Facebook Twitter

საქმე №ა-3409-შ-94-2021 16 მარტი, 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – საგანმანათლებლო დაწესებულება ბელარუსის სახელმწიფო ოქტომბრის რევოლუციის ორდენის და შრომის წითელი დროში სასოფლო-სამეურნეო აკადემია

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ–ვა (ძველი გვარით - შ–ვა)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გორეცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გორეცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, ვ.მ–ვას დაეკისრა 11 021 რუბლის გადახდა, საიდანაც, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით აღსასრულებელი დავალიანების ნაშთს შეადგენს 10 954.79 რუბლი.

2. შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, მოითხოვა წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობაში მოწინააღმდეგე მხარის მისამართად მითითებულია, საქართველოს რესპუბლიკა, აფხაზეთი, ქალაქი გაგრა, ...ქუჩა, სახლი 15.

4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთი რეგიონი - აფხაზეთი, დროებით ოკუპირებულია (იხ. საქართველოს კანონი, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - პირველი და მე-2 მუხლები) და ვერ მოხერხდებოდა, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, საფოსტო გზავნილის სახით, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია ვ.მ–ვას (ძველი გვარით შ–ვა) ფაქტობრივი მისამართის შესახებ, რომლის რეგისტრაციის ადგილია - საქართველოს რესპუბლიკა, აფხაზეთი, ქალაქი გაგრა, ....... ქუჩა, სახლი 15.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 17 თებერვლის №03/3518 მომართვის მიხედვით დგინდება, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში სახელითა და გვარით - ვ.მ–ვა ( შ–ვა), იძულებით გადაადგილებული პირი არ იძებნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

8. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

9. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორს სხვა მისამართი არ მიუთითებია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანაში, მოპასუხის მისამართზე დედამ ჩაიბარა გზავნილი, რომელმაც განმარტა, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა ადგილზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

11. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ბელარუსის სახელმწიფო ოქტომბრის რევოლუციის ორდენის და შრომის წითელი დროში სასოფლო-სამეურნეო აკადემიის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გორეცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;

3. სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე