საქმე №ა-2154-შ-46-2021 16 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.რ. კიზი ა–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.უ. ოღლუ ა–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის #2(005)-45/2020 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის #2(005)-45/2020 გადაწყვეტილებით ლ.რ. კიზი ა–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.უ. ოღლუ ა–ვი ცნობილ იქნა ა.ლ. კიზი ა–ვას მამად. დადგინდა, რომ 2017 წლის 23 მარტს, ა.ლ. კიზი ა–ვა დაიბადა საქართველოში, ქალაქ რუსთავში. ა.ლ. კიზი ა–ვას გვარის გრაფაში ჩაეწეროს „ა–ვა“, მამის გრაფაში „ლ.“, მშობლების შესახებ გრაფაში - დედა - ლ.რ. კიზი ა–ვა, მამა - ლ.უ. ოღლუ ა–ვი. ა.ლ. კიზი ა–ვას სარჩენად, მის სრულწლოვანებამდე, ლ.უ. ოღლუ ა–ვს 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად დაეკისროს 100 მანათი, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიურად 170 მანათი და გადაეცეს ლ.რ. კიზი ა–ვას.
2. შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა, მოითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სამართალწარმოების თაობაზე, ამასთან, მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
5. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
6. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
7. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) 42.1-ე მუხლის მიხედვით „თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოები კომპეტენტურნი არიან განიხილონ სამოქალაქო და საოჯახო საქმეები, თუ მოპასუხეს მათ ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იურიდიული პირთა ან მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნთა მიმართ წარდგენილ სარჩელებზე ისინი კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევაში, თუ მათ ტერიტორიაზე იმყოფება ამ პირთა მმართველობის ორგანო, წარმომადგენლობა ან ფილიალი“. ამავე ხელშეკრულების 42.2(1) „მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებების ქვეშ იგულისხმება - გადაწყვეტილებების სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე“.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შუამდგომლობა წინააღმდეგობაში არაა არც, დასახელებული ხელშეკრულების 43-ე და 44-ე მუხლებთან და არც სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) მითითებულ საფუძვლებთან.
9. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.რ. კიზი ა–ვას შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის #2(005)-45/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის #2(005)-45/2020 გადაწყვეტილება, რომლითაც:
2.1. ლ.რ. კიზი ა–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.2. ლ.უ. ოღლუ ა–ვი ცნობილ იქნა საქართველოში, ქალაქ რუსთავში, 2017 წლის 23 მარტს დაბადებული ა.ლ. კიზი ა–ვას მამად;
2.3. ა.ლ. კიზი ა–ვას გვარის გრაფაში ჩაეწეროს „ა–ვა“, მამის გრაფაში „ლ.“, მშობლების შესახებ გრაფაში - დედა - ლ.რ. კიზი ა–ვა, მამა - ლ.უ. ოღლუ ა–ვი;
2.4. ა.ლ. კიზი ა–ვას სარჩენად, მის სრულწლოვანებამდე, ლ.უ. ოღლუ ა–ვს 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად დაეკისროს 100 მანათი, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიურად 170 მანათი და გადაეცეს ლ.რ. კიზი ა–ვას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე