Facebook Twitter

საქმე №ა-3203-შ-84-2021 16 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.შ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის, როვნოს ოლქის კოსტოპოლის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის #2-1025/11 დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, როვნოს ოლქის კოსტოპოლის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის #2-1025/11 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ი.შ–ვას სარჩელი მ.ბ–კის წინააღმდეგ, მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ. მ.ბ–კს ჩამოერთვა მშობლის უფლება ქალიშვილის - ალექსანდრა მაქსიმის ასული ბონდარჩუკის (დაბ. 19.07.2007) მიმართ.

2. ი.შ–ვამ, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა (მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში).

3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულა.

4. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სასამართლომ მოუსმინა კოსტოპოლის რაიონის სახელმწიფო ბავშვთა საკითხების სამსახურის წარმომადგენელს რომელიც თანახმა იყო მოპასუხეს ჩამორთმეოდა მშობლის უფლებები.

5. დადგენილია აგრეთვე, რომ მამა არ ზრუნავდა შვილის ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე, რაც სასამართლოს განმარტებით ადასტურებდა მამის მხრიდან საკუთარი მოვალეობების უგულვებელყოფას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.შ–ვას შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის, როვნოს ოლქის კოსტოპოლის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის #2-1025/11 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი.შ–ვას სარჩელი მ.ბ–კის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ და მ.ბ–კს ჩამოერთვა მსობლის უფლება მისი ქალიშვილის ა.ბ–კის (დაბადებული 2007 წლის 19 ივლისს) მიმართ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე