საქმე №ას-275-2020 16 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის არი – შპს „ე.ს–ს“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-მ-მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის არის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ა-მ-მ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მენარდე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.ს–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემკვეთი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის, ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობაში არსებული, 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის მოსარჩელისთვის საკუთარი ხარჯით დაბრუნების დავალება, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მისი ღირებულების ანაზღაურება 49 701.60 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 16.02.2009 წელს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე, სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეიძინა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის ფილა, საიდანაც დააგო 193.4 კვ.მ. ფილა. ამის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს შეაჩერებინა სამუშაოები და საკუთარი კორპუსის ასაშენებლად მიითვისა ფილების ნაწილი. 10.06.2009 წელს მოპასუხემ გადაიხადა იმ პერიოდისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება 330620 ლარის ოდენობით. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს არ მისცა სამუშაოების დასრულების შესაძლებლობა, ხოლო 12.09.2012 წელს უკან დაუბრუნა ფილების მცირე ნაწილი - 48 კვ.მ-ის ოდენობით.
2.2. მოსარჩელის კუთვნილი რკინა-ბეტონის ფილების საერთო ღირებულება შეადგენს 49701.60 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ბეტონის ფილა, საიდანაც მოსარჩელემ დააგო 193.4 კვ.მ.; მოპასუხემ საკუთარი ინტერესებისთვის მოიხმარა 316.6 კვ.მ.; 48 კვ.მ. კი, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა.
3.2. 09.01.2012 წლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა და დაუდასტურა ამ უკანასკნელის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 193.4 კვ.მ. ფილის დაგება-გახარჯვა, ასევე მოპასუხის მიერ თავისი პირადი ინტერესებისთვის 316.6 კვ.მ. ფილის მოხმარება-გახარჯვა. დარჩენილი 426 კვ.მ. ფილაც მოპასუხემ გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის (კორპუსის მშენებლობისას), რაც მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ცნობილი.
3.3. ნივთი, რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე ითხოვს, 2013 წლიდან აღარ არსებობს. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ცნობილი. ნივთის დაბრუნების ნაცვლად, მისი ღირებულების მოთხოვნის უფლება, როგორც დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ისე სახელშეკრულებო მოთხოვნის კუთხით ან სხვა მოთხოვნის სახით, ხანდაზმულია.
4. 06.03.2019 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულების - 49 701.60 ლარის, დაკისრება (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 182-187).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. მხარეთა შორის 16.02.2009 წელს გაფორმდა №157/25 ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე, სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით, დღგ-ს გარეშე. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ბეტონის ფილა, საიდანაც დააგო 193.4 კვ.მ. ფილა. მოპასუხემ საკუთარი ინტერესებისათვის მოიხმარა 316.6 კვ.მ., ასევე კორპუსის მშენებლობისათვის გამოიყენა 426 კვ.მ., ხოლო 48 კვ.მ., 12.09.2012 წელს, დაუბრუნა მოსარჩელეს. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება - 49 701.60 ლარი, აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
5.2. 09.01.2012 წლის წერილით მოპასუხის დირექტორმა მოსარჩელეს მისი 12.09.2011 წლის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ. მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 კვ.მ. დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო 193.4 კვ.მ. დაგებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დარჩენილი 474 კვ.მ. ფილაც მოპასუხემ საბოლოოდ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის, რის შესახებაც 2013 წელს იცოდა მოსარჩელემ.
5.3. 2013 წლისათვის მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ მოპასუხე მას ვერ დაუბრუნებდა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების მიზნით შეძენილ ფილებს, რადგან მათი ნაწილი თავად დააგო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნაწილი კი შემკვეთმა გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის. ამდენად, 2013 წელს მას უკვე შეეძლო მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხისათვის, თუმცა სარჩელი სასამართლოში შემოიტანა მხოლოდ 31.03.2017 წელს. ვინაიდან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გაშვებული აქვს. აღნიშნული კი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 936 კვ.მ. რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება 49701.60 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
7.1. მხარეთა შორის 16.02.2009 წელს გაფორმდა №157/25 ხელშეკრულება მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე, სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილები, რომლითაც უნდა გაეკეთებინა ბეტონის საფარი. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფილების ღირებულება იყო 49 701.60 ლარი.
7.2. 09.01.2012 წელს მოპასუხის დირექტორმა მოსარჩელეს აცნობა, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ. თავად მოიხმარეს, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით; 474 კვ.მ. იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.
7.3. მოპასუხემ მოსარჩელეს შეუწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება, თუმცა ზემოაღნიშნული ფილები მისთვის არ დაუბრუნებია. აღნიშნული ფილები დღეისათვის დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხემ ისინი გამოიყენა საფარის მოწყობისათვის.
7.4. 2013 წლის მაისში მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სასამართლოში დაიწყო დავა. აღნიშნულ დავაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა №157/25 ნარდობის ხელშეკრულების უკანონოდ (ვადაზე ადრე) შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 03.06.2016 წელს. 2013 წლის მაისში აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა №157/25 ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანილი 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილების დაბრუნების ან/და მისი ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი. სწორედ ამ დავის დასრულების შემდეგ, 31.03.2017 წელს მოითხოვა მოსარჩელემ მის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანილი თავისი მოძრავი ნივთის უკან დაბრუნება.
7.5. მოპასუხეს სადავოდ არასდროს გაუხდია ის ფაქტი, რომ 936 კვ.მ. რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილები ეკუთვნოდა მოსარჩელეს. შესაბამისად, მოსარჩელეს მითითებული მოძრავი ნივთის დაბრუნების ან/და მისი ღირებულების ანაზღაურების უფლება გააჩნდა ნებისმიერ დროს. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ დააყენა სწორედ ვინდიკაციური სარჩელით, ხოლო ასეთი სარჩელით დაყენებული მოთხოვნის მფლობელს ყოველთვის აქვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან თავისი ნივთის გამოთხოვის უფლება.
7.6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170.1, 172.1, 408.1, 409-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, რადგან სადავო 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილები დღეისათვის დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს, ამასთან, ფილების ღირებულება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 49701.60 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის მითითებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.
7.7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს დაცული აქვს.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით (იხ. საკასაციო საჩივარი და 23.09.2020 წლის განცხადება):
8.1. მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანილი 193.4 კვ.მ. ფილა მოსარჩელემ მომსახურების გაწევისას/სამუშაოს შესრულებისას გამოიყენა. შესაბამისად, არ შეიძლება მისი ღირებულება მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ან უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით დაეკისროს. ამ ფილების ღირებულების ანაზღაურებაზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელეს გაშვებული აქვს.
8.2. 49701.60 ლარი იყო ფილების ღირებულება მათი შეძენისას. მოპასუხის მიერ ფილების გამოყენების მომენტში მათი საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
8.3. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება არასწორად დააფუძნა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილს. ნივთი, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდეს მოპასუხის მფლობელობაში და რომლის მოთხოვნის უფლებაც შეიძლებოდა მესაკუთრეს ჰქონოდა, 2013 წლიდან დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს. მოპასუხის მიერ ფილების დარჩენილი ნაწილის საკუთარი მიზნებისთვის გახარჯვის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2013 წელს. მათი ღირებულების მოთხოვნაზე ასევე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უნდა აითვალოს 2013 წლიდან. მოსარჩელეს იგი გაშვებული აქვს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 09.11.2021 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
11.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 16.02.2009 წელს გაფორმდა №157/25 ნარდობის ხელშეკრულება მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე, სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).
11.2. ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილა, საიდანაც: მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების ფარგლებში თავად დააგო 193.4 კვ.მ.; 12.09.2012 წელს მოპასუხემ 48 კვ.მ. დაუბრუნა მოსარჩელეს; დანარჩენი კი მოპასუხემ მოიხმარა საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის, კორპუსის მშენებლობისთვის (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-22; 26), რაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წელს.
11.3. 936 კვ.მ. ფართის არმირების ფილის ღირებულება იყო 49 701.60 ლარი.
11.4. 2013 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი იყო შემკვეთის/მოპასუხის უარი ნარდობის ხელშეკრულებაზე.
11.5. მოპასუხეს არა აქვს გადახდილი 936 კვ.მ. არმირების ფილის ღირებულება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
13. 16.02.2009 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მენარდე სამუშაოს ასრულებს საკუთარი ან შემკვეთის მასალით.
14. 16.02.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხე საწარმოს ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ფილა, საიდანაც 48 კვ.მ. ფილა, 12.09.2012 წელს, მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს. სარჩელით მოთხოვნილია სწორედ დარჩენილი 936 კვ.მ. (984 - 48) ფართის ფილის ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. სარჩელს მოპასუხე უპირისპირებს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს და უთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი).
15. ზემოაღნიშნული 936 კვ.მ. ფილიდან მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთის ტერიტორიაზე დააგო 193.4 კვ.მ. ფილა, 742.6 კვ.მ. ფილა კი მოპასუხემ მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე მოიხმარა საკუთარი ინტერესებისთვის. გამომდინარე აქედან, მენარდეს შემკვეთის მიმართ, ერთ შემთხვევაში - 193.4 კვ.მ., ხოლო მეორე შემთხვევაში - 742.6 კვ.მ. ფილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით.
16. საკასაციო პალატა თავდაპირველად შეაფასებს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე დაგებული 193.4 კვ.მ. ფილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის განხორციელებადობას.
17. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე 193.4 კვ.მ. ფილის დაგების შემდეგ, შემკვეთმა უარი თქვა ნარდობის ხელშეკრულებაზე, რისი უფლებაც მას სსკ-ის 636-ე მუხლის (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) თანახმად, ჰქონდა. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (სუსგ საქმე №ას-697-663-2015, 15.12.2015წ.). მიუხედავად იმისა, მასალის ღირებულება გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოს ფასში, ხარჯთაღრიცხვა შეიცავს მონაცემებს გამოყენებული მასალის ღირებულებაზე (ასეთ დროს მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 636-ე მუხლი) თუ ცალკე შეთანხმებით ექვემდებარება ანაზღაურებას (ასეთ დროს მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი (სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.)), დამკვეთს ხელშეკრულების მოშლისას ეკისრება მიწოდებული და მიზნობრივად გამოყენებული მასალის ღირებულების ანაზღაურება.
18. მოცემულ შემთხვევაში, 193.4 კვ.მ. ფილა შედიოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხე საწარმოს ტერიტორიაზე შეტანილ 984 კვ.მ. ფილაში და ეკუთვნოდა მენარდეს, რომელიც მან შემკვეთის სასარგებლოდ და მასთან შეთანხმებით გამოიყენა სამუშაოს შესრულებისას. აღნიშნულ მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება (სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს).
19. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.).
20. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).
21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის 2013 წელს უკვე ცნობილი იყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. წინამდებარე სარჩელი კი სასამართლოს წარედგინა 31.03.2017 წელს, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. რაც შეეხება 742.6 კვ.მ. ფილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის მიერ მასალის მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, საკუთარი მიზნებისთვის გახარჯული 742.6 კვ.მ. ფილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზეც 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს.
23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად შეიტანა ფილები მოპასუხის ტერიტორიაზე, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოასწრო, რადგან მოპასუხემ ხელშეკრულება მოშალა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს, როგორც მასალის მესაკუთრეს, ექნებოდა მათი დაბრუნების (უკან გატანის) უფლება. რადგან მოსარჩელის კუთვნილი 742.6 კვ.მ. ფილა შემკვეთმა საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის კორპუსის მშენებლობისთვის, მოიხმარა მასალის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, ის დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს, რაც მოსარჩელისათვის ცნობილია 2013 წლიდან.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი 742.6 კვ.მ. ფილის ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), მუხლიდან გამომდინარეობს.
25. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი 742.6 კვ.მ. ფილა მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენა, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. ამრიგად, განხორციელებულია სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა. ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნისთვის სსკ-ით განსაზღვრული არ არის ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, ამ ურთიერთობაზე, სსკ-ის 128.3 მუხლით გათვალისწინებული, ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა ვრცელდება (შდრ. სუსგ №ას-445-420-2014, 22.04.2015წ.; №ას-1005-949-2015, 11.03.2016წ.), რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული აქვს. ამრიგად, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მის მიერ გახარჯული 742.6 კვ.მ. ფილის ღირებულება. იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ 936 კვ.მ. ფილის ღირებულება იყო 49 701.60 ლარი, 742.6 კვ.მ. ფილის ღირებულება 39 432,06 ლარს (49 701.60 : 936= 53.1 x 742.6) შეადგენს.
27. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 39 432,06 ლარის გადახდა.
28. მოსარჩელე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას ითხოვდა მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას (იხ. ტ.1, ს.ფ., 165-166; 205-216). საქმის მასალებით დასტურდება ადვოკატის მომსახურებისთვის, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, ხარჯის რეალურად გაწევის ფაქტი (იხ. საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, საბანკო ქვითარი, ტ.1, ს.ფ., 167; 168; მინდობილობები ტ.1, ს.ფ., 137-138; 269); სარჩელი 39 432,06 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილებულია; მოსარჩელე კი ამ თანხის დაახლოებით 1.3%-ს ითხოვს, რაც სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) შესაბამისად, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სავსებით გონივრული და სამართლიანია. ამრიგად, მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა), მე-2 (ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას) და მე-3 (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც) ნაწილების თანახმად, უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის, ისევე როგორც სააპელაციო საჩივრის, ფასი 49 701,6 ლარს შეადგენს. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, სარჩელი და სააპელაციო საჩივარი 39 432,06 ლარის ფარგლებში, ანუ 79,34%-ით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1491,05 ლარისა და 1988 ლარის 79,34%-ის, საერთო ჯამში - 2760,28 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი 20,66%-ით დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2485,08 ლარის 20,66%, ანუ 513,42 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნული თანხების გაქვითვის შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 2246,8 ლარის გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საერთო ჯამში, 250 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ე.ს–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ა-მ-მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს „ე.ს–სს“ შპს „ა-მ-მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 39 432,06 ლარის გადახდა.
5. შპს „ე.ს–სს“ შპს „ა-მ-მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
6. შპს „ე.ს–სს“ შპს „ა-მ-მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2246,8 ლარის ოდენობით.
7. შპს „ა-მ-მ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ლ.ყ–ძის (პ/ნ: ......) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საერთო ჯამში 250 ლარი (საგადახდო დავალება №18375810, გადახდის თარიღი 29.10.2018წ., გადახდილი თანხა - 100 ლარი; საგადახდო დავალება №20303192, გადახდის თარიღი 14.05.2019წ., გადახდილი თანხა - 150 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე