Facebook Twitter

საქმე №ას-1782-2018 25 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ.ნ-კ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „თ.ბ–ი“ (სს „ბ.რ–კას“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ბ.რ–კამ“ (შემდგომში - „თავდაპირველი მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ნ-კ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების, მდებარე: თბილისი, .......... ქ. №18, ბინა №50, ს.კ. ...... და ბინა №33, ს.კ. ...... (შემდგომში ერთობლივად - „სადავო უძრავი ნივთები“) გამოთხოვა და თავდაპირველი მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათი გადაცემა.

2. თავდაპირველი მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთები მის საკუთრებაში ირიცხება. ისინი რეალურად ერთიან საცხოვრებელ ბინას შეადგენენ, რომელიც ყოფილი მესაკუთრის, მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია. იგი ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას და იქ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „თ.ბ–ი“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთების გამოთხოვა და მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6. საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2018 წლის 07 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, ხოლო მისი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს) დამტკიცებულად ჩათვალა.

8. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.

9. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

10. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უკანონოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით, არ გაითვალისწინა მის მიერ სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, შპს „თ. №? ს. მ.ც–ის“ მიერ 07.02.2018წ. გაცემული ფორმა №IV-100/ა, №588, საიდანაც ნათლად ჩანს მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც წარმოადგენდა პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 07 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 07 თებერვალს მხარეთა მორიგების მიზნით. 2018 წლის 07 თებერვლის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, მან მიმართა შპს „თ. №? ს.მ. ც–ს“. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოპასუხეს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება. საჩივარს ერთვის განმეორებით გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც, ასევე, მითითებულია დიაგნოზი - მწვავე რესპირატორული დაავადება, პაციენტი იმყოფებოდა ამბულატორიულად შპს „თ. №? ს.მ. ც–ში“.

13. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, არც საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ 2018 წლის 07 თებერვალს გაცემულ ცნობაში და არც შპს „თ.№? ს.მ. ც–ის“ მიერ იმავე თარიღითა და ნომრით განმეორებით გაცემულ ცნობაში მითითებული არ არის მოპასუხის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ცნობები, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს არ ადასტურებდა.

14. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 233-ე და 241-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, იმავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც აპელანტი საპატიო მიზეზად უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საქმეზე დართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება და მას სამედიცინო მომსახურება გაეწია ამბულატორიული წესით. თუმცა, მოპასუხე სტაციონარში მოთავსებული არ ყოფილა, რაც მსგავსი შემთხვევებისთვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება. მეტიც, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროცესის გაჭიანურების მცდელობას. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ 2018 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომა გადაიდო მხარეთა მორიგების მიზნით, რაც ვერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს ამისთვის გონივრული ვადა მისცა. შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

20. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე ავად იყო მწვავე რესპირატორული დაავადებით და მან ავადმყოფობის პროგრესირების გამო მიმართა საავადმყოფოს. მოპასუხემ, ჯერ კიდევ საავადმყოფოში მყოფმა, თავისი მეგობრის მეშვეობით სასამართლო სხდომის დღეს მიაწოდა სასამართლოს ფორმა №100 და ითხოვა სხდომის მცირე დროით გადადება. მას არ შეეძლო სასამართლოში საკუთარი ინტერესების სრულყოფილი დაცვა;

20.2. ამდენად, ვინაიდან დაავადების სიმწვავემ განაპირობა იმ მოვლენის დადგომა, რომელმაც ხელი შეუშალა სასამართლოში მოპასუხის გამოცხადებას და ეს ფაქტი სასამართლოსთვის ცნობილი გახდა სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

22. მოპასუხემ 2022 წლის 18 იანვარს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვამდე იმსჯელებს კასატორის შუამდგომლობაზე მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს განიხილოს თუ არა საქმე ზეპირი მოსმენით.

25. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. თავის მხრივ, კასატორს არ დაუსაბუთებია მისი შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით.

26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

28. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი დავობს, რომ სახეზე იყო მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ავადმყოფობა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

30. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

31. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო 07.02.2018წ. სასამართლოს სხდომის თარიღის, ადგილისა და დროის თაობაზე (იხ. 07.12.2017წ. სხდომის ოქმი და ხელწერილი, ს.ფ. 46-49, 55). საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი 07.02.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.02.2018წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 56-58), ხოლო მოსარჩელემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.02.2018წ. სხდომის ოქმი, CD დისკი: 12:09:10-12:10:20, ს.ფ. 56-58), რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. კასატორი დავობს, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ავადმყოფობით: მას აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

35. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

36. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე სააპელაციო და სააკასაციო საჩივრები ემყარება იმას, რომ მოპასუხე საპატიო მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ გამოცხადდა 07.02.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე. მოპასუხემ აღნიშნულის დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შპს „თ. №? ს.მ.ც–ის“ მიერ 2018 წლის 07 თებერვალს გაცემული №588 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე 2018 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა ამბულატორიულ მიღებაზე და აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება (იხ. ს.ფ. 60). გარდა ამისა, მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს დაურთო განმეორებით გაცემული №588 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც დამატებით მითითებულია პაციენტის მოკლე ანამნეზი: სხეულის ტემპერატურის მომატება - 37.7 °C, თავის, ყელის და სახსრების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე, შემცივნება. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასებულია მწვავედ (იხ. ს.ფ. 69)

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული ჩივილები და ავადმყოფობის მიმდინარეობის შეფასება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო 2018 წლის 07 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. უფრო მეტიც, ამას შესაძლოა საფრთხე შეექმნა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი სხვა პირებისთვის. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეიცავს პირდაპირ დათქმას მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან, მას სამედიცინო მომსახურება გაეწია ამბულატორიული წესით და იგი სტაციონარში მოთავსებული არ ყოფილა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს მანამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე, რის გამოც სასამართლო, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროცესის გაჭიანურების მცდელობას.

38. საკასაციო პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოუცხადებლობის შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, საკასაციო პალატის შეფასებით, სწორედ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას იძლევა, ხოლო ცნობის ფორმალური შეუსაბამობა კანონთან, არ შეიძლება მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 06 მაისი, 2016 წელი; №ას-516-516-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1674-2019, 14 სექტემბერი, 2020 წელი). შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 07 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასუწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. ამრიგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ასახული დასაბუთების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, რამდენად არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

42. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ნ-კ–ვას შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.ნ-კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. ზამბახიძე