Facebook Twitter

საქმე №ას-245-2022 11 მარტი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი.ბ.შ.შ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – გ.ქ–ძის სარჩელის გამო, ი.ბ.შ.შ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ბ.შ.შ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში ი.ბ.შ.შ–ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მისივე სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ.ქ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, ი.ბ.შ.შ–ი მაინც ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამრიგად, სახეზეა ისეთი ვითარება, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაცაა ეს გადაწყვეტილება მიღებული. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებას ანიჭებს საქმეში მონაწილე ნებისმიერ მხარეს (მოსარჩელე, თანამოსარჩელე, მოპასუხე და თანამოპასუხე), მაგრამ კანონის აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მოგებულ მხარესაც ჰქონდეს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. უფრო მეტიც, თუკი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილება არასწორი და კანონშეუსაბამოა, საკასაციო სასამართლო მაინც ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება კასატორის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია. ამდენად, მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული, ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. შესაბამისად, ი.ბ.შ.შ–ი, როგორც მოგებული მხარე, არაუფლებამოსია საკასაციო საჩივარი შეიტანოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მის სასარგებლოდ არის გამოტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 401-ე, 409-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ.შ.შ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე