Facebook Twitter

02 მარტი, 2022 წელი

№ას-1158-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს.ს.ი.პ. ბ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ლ–ი“(მოსარჩელე)

შ.პ.ს. „ლ–ი“-ს უფლებამონაცვლე - რ.ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ლ–ის“ (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“) სარჩელი ს.ს.ი.პ. „ბ.ბ–ის“ (შემდეგში: ასევე მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საჩუქრად გადაცემული თანხის - 81 566.06 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და 6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 256 752,89 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) სახით - 5 135 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის/აპელანტის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯის - 12000 ლარის გადახდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.

6. 2021 წლის 18 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ.ჯ–ძისა და შ.პ.ს. „ლ–ის“ წარმომადგენელმა - გ.ა–ძემ, რომელმაც 2021 წლის 08 ივნისის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტის (შ.პ.ს. „ლ–ის“) უფლებამონაცვლედ რ.ჯ–ძის ცნობა მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტის (შ.პ.ს „ლ–ის“) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - რ.ჯ–ძე.

8. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე, 2021 წლის 08 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ნათლად იყო გამოხატული აპელანტის - შ.პ.ს. „ლ–ის“ ნება უფლების რ.ჯ–ძისათვის დათმობის შესახებ და მის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

9. უფლებამონაცვლეობის შესახებ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

9.1. სასამართლომ რ.ჯ–ძე ცნო შ.პ.ს. „ლ–ის“ უფლებამონაცვლედ მაშინ, როდესაც სასარჩელო წარმოება წინამდებარე საქმეზე დამთავრდა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნებს. როდესაც სახეზეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, დაუშვებელია ამის შემდგომ მხარის უფლებამონაცვლეობის დადგენა, გამომდინარე იქიდან, რომ დასრულებულია პროცესის ყველა სტადია.

9.2. სასამართლო კრედიტორისა და მოვალის იდენტიფიკაციას ახდენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ეტაპზე და სააღსრულებო ფურცელს გასცემს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებული პირის სახელზე, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მოვალის სხვა სახელისა და გვარის მითითება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ეტაპზე დაუშვებს გადაწყვეტილებაში მითითებული პირის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

9.3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიჩნევა რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, უფლებამონაცვლეობის საკითხი გადაეწყვიტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ, სასამართლომ განჩინების მიღებისას უგულვებელყო თავად მოთხოვნის დათმობის მატერიალურ სამართლებრივი მხარე, რაც მას უნდა შეემოწმებინა.

9.4. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლად. მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „ლ–ის“ მიერ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებ ფორმას სამართალურთიერთობაში სუბიექტების ცვლილებისა, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დაცულია თუ არა ხელშეკრულების დადებისათვის სავალდებულო მოთხოვნები, ანუ არსებობს თუ არა რეალურად მოთხოვნის დათმობა.

9.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

9.6. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით მხარეს უფლებამონაცვლეობის დასადასტურებლად უნდა წარედგინა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება უფლების დათმობის შესახებ. შ.პ.ს. „ლ–ის“ მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 08 ივნისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება კი არ არის დამოწმებული ნოტარიულად, რასაც ადასტურებს თავად ამ ხელშეკრულებაზე დატანილი წარწერა ნოტარიუსის მიერ. ნოტარიუსმა მოახდინა მხოლოდ მხარეთა ხელმოწერების დამოწმება და არა თავად მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შინაარსობრივი დამოწმება ნოტარიულად. ხელშეკრულების შინაარსის დამოწმებისას ნოტარიუსი ამოწმებს ხელშეკრულების შინაარსობრივ გამართულობას და მისი ფორმის დაცვით დადებას, ამასთანავე, ის ამოწმებს მხარეთა ხელმოწერის უფლებამოსილებას მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

9.7. სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო სულ მცირე იმაში, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო უფლებამოსილი პირის მიერ და რომ მართლაც მოხდა მოთხოვნის უფლების მესაკუთრის მიერ დათმობა. მით უფრო, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შ.პ.ს. „ლ–ის“ მხრიდან ხელმოწერილია მისი საპროცესო წარმომადგენლის - გ.ა–ძის და არა დირექტორის მიერ. გ.ა–ძის უფლებამოსილება კი, ხელი მოაწეროს უფლების დათმობის ხელშეკრულებას არ დგინდება. მინდობილობაში არსად არის მითითებული, რომ გ.ა–ძეს გააჩნია უფლებამოსილება შ.პ.ს. „ლ–ის“ სახელით მიიღოს ამ მოცულობის გადაწყვეტილება და კომპანიის მიერ მისაღები თანხა მთლიანად დაუთმოს მესამე პირს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ შ.პ.ს. „ლ–ის“ უფლებამონაცვლედ რ.ჯ–ძის ცნობის მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, დაუსაბუთებელია.

13. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. სუსგ №ას-1477-1397-2017, 30.01.2018).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ. სუსგ №ას-683-654-2016, 16.09.2016).

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ, 2021 წლის 08 ივნისს, შ.პ.ს. „ლ–სა“ და რ.ჯ–ძეს (უფლებამონცვლე) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვით, შ.პ.ს. „ლ–მა“ ს.ს.ი.პ. „ბ.ბ–ის“ მიმართ არსებული ქონებრივი უფლება დაუთმო უფლებამონაცვლეს - რ.ჯ–ძეს. შ.პ.ს. „ლ–მა“ და რ.ჯ–ძემ 2021 წლის 08 ივნისის შეთანხმების საფუძველზე განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შ.პ.ს. „ლ–ის“ უფლებამონაცვლედ რ.ჯ–ძის ცნობის შესახებ (ტომი 5, ს.ფ. 30).

16. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

17. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელში კრედიტორისა თუ მოვალის ნაცვლად შეიძლება მიეთითოს მათი უფლებამონაცვლე, თუ არსებობს კონკრეტულ სამართალურთიერთობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის შეცვლის საფუძველი. უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოსათვის იმ შემთხვევაში უნდა იქნას მიმართული, როდესაც უფლებამონაცვლეობა არ არის ნათელი და მხარის უფლებამონაცვლის დადგენა საჭიროებს მტკიცებულებათა კვლევას და სამართლებრივ შეფასებას.

18. ვინაიდან უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთ წინაპირობას მოთხოვნის დათმობა წარმოადგენს, საპროცესო უფლებამონაცვლეობა კი შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და მოვალეს კრედიტორის წინაშე ვალდებულება ჯერაც არ შეუსრულებია, ამასთან, განსახილველ საქმეზე სანოტარო წესით დამოწმებული 2021 წლის 08 ივნისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ნათლადაა გამოხატული აპელანტის - შ.პ.ს. „ლ–ის“ ნება უფლების რ.ჯ–ძისათვის დათმობის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა შ.პ.ს. „ლ–ის“ უფლებამონაცვლედ რ.ჯ–ძის ცნობის ყველა წინაპირობა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. „ბ.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია