საქმე №ას-1320-2021 28 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.ო–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინება
მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ო–ვმა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ო–ვის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, დ.ნ–ს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს (რძალი) - ზ.კ–ს 2021 წლის 23 ივლისს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 24 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 06 აგვისტოს, თუმცა აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 368-ე, 372-ე და 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზ.კ–ი არ არის დ.ნ–ის რძალი, მას დაქირავებული აქვს სასტუმრო „რ–ა“, რომელიც მდებარეობს იმავე მისამართზე, სადაც დ.ნ–ის საადვოკატო ბიურო. ზ.კ–ს 2021 წლის 23 ივლისს ჩაბარებული წერილი დ.ნ–ისთვის არ გადაუცია, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო ხარვეზის არსებობის შესახებ. ამ პერიოდში იგი ერთი კვირით წასული იყო წყალტუბოში და ოფისში არ იმყოფებოდა, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ, 03 აგვისტოდან აღმოჩნდა თვითიზოლაციაში, ვინაიდან მის მეუღლეს დაემართა კორონავირუსი. 19 აგვისტოს მასაც დაემართა კორონავირუსი და 2021 წლის 03 სექტემბრამდე საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამდენად, დ.ნ–ი 2021 წლის 10 სექტემბრამდე ოფისში არ ყოფილა და ზ.კ–ს მისთვის ხარვეზის განჩინება არ გადაუცია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მას არ ჩაბარებია განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ბარდება მხარეს ან მის წარმომადგენელს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, დ.ნ–ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ..... ქ. 9) და 2021 წლის 23 ივლისს ჩაბარდა ადრესატის რძალს - ზ.კ–ს, რასაც იგი ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 96). შესაბამისად, რადგან გზავნილი ჩაიბარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის (წარმომადგენლის) ოჯახის წევრმა, გზავნილი აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ზ.კ–ი არ არის აპელანტის წარმომადგენლის რძალი.
18. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თუ სასამართლო კორესპოდენციის გაგზავნისას მხარე მის მიერ მითითებულ მისამართზე დროებით არ იმყოფება და იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად მიიჩნევა. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს).
19. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გზავნილის მიმღებ პირს არ ჰქონდა მისი ჩაბარების უფლებამოსილება; ასეთად ვერ მიიჩნევა მხოლოდ ზ.კ–ის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 104) იმ პირობებში, როცა კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ზ.კ–ს ნამდვილად დაქირავებული აქვს სასტუმრო „რ–ა“, ხოლო აღნიშნული სასტუმრო და დ.ნ–ის საადვოკატო ბიურო ერთსა და იმავე მისამართზე მდებარეობს. მტკიცებულებებით არ დასტურდება ასევე, რომ დ.ნ–ი იმ პერიოდში, როდესაც ზ.კ–მა ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება (23.07.2021წ.), წყალტუბოში იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ აღმოჩნდა თვითიზოლაციაში, რადგან მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტება და 2021 წლის 02 აგვისტოს ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოადგენს ამ გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებს (იხ. ს.ფ. 105-106). მართალია, საქმეში წარმოდგენილი შპს „ა–კ–ის“ ლაბორატორიული კვლევის შედეგებითა და 08.09.2021წ. შპს „მ.ს.ც.ა–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (იხ. ს.ფ. 118-120) დასტურდება, რომ დ.ნ–ს 2021 წლის 18 აგვისტოს დაუდასტურდა კორონავირუსი და დაავადების გამწვავების გამო, 28.08.2021წ.-დან 08.09.2021წ.-მდე იმყოფებოდა სტაციონარში, თუმცა ეს გარემოებები არ ადასტურებს 2021 წლის 23 ივლისს ზ.კ–ის მიერ მისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გადაცემის შეუძლებლობას.
20. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეს ევალება სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად, ხარვეზი, რომელიც სასამართლომ დაადგინა არ მიეკუთვნება ისეთი ხარვეზის კატეგორიას, რომლის დადგენაც მხარისთვის შესაძლოა მოულოდნელი ყოფილიყო.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
22. ამგვარად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 24 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 06 აგვისტოს, თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
24. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ო–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021
წლის 27 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი