი, მისი შეფასებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია. კასატორს მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი ხანდაზმულიცაა, ვინაიდან მოსარჩელეებმა გათავისუფლების თაობაზე ბრძანება 2018 წლის 19 იანვარს მიიღეს, თუმცა ბრძანების დასაბუთება არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვის 30-დღიანი ვადა სამსახურიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს აითვლება, რაც ამ შემთხვევაში 20 თებერვალს ამოიწურა.
31. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ Nას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე. მეორე მხრივ, კი დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30- დღიანი ვადით.
32. ზემოაღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019წ. პ-34).
33. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ან გათავისუფლების საფუძვლის წერილობითი დასაბუთება არ გადასცა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
34. ამ ვითარებაში, საკასაციო სასამართლო მოიხმობს მისსავე ერთ-ერთ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-1210-2018, 15.02.2019 ), რომლის მიხედვით ”სშკ-ის არც 38-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავს მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30- დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების (შეტყობინების) დღიდან.“
35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლომ მსჯელობას, რომ არ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმული არ არის. . დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან 2018 წლის 18 იანვრის №2/01-05, №2/01-02, №2/01-03 და №2/01-04 ბრძანებებით გათავისუფლდნენ. აღნიშნულ ბრძანებებზე მოსარჩელეთა ხელმოწერები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ გაეცნენ ამ ბრძანებებს, დათარიღებულია 2018 წლის 2 თებერვლით. საქმეში რაიმე სხვა სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეებისთვის სადავო ბრძანების ჩაბარებას, წარდგენილი არ არის. რაც შეეხება მოსარჩელეების წერილობით ახსნა-განმარტებებს, ისინი არ უთითებენ, რომ ჩაბარებული აქვთ და იცნობენ გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს. გასაჩივრებულ ბრძანებაზე მითითებული თარიღის მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარებული აქვთ 2018 წლის 2 თებერვალს. შესაბამისად სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს გასაჩივრების კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა, რომელიც 2018 წლის 5 მარტს ამოიწურა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეემა სასამართლოს რამდენჯერმე მიმართეს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.7-3.10 ქვეპუნქტები) პირველად კი, სარჩელი 2018 წლის 22 თებერვალს წარადგინეს, ხოლო სადაო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეეძლოთ აღეძრათ 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე კასატორის მტკიცება.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (სუსგ-ები N ას-1350-2019, 27.11.2019 წელი; N ას-98-94-2016, 26.07.2016წელი; N ას-368-2019, 31.07.2019წელი). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე Ultima Ratio კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.
38. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო კასატორის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელეებმა სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვიეს, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-619-2020, 2.12.2020წ).
39. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობისას (იხ. სუსგ Nას-619-2020, 2.12.2020წ). საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (შეადრ: სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48).
41. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12-16-ე, მე-19, მე-20 პუნქტები) და მიიჩნევს, რომ დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ დასტურდება და მოსარჩელეებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ვალდებულება უხეშად არ დაურღვევიათ, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა (ის. სუსგ Nას-103-2019, 31.10.2019წ). ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
43. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავო ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
44. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიება - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენისა და სშკ-ის 42-ე და 58-ე მუხლების საფუძველზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეოთხე მოსარჩელეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებული აქვს კომპენსაციის გადახდა, რაც თავად მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, კასატორის პრეტენზიები, როგორც დაუსაბუთებელი შედავება, არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
45. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
46. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ "თბილისის 89-ე ბაგა-ბაღის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ "თბილისის 89-ე ბაგა-ბაღს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2916 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 21 დეკემბერი), 70% – 2041,2 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური