Facebook Twitter

საქმე№ას-1164-2021 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - დ.თ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დ.თ–ის (შემდეგში: მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას - 2021 წლის 21 მაისს ესწრებოდა უშუალოდ მოსარჩელე - ბ.კ–ძე (ტ.1,ს.ფ. 203-204), ამდენად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა მოსარჩელე ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2591-ე მუხლი).

5. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დასახელებულ პერიოდში სასამართლოში არ მისულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 20 ივნისიდან და ამოიწურა იმავე წლის 4 ივლისს, რომელიც იყო უქმე დღე, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 5 ივლისი. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება (დასაბუთებული) მომზადდა და პროგრამაში აიტვირთა კანონით დადგენილ ვადაში - 17.06.2021წ. მოსარჩელემ კი, გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 28.06.2021წ. და იმავე დღეს ჩაბარდა გადაწყვეტილება.

6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 12 ივლისს, ანუ კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით (ს.ფ. 222-230).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ მიმართა სასამართლოს სატელეფონო საუბრისა, თუ სასამართლოში გამოცხადების გზით, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოში გამოცხადების მეშვეობით ჩიაბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

12. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 21 მაისს, ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.1,ს.ფ. 203-204), შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება განცხადება, რომელიც დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ სასამართლო მოხელესთან კომუნიკაციას, თუ გამოცხადებას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, მოსარჩელის განცხადებაზე, რომლითაც 2021 წლის 28 ივნისს, მიმართა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით (აღნიშნულის გათვალისწინებით დაუსაბუთებელია პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებზე მითითება) და იმავე დღეს ჩაბარდა აღნიშნული გადაწყვეტილება (ტ.1,ს.ფ.221)., ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 12 ივლისს.

16. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე