Facebook Twitter

საქმე №ას-138-2022 4 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ს.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს "ე.ტ–სი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვების შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების, დ.ჯ–სა და ს.ს–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე, შპს „ე.ტ–ს“ (ს.ნ. .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, შემდეგი მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

1.1 დროებითი სატესტო ანგარი;

1.2 თვითმფრინავის გამწევი (საბუქსირე) სატრანსპორტო საშუალება (მოტოტოკი) – “Mototok International Gmbh;

1.3 ბოროსკოპიის ინსტრუმენტი - “KARL STORZ Industrial Endoscope SET with accessories“;

1.4 თვითმფრინავის მობილური ელექტრო კვების მოწყობილობა - „Combined ground power unit (GPU) FCA-90/AR-3 x 600M (mobile);

1.5 ასაწევი ელექტრო პლატფორმა “Spetial Technology 12m Electric Platform, Mark SINOBOOM. Model:GTJZ1212;

1.6 სტატიკური წნევის საზომი მოწყობილობა „Pitot Static Accessory Kit AK 737 Classic and AK 737-900 for Boeing 600-900;

1.7 ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (MERSEDES BENZ) სახელმწიფო ნომერი -...., VIN:WDF63970513414973;

1.8 ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (FORD TRANZIT) სახელმწიფო ნომერი -....., VIN:WFOXXXTTGXEY64648.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, ზემდგომ სასამართლოს გადაეგზავნა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით მოსარჩელე დ.ჯ–ს მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, შემდეგი მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

4.1. თვითმფრინავის გამწევი (საბუქსირე) სატრანსპორტო საშუალება (მოტოტოკი)– “Mototok International Gmbh;

4.2. ბოროსკოპიის ინსტრუმენტი - “KARL STORZ Industrial Endoscope SET with accessories“;

4.3. თვითმფრინავის მობილური ელექტრო კვების მოწყობილობა - „Combined ground power unit (GPU) FCA-90/AR-3 x 600M (mobile);

4.4. ასაწევი ელექტრო პლატფორმა “Spetial Technology 12m Electric Platform, Mark SINOBOOM. Model:GTJZ1212;

4.5. სტატიკური წნევის საზომი მოწყობილობა „Pitot Static Accessory Kit AK 737 Classic and AK 737-900 for Boeing 600-900;

4.6. ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (MERSEDES BENZ) სახელმწიფო ნომერი -...., VIN:WDF63970513414973;

4.7. ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (FORD TRANZIT) სახელმწიფო ნომერი - ...., VIN:WFOXXXTTGXEY64648.

4.8. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის განჩინება მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი შემდეგი მოძრავი ქონების გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის გაუქმების შესახებ:

4.8.1. თვითმფრინავის გამწევი (საბუქსირე) სატრანსპორტო საშუალება (მოტოტოკი)– “Mototok International Gmbh“;

4.8.2. ბოროსკოპიის ინსტრუმენტი - “KARL STORZ Industrial Endoscope SET with accessories“;

4.8.3. თვითმფრინავის მობილური ელექტრო კვების მოწყობილობა - „Combined ground power unit (GPU) FCA-90/AR-3 x 600M (mobile),

4.8.4. ასაწევი ელექტრო პლატფორმა “Spetial Technology 12m Electric Platform, Mark SINOBOOM. Model:GTJZ1212,

4.8.5. სტატიკური წნევის საზომი მოწყობილობა „Pitot Static Accessory Kit AK 737 Classic and AK 737-900 for Boeing 600-900,

4.8.6. ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (MERSEDES BENZ) სახელმწიფო ნომერი -....., VIN:WDF63970513414973,

4.8.7. ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (FORD TRANZIT) სახელმწიფო ნომერი - ....., VIN:WFOXXXTTGXEY64648.

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება, მოპასუხის კუთვნილი ქონებიდან დროებითი სატესტო ანგარის გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ს.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა:

5.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით, დაეკისრა 61 851,41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

5.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით მისაცემ შრომის ანაზღაურებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 9 836 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

5.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 61 851,41 აშშ დოლარის 0.07%-ის ეკვივალენტი ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), 2020 წლის 01 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

5.4. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის გადახდა. მოპასუხეს, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 ლარის ანაზღაურება.

5.5. მოპასუხეს, საქმეზე გაწეული ხარჯების სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის ანაზღაურება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამი თვის ხელფასის - 18 000 აშშ დოლარის (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა), ეკვივალენტი ლარის (გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით) დაკისრების ნაწილში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის შესახებ, წარმოებაში იქნა მიღებული.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც კომპანიას აეკრძალა კუთვნილი დროებითი სატესტო ანგარის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა და გაუქმებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, კომპანიას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული

შემდეგი მოძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

- თვითმფრინავის გამწევი (საბუქსირე) სატრანსპორტო საშუალება (მოტოტოკი) – “Mototok International Gmbh”;

- ბოროსკოპიის ინსტრუმენტი - “KARL STORZ Industrial Endoscope SET with accessories“;

- თვითმფრინავის მობილური ელექტრო კვების მოწყობილობა - „Combined ground power unit (GPU) FCA-90/AR-1x 600M (mobile);

- ასაწევი ელექტრო პლატფორმა “Spetial Technology 12m Electric Platform, Mark SINOBOOM. Model:GTJZ1212;

- სტატიკური წნევის საზომი მოწყობილობა „Pitot Static Accessory Kit AK 737 Classic and AK 737-900 for Boeing 600-900;

- ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (MERSEDES BENZ) სახელმწიფო ნომერი - ...., VIN:WDF63970513414973;

- ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (FORD TRANZIT) სახელმწიფო ნომერი - ...., VIN:WFOXXXTTGXEY64648.

9. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ს.ს–ძემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

10. საჩივრის ავტორის განმარტებით, შეცვლილი უზრუნველყოფის ღონისძიებით არსებობს იმის საფრთხე, რომ მოპასუხემ თავი აარიდოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ნივთები წარმოადგენს არარეალიზებად ქონებას, რადგან მასზე მოთხოვნა ძალიან მცირეა. გაურკვეველია უზრუნველყოფის ჩანაცვლების მიზანი, იგი არ ემსახურება მოსარჩელის ინტერესებს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით ს.ს–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 196-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ, შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ N ას- 1556-1476-2017).

14. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

15. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე.

16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს (სუსგ N ას-1556-1476-2017).

17. სსსკ-ის 1961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის საკითხს განიხილავს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვას და გადაწყვეტას.

18. განმცხადებელმა (მოპასუხე კომპანიამ) სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხის საკუთრებაში არსებული დროებითი სატესტო ანგარის ნაცვლად უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულიყო მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე, რომელთა ჯამური ღირებულება საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად, 438 000 ლარს შეადგენს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ფასი შეადგენს 119 096.52 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, მოპასუხის მიერ შემოთავაზებული მოძრავი ქონების ღირებულება სრულად უზრუნველყოფდა სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის დამაბრკოლებელი გარემოება. მოპასუხის მხრიდან შეთავაზებული უზრუნველყოფა დავის საგნის დასაცავად ადეკვატური იყო, როგორც დასაშვებობის, ისე - საკმარისობის თვალსაზრისით და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქმნიდა მიღებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარანტიას.

19. ამასთან, უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად შემოთავაზებული ნივთები წარმოადგენს ლიკვიდურ და რეალიზებად ქონებას. დროებითი სატესტო ანგარი მოითხოვს დაშლას და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექვემდებარება გასხვისებას; მოპასუხის 2021 წლის 14 დეკემბრის განცხადებაში ჩანაცვლების მიზნით შემოთავაზებული ქონება კი დამოუკიდებელი, სივრცობრივად გამიჯნული ნივთებია, შესაბამისად, მათი რეალიზაცია მოსარჩელის მიერ ინიცირებული იძულებითი აღსრულების რეჟიმშიც კი მეტი ეფექტურობის შესაძლებლობას იძლევა მოსარჩელის სასარგებლოდ.

20. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოპასუხე კომპანიის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმავე სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, ზემდგომ სასამართლოს- უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

24. მოსარჩელის საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის კანონიერება.

25. სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რაც საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

26. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

27. ამავე დროს, მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების 4-4.9 პუნქტები), ხოლო ამის შემდეგ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მოძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის გამოყენება სხვა მოძრავ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიას არ წარუდგენია დასაბუთებული შუამდგოლობა, თუ რატომ სურდა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა, რადგან საამისოდ ვერ გამოდგება მის განცხადებაში მითითებული არგუმენტი, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფულად ოდენობაზე გაცილებით მეტი ღირებულების მოძრავი ქონების გამოყენება უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უკეთესად დაიცავს მოსარჩელის ინტერესს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლამ ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს ის მიზანი, რისთვისაც თავდაპირველად სარჩელის უზრუნველყოფა იქნა გამოყენებული (იხ. ამ განჩინების მე-16 პუნქტი). ვინაიდან მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით საფრთხე დაემუქრა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს, რაზეც უკვე ნამსჯელია ორი ინსტანციის სასამართლოში (იხ. ამ განჩინების პირველი და მე-4 პუნქტები თანმდევ ქვეპუნქტებთან ერთად). საკასაციო სასამართლოს განსჯით მოსარჩელის საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. საჩივრის ავტორი მართებულად მიუთითებს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო გართულებაზე, რასაც სასამართლომ ხელი არ უნდა შეუწყოს.

29. სსსკ-ის 196-ე მუხლის მიზანი, მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება და მისი უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომაა, რომ უზრუნველყოფის საშუალების შეცვლა მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობაა, რაც სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ამასთან, მოცემული შემთხვევა იმითაც არის საყურადღებო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება (მოპასუხის საჩივრის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე), რომელიც იმავე სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 1971-ე მუხლის თანახმად, გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. 4-4.9 პუნქტები). სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე კომპანიის საჩივარზე მსჯელობისას განმარტა, რომ რადგან დ.ჯ–მა უარი თქვა სარჩელზე და მის მიმართ შეწყდა სამოქალაქო საქმეზე წარმოება (სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც თავდაპირველად 215 828.03 განისაზღვრებოდა 69 243.03 ლარით შემცირდა), მოპასუხეს, როგორც მოვალეს, ამ დავაში დარჩა ერთი მოსარჩელე- ს.ს–ძე, რომლის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სავსებით საკმარისი იქნებოდა მოპასუხის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უზრუნველყოფის სახით პროპორციულად უნდა მიჩნეულიყო დროებითი სატესტო ანგარის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ დროებითი სატესტო ანგარის ღირებულებას, რაც 150 000 ლარს შეადგენს და მხოლოდ ამ ნაწილში დარჩა უცვლელი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის სხვა ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ იქნებოდა დავის საგნის- სახელფასო დავალიანების შესატყვისი. სააპელაციო სასამართლომ, როგორც აღინიშნა, სსსკ-ის 1971-ე, 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, შეამოწმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების დასაბუთებულობა და კანონიერება, შესაბამისად მისი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამის შემდეგ, მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის გზით წარდგენილი განცხადებით კიდევ ერთხელ სცადა უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლაზე, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებისა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის გზით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია. საკასაციო სასამართლომ, ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის საფუძველზე, დაასკვნა, რომ მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებულია, რადგან მოპასუხე კომპანიამ სამართლებრივად სარწმუნო არგუმენტებით ვერ დაამტკიცა უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლის მიზანშეწონილობა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოებას და დაარწმუნებდა საკასაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობაში.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ # ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; #ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).

31. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

33. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ, განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ამასთან, უნდა განისაზღვროს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 197-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ, განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს "ე.ტ–ს"-ს (ს/ნ ....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

- 3.1. თვითმფრინავის გამწევი (საბუქსირე) სატრანსპორტო საშუალება (მოტოტოკი) – “Mototok International Gmbh”;

- 3.2. ბოროსკოპიის ინსტრუმენტი - “KARL STORZ Industrial Endoscope SET with accessories“;

- 3.3. თვითმფრინავის მობილური ელექტრო კვების მოწყობილობა - „Combined ground power unit (GPU) FCA-90/AR-1x 600M (mobile);

- 3.4. ასაწევი ელექტრო პლატფორმა “Spetial Technology 12m Electric Platform, Mark SINOBOOM. Model:GTJZ1212;

- 3.5. სტატიკური წნევის საზომი მოწყობილობა „Pitot Static Accessory Kit AK 737 Classic and AK 737-900 for Boeing 600-900;

- 3.6. ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (MERSEDES BENZ) სახელმწიფო ნომერი - ...., VIN:WDF63970513414973;

- 3.7. ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (FORD TRANZIT) სახელმწიფო ნომერი - ...., VIN:WFOXXXTTGXEY64648.;

4. შპს "ე.ტ–ს"-ს (ს/ნ ....) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული დროებითი სატესტო ანგარის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

5. განემარტოს მოსარჩელეს, რომ საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური