Facebook Twitter

საქმე №ას-540-540-2018 17 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მესამე პირი – ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის (შემდგომში - „ცენტრი“) ერთადერთი დამფუძნებელია შუახევის მუნიციპალიტეტი.

2. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით ცენტრის დირექტორად დაინიშნა ვ.ბ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დირექტორი“ ან „კასატორი“) და მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 06 იანვრის ბრძანებით ცენტრის დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე და მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4. მოსარჩელესა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის 2017 წლის 05 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაგრძელდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

5. 2017 წლის მარტსა და აპრილში ცენტრის დამფუძნებელსა და მოსარჩელეს შორის წარმოიშვა უთანხმოება უცხოეთში მოსარჩელის მივლინების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე მოსარჩელემ ინტერვიუ მისცა აჭარის ტელევიზიას, სადაც ნეგატიურად მოიხსენია დამფუძნებელი, მომხდარი ფაქტი გაახმაურა და გააკეთა განცხადება სამუშაოდან წასვლის თაობაზე იმ მოტივით, რომ „იქ, სადაც არასერიოზულობაა და ხელოვანებს არ აფასებენ, მისი ადგილი არ არის“.

6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 04 მაისის №22-29 ბრძანებით შეწყდა მოსარჩელესთან 2016 წლის 06 იანვარს დადებული ხელშეკრულება. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: „ტორ ვერგატას“ კონფერენციაზე უნებართვოდ წასვლა, მიმდინარე წლის 03 მაისს სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნა და საკრებულოს მიერ მოსარჩელის 2015 წელს გაწეული საქმიანობის უარყოფითად შეფასება; ზოგადად, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 04 მაისის №22-29 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

9. საქმეში მესამე პირად ჩაება ცენტრის დირექტორი მ.მ–ძე (შემდგომში - „მესამე პირი“).

10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 და მე-71 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იყო მოსარჩელესთან ხელშეკრულება მოეშალა.

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მისი მოშლის წესს, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთობა, გარდა კანონისა და საზოგადოების წესდებისა, დარეგულირებული იყო, ასევე, ხელშეკრულებით და დამფუძნებელი ვალდებული იყო მისი პირობები დაეცვა. აღნიშნული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის საფუძველს წარმოადგენდა „ბრალეული“ ქმედება, თუ იგი დირექტორის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს ქმნიდა.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მივლინებაში გამგზავრება და სამუშაო საათებში სამსახურში მისი არყოფნა ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერ საფუძველს არ წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე იყო ცენტრის დირექტორი და ახორციელებდა ხელმძღვანელობით საქმიანობას, შესაბამისად, ამ საქმიანობის პროცესში შეეძლო როგორც სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრება, ასევე, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა, მათ შორის, სამუშაო საათებში; მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ეს ღონისძიებები დამფუძნებლის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.

17. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლის კანონიერი საფუძველი არ იყო არც საკრებულოს მიერ მისი საქმიანობის ნეგატიური შეფასება. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ წარდგენილ დისკზე არსებული ჩანაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელის საქმიანობა საკრებულომ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა 2016 წლის 29 იანვარს და იმავე რიცხვის განკარგულებით გამგებელს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 05 იანვარს მუნიციპალიტეტმა მოსარჩელესთან ხელშეკრულება გააგრძელა. შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამფუძნებელი უფლებამოსილი იყო, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელესთან ხელშეკრულება მოეშალა, რადგან იურიდიული პირის დამფუძნებელსა და მის მიერ დანიშნულ დირექტორს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულ ნდობაზეა დამყარებული; სამსახურებრივი მივლინების დაფინანსებასთან დაკავშირებული ფაქტის გახმაურებით და დამფუძნებლის საჯაროდ, ნეგატიურად მოხსენიებით კი აპელანტმა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა დაარღვია; აშკარაა, რომ ეს მოქმედება მან განზრახ, ე.ი. ბრალეულად ჩაიდინა; აღნიშნული კი მოსარჩელის მიმართ ნდობის დაკარგვისა და მასთან ხელშეკრულების მოშლის სავსებით საკმარისი საფუძველი იყო.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

20. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო უხეში დარღვევის დასასაბუთებლად - აბსურდული და არარსებული დარღვევები. ასეთ პირობებში სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა სამეწარმეო კანონმდებლობიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულებად უნდა განიმარტოს, რაც დამსაქმებელს პირის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს, არასრულყოფილია;

20.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა უპირობოდ, არამედ გარკვეულ დარღვევებზე მითითებით, რის გამოც სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მხოლოდ გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე, არამედ გამოეკვლია გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ფაქტები;

20.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და შრომის კოდექსი სამსახურებრივი ვალდებულების უხეში დარღვევის განმარტებას არ იძლევა. უხეში დარღვევის განმარტებას აკეთებს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელის არცერთი ქმედება ვალდებულების უხეშ დარღვევას არ წარმოადგენდა, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებებიც ადასტურებს;

20.4. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში თავადვე აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული დარღვევები ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს არ წარმოადგენდა. ამის გათვალისწინებით კი გაურკვეველია, რატომ არ ცნო სასამართლომ სადავო ბრძანება ბათილად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერება და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

24. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

25. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

26. ამდენად, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები შესაძლოა უფრო დეტალურად მოწესრიგდეს იურიდიული პირის წესდებითა და დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით.

27. სამართლებრივად ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული შეთანხმება დავალების ხელშეკრულებაა და იგი არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად, შეიძლება მოვიხსენიოთ "სასამსახურო ხელშეკრულებად", რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისთვის დამახასიათებელი პრინციპებისგან. შესაბამისად, მისი ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმებისას “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებთან ერთად, გამოიყენება დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლები), აგრეთვე მასთან დადებული ხელშეკრულება (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-379-363-2016, 30 ივნისი, 2016 წელი; №ას-1203-2018, 25 აპრილი, 2019 წელი; №ას-1559-2019, 02 მარტი, 2020 წელი; №ას-1097-2020, 31 მარტი, 2021 წელი; №ას-1096-2020, 08 აპრილი, 2021 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან, ხოლო გამოვლენილი ნება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. მიუხედავად ამისა, თუკი გათავისუფლების საფუძველს ბრძანებაში მითითებული კონკრეტული გარემოება წარმოადგენს (მაგალითად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ა.შ), ბრძანების მართლზომიერების შეფასებისას მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია ამტკიცოს აღნიშნული საფუძვლის ნამდვილობა.

29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დამსაქმებელს შეუძლია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება: ა) ლიკვიდაციის ან/და მუშაკთა რიცხოვნობის შემცირების გამო; ბ) თუ გამოვლინდა, რომ დასაქმებული არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს ასრულებს არასაკმარისად; გ) დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების პირობების სისტემატური შეუსრულებლობის, ან დისციპლინური გადაცდენისას, თუ მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; დ) თუ დასაქმებული სამუშაოზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ; ე) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ვ) ბრალეული ქმედების გამო, თუ ეს ქმედება ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

30. სადავო ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნტი (ნდობის დაკარგვა) და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი (უხეში დარღვევა). ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა: მივლინებაში უნებართვოდ წასვლა, 2017 წლის 03 მაისს სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნა და საკრებულოს მიერ მოსარჩელის 2015 წელს გაწეული საქმიანობის უარყოფითად შეფასება.

31. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მივლინებაში გამგზავრება და სამსახურში არყოფნა, ასევე, საკრებულოს მიერ მისი საქმიანობის უარყოფითი შეფასება, ხელშეკრულების მოშლის კანონიერ საფუძვლებს არ წარმოადგენდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 და მე-17 პუნქტები). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნით გამოირიცხა გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც დირექტორთან დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად (ნდობის დაკარგვა), მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. რაც შეეხება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნტს, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას, იგი არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნდობის დაკარგვის გამო დირექტორთან ხელშეკრულების მოშლა კანონიერია დირექტორის მიერ მივლინების დაფინანსებასთან დაკავშირებული ფაქტის გახმაურებისა და დამფუძნებლის საჯაროდ, ნეგატიურად მოხსენიების გამო, ვინაიდან სადავო ბრძანების თანახმად, ეს გარემოება არ გამხდარა დირექტორის გათავისუფლების წინაპირობა. აღნიშნული მსჯელობით სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და სამართლებრივად შეაფასა ისეთი ფაქტი, რომელიც სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

34. რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას, იგი დადებული იყო განსაზღვრული ვადით - 2017 წლის 31 დეკემბრამდე, რომელიც უკვე გასულია, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ა(ა)იპ-ის დირექტორი შესაძლებელია თანამდებობიდან ნებისმიერ დროს გათავისუფლდეს, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია შრომის კოდექსის 32-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად.

35. აღნიშნულის მიუხედავად, ვინაიდან მოსარჩელესთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები არ დადასტურდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: (ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; (ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

37. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, რათა სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს სასამსახურო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, რა სახისა და მოცულობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს (აღნიშნული ზიანის შემადგენელი ნაწილია მოპასუხის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის გამო წარმოშობილი ფინანსური დანაკლისი).

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

39. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი