თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ იუსტიციის სახლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.გ–ი
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შეფასების ფორმის ბათილად ცნობა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ლ.გ–მა 2020 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების, შეფასების ფორმის, გამოსაცდელი ვადით დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 3 იანვრის №16/კ ბრძანება ლ.გ–თან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მიღებული, გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის - ლ.გ–ის შეფასების ფორმა; ბათილად იქნა ცნობილი „ლ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 1 აპრილის №244/კ ბრძანება; ლ.გ–ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ, სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში, სპეციალისტის (ოპერატორის) პოზიციაზე; სსიპ იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 1 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი 750 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ იუსტიციის სახლმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ.გ–ი 2005 წლიდან 2020 წლამდე უწყვეტად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. 2020 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრები სსიპ იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებად გარდაიქმნა, რის გამოც ლ.გ–მა, როგორც საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორმა, 2020 წლიდან საქმიანობა უკვე სსიპ იუსტიციის სახლში განაგრძო. ამასთან, მოსარჩელეს ფუნქციები და სამუშაო ადგილი არ შესცვლია.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის 13 ნაწილზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოსარჩელე სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში უვადოდ დასაქმებულ პირს წარმოადგენდა და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ცენტრი გადავიდა იუსტიციის სახლის სისტემაში, მოსარჩელე დამსაქმებელთან, ასევე, იმყოფებოდა უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მოსარჩელესთან მხოლოდ ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულების დადება და გამოსაცდელი ვადის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია.
ლ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის შეფასების ფორმის საფუძველზე (მოსარჩელემ მიიღო საშუალო და საშუალოზე დაბალი ქულები), თუმცა არ ირკვევა, რა სტანდარტების არსებობამ განაპირობა მოსარჩელის კონკრეტული ქულით შეფასება. ამდენად, სასამართლომ ლ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლებაც უკანონობად შეაფასა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მართებულად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იუსტიციის სახლმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრები 2020 წლის 1 იანვრიდან გადავიდა სსიპ იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაში, როგორც ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის იყო ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრიც, რომელშიც დასაქმებული იყო მოსარჩელე. ცვლილების შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბერს ლ.გ–ი გათავისუფლდა სააგენტოდან საკუთარი განცხადების საფუძველზე და ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის (ოპერატორის) პოზიციაზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სსიპ იუსტიციის სახლი წარმოადგენს ახალ დამსაქმებელს, რომელიც დამოუკიდებელია წინა დამსაქმებლისგან და მოსარჩელის წინა სამსახურში მუშაობის პერიოდი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული სადავო შრომითი ურთიერთობის უვადოდ განხილვის მიზნებისთვის. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია, ლ.გ–ის უფლებამოსილების სფერო ძირითადად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მისი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ჰქონდა მოსარჩელის როგორც ვადიანი ხელშეკრულებით, ისე თავდაპირველად გამოსაცდელი ვადით დანიშვნის უფლება.
საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, ასევე, კანონიერად იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული, რადგან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულის გათავისუფლება დამსაქმებლის დისკრეციაა. გარდა ამისა, ლ.გ–მა დისციპლინური გადაცდომები ჩაიდინა (დაარღვია ჩაცმის წესი; არასწორად დაარეგისტრირა განცხადება) და არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო.
მოსარჩელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით კი, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო პოზიცია ვაკანტური არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების უვადოდ განხილვის წინაპირობების არსებობა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის სწორად გადაწყვეტისთვის, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს მხარეთა შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის ვადის საკითხი, რადგან ვადიანი და უვადო ხელშეკრულებების მიმართ განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის 13 ნაწილზე (მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი), რომლის მიხედვითაც, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. ამრიგად, დასაქმებულის შრომითი უფლებების დასაცავად, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის ერთადერთ საფუძველს ხელშეკრულებაში მისი განუსაზღვრელი ვადით მოქმედების თაობაზე აღნიშვნა არ წარმოადგენს, არამედ საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის საერთო ხანგრძლივობა და ხელშეკრულებების დადების თარიღებს შორის პერიოდები. თუკი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ვადა დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ ხანგრძლივობას ემთხვევა, მაშინ შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულად უნდა შეფასდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.გ–ი 2005 წლიდან 2016 წლის მაისამდე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურში უფროსის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლის მაისიდან 2019 წლის 15 იანვრამდე - უფროსი ოპერატორის პოზიციაზე.
2019 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ლ.გ–ი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ იუსტიციის სახლის დებულებაში და მის შემადგენლობაში გადავიდა საზოგადოებრივი ცენტრები, როგორც ტერიტორიული ორგანოები. დასახელებული ცვლილებიდან გამომდინარე, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის №1287/კ ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, ლ.გ–ი 2020 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე, 1 წლის ვადით. ამასთან, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 3 იანვრის №16/კ ბრძანებით მოსარჩელის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვე გამოსაცდელ ვადად უნდა ჩათვლილიყო.
საკასაციო პალატა, დასახელებული ფაქტების სამართლებრივი შეფასებისას, აღნიშნავს, რომ, მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ დამოუკიდებელ სუბიექტებს და შესაბამისად, სხვადასხვა დამსაქმებლებს, მაგრამ ეს გარემოება კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის თავისებურებათა გათვალისწინებით, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის გამომრიცხავ საკმარის საფუძვლად ვერ იქნება განხილული, რადგან:
- ლ.გ–ის სამსახურის ცვლილება განპირობებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით; მინისტრის ბრძანებით კი, მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს) გამოეყო საზოგადოებრივი ცენტრები და გადაეცა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მეორე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (იუსტიციის სახლს). ამდენად, ცვლილების მიუხედავად, უშუალოდ საზოგადოებრივი ცენტრებისა და შტატების გაუქმება არ მომხდარა, არამედ ახლებურად დარეგულირდა მათი კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი მიკუთვნების საკითხი;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმავე ბრძანებით იქნა მოწესრიგებული დასაქმებულთა საკითხიც, კერძოდ, მითითებული ბრძანების მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებულ პირთა სსიპ იუსტიციის სახლში გადანიშვნა. იმავე მუხლის მეორე პუნქტით კი დაკონკრეტდა, რომ მენეჯერ-ოპერატორის თანამდებობა უთანაბრდება უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ხოლო ოპერატორის თანამდებობა - სპეციალისტის თანამდებობას;
- დასაქმებულთა ფუნქციები, უფრო მეტიც, სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების ადგილიც კი, არ შეცვლილა (მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა ვალდებულებები გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ დამსაქმებელმა მსგავსი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო).
ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავდა როგორც გამოსაცდელი ვადის დაწესებას, ისე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.
რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლი (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) ჩამოთვლის იმ ობიექტურ წინაპირობებს, რომელთა არსებობაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ამართლებს და ლეგიტიმურს ხდის. ამასთან, „ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის №ას-483-457-2015 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 1 აპრილის №244/კ ბრძანებით ლ.გ–ი სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, ამასთან, გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია - შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება იყო დადებული და გამოსაცდელი ვადის დანიშვნის უფლებამოსილება დამსაქმებელს არ ჰქონდა, ლ.გ–ის გამოსაცდელი ვადის გასვლის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლებაც გაუმართლებელი და უკანონოა.
რაც შეეხება შეფასების ფორმას, მასში ჩამოთვლილია ფუნქციები/დავალებები, რომელთა გასწვრივაც მოსარჩელეს კონკრეტული ქულები აქვს დაწერილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი შეფასების ფორმით შეუძლებელია, განისაზღვროს და დადგინდეს, რამდენად ობიექტურად მოხდა ლ.გ–ის შეფასება. ამდენად, წარმოდგენილი დასკვნა ვერ იქნება განხილული დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
დისციპლინური გადაცდომების ჩადენის შესახებ კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ლ.გ–ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში დასახელებული საფუძველი ნახსენები არ არის; მეორე მხრივ კი, გადაცდომების ხასიათის გათვალისწინებით (ჩაცმის წესის დარღვევა და განცხადების არასწორად დარეგისტრირება) არ იკვეთება ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უკანონოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლისა და 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე (მოქმედი რედაქციის 42-ე, 48-ე მუხლები), არსებობდა მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას თანამდებობის არავაკანტურობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევანტური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის №ას-235-2021 განჩინება), საქმეში წარმოდგენილი სხვა პირთა დანიშვნის ბრძანებებით კი დასტურდება, რომ ისინი მხოლოდ ერთი წლის ვადით არიან სადავო პოზიციაზე დანიშნული, ხელშეკრულებების მოქმედების ვადა კი, დღეის მდგომარეობით, ამოწურულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. სსიპ იუსტიციის სახლს (ს/კ 2..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 8 ნოემბრის №29131 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1350 ლარის 70% - 945 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე