Facebook Twitter

საქმე №ას-400-2020 15 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „გამსესხებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 19 260 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 07.05.2014წ. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 25 000 აშშ დოლარი სარგებლით. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 07.09.2014 წ..

2.2. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში სრულად ვერ შეასრულა. მან მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რის თაობაზეც თავისივე ხელით შეასრულა „მინაწერი“ ხელშეკრულების ბოლო ფურცლის უკანა გვერდზე და დაადასტურა ხელმოწერით.

2.3. მოპასუხე პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას და გამსესხებელს უხდიდა თანხის გარკვეულ ოდენობას.

2.4. იმის გამო, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ვადიდან გასული იყო 3 წელი, ნოტარიუსმა უარი განაცხადა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

2.5. მოპასუხეს დარჩენილი აქვს დავალიანება - 19 260 აშშ დოლარი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. 07.05.2014წ. ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა. სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, სანოტარო ბიუროდან გამოსვლისას, მოსარჩელის მეუღლე გ.კ–ვამ სთხოვა, რომ რადგანაც ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული სესხის დაბრუნების გრაფიკი, მსესხებელს თავისივე ხელით მიეწერა, რომ ის ვალდებულებას შეასრულებდა და თანხას სრულად გადაიხდიდა. სესხად აღებული თანხა სარგებელთან ერთად მოპასუხემ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

3.2. მოპასუხის „მინაწერი“ ხელშეკრულების ბოლო ფურცელზე არ ნიშნავს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, რადგან მასზე თარიღი მითითებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მეოთხე პუნქტის თანახმად, ვადა უნდა გაგრძელდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ასეთი შეთანხმება უკვე ახალი ხელშეკრულების ტოლფასია და მოითხოვს ორივე მხარის ხელმოწერას, რაც არ განხორციელებულა.

3.3. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ გაუშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 260 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. 07.05.2014 წელს, მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 25 000 აშშ დოლარი. სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 4 პროცენტს (1000 აშშ დოლარს). სესხის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, გარიგების ღირებულება, სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით, შეადგენდა 29 000 აშშ დოლარს.

6.2. სესხის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 07.09.2014 წელი, ხოლო სესხის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააგრძელონ ამ ხელშეკრულების ვადა.

6.3. მოპასუხემ ვერ შეძლო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 07.09.2014 წლის ჩათვლით, სესხის ძირითადი თანხა მოსარჩელეს ვერ დაუბრუნა. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხემ არაერთხელ აღიარა მოსარჩელის მიმართ ვალი და იკისრა მისი სრულად გადახდის ვალდებულება. ამასთან, მოპასუხემ გააგრძელა სესხის დაფარვა ნაწილ-ნაწილ.

6.4. 13.04.2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი), მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის გადაუხდელი ძირი თანხის სახით შეადგენს 19 260 აშშ დოლარს.

6.5. სააპელაციო პალატის მითითებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა მას ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა მოწმეები (17.04.2019 წლის სხდომის ოქმი), მაგრამ მოწმეთა ჩვენება, სასესხო ვალდებულების შესრულების დადასტურების თვალსაზრისით, სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ამასთან, მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ისინი თანხის უშუალოდ გადაცემის ფაქტს არ დასწრებიან და არც მხარეთა შორის საუბრის შინაარსი გაუგიათ.

6.6. ის გარემოება, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ არაერთხელ აღიარა ვალის არსებობის ფაქტი და გააგრძელა სესხის დაფარვა, დასტურდება საქმეში არსებული სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულების ერთობლიობით. მათ შორის საქმეში არსებული, 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე გვერდზე, მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული ხელნაწერი ტექსტით: „ვაგრძელებ მანამდე, სანამ ბოლო ფულს არ გადავიხდი თავიდან ბოლომდე. ხელს ვაწერ: ე.ს–ძე“; ასევე, მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული ხელწერილით - „დღეისათვის 17.09.2017წ. მე ე.ს–ძეს მაქვს მ.გ–ას დარჩენილი ვალი 23500 აშშ ძირი“, ტექსტი: „ხელწერილი უვადო. პროცენტი არის 4%“.

6.7. ხელწერილების მოპასუხის ხელმოწერით დადასტურების ფაქტი დგინდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.02.2019წ. №000662519 დასკვნით, ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 04.05.2018წ. შესაგებლით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2018წ. №007495918 დასკვნით. ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ზემოთ მითითებულ ხელნაწერ ტექსტზე ხელმოწერა, ასევე, სამოქალაქო საქმეში არსებული და 04.05.2018 წლით დათარიღებული შესაგებლის მე-11 გვერდზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. ამ გარემოებას შესაგებელში ადასტურებს თავად მოპასუხეც, თუმცა განმარტავს, რომ ჩანაწერში არსებული სიტყვა „ვაგრძელებ“ არ მიუთითებს სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე. არამედ ის გულისხმობს, რომ „თანხის გადახდას გააგრძელებდა ნაწილ-ნაწილ, რადგან ერთიანად სესხის თანხის გადახდა მისთვის შეუძლებელი იყო“.

6.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 59.1 მუხლზე და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებაზე ზემოთ მითითებული ჩანაწერი არ წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესახებ, ვინაიდან დაცული არ არის გარიგების მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფორმა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეებმა მათ შორის არსებული სესხის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სანოტარო ფორმა განსაზღვრეს, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, ძირითადი ხელშეკრულების იდენტურად, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულებით უნდა გაეგრძელებინათ. ამასთან, მართალია, ხსენებული ჩანაწერი არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მაგრამ მისი შინაარსი ცხადყოფს, რომ მოპასუხე აღიარებს ვალს და კისრულობს მისი სრულად - „თავიდან ბოლომდე“ დაფარვის ვალდებულებას, რაც განხილული უნდა იქნეს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად.

6.9. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დადგინდეს ვალის აღიარების კონკრეტული თარიღიც. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ვალი აღიარა და მისი სრულად დაფარვის ვალდებულება იკისრა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ანუ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში. მოპასუხის მტკიცებით კი, ჩანაწერი ხელშეკრულებაზე შესრულებულია მოსარჩელის მეუღლის, გ.კ–ვას მოთხოვნით, ხელშეკრულების გაფორმების დღეს. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება და აღნიშნა, რომ ის რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. მოწმე გ.კ–ვა არ ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას და ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერის შინაარსი - „ვაგრძელებ მანამდე, სანამ ბოლო ფულს არ გადავიხდი, თავიდან ბოლომდე“, აშკარად მიუთითებს, რომ ის შესრულებულია სწორედ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვინაიდან, ხელშეკრულების გაფორმების დღეს ამგვარი აღიარება/ვალდებულების კისრება აზრსმოკლებული იქნებოდა და მისი საჭიროება არ იარსებებდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვალის სრულად დაფარვის ვალდებულება იკისრა 2014 წელს, ხოლო კონკრეტული თვე და რიცხვი არ დგინდება, სსკ-ის 123.2 მუხლის საფუძველზე, ვალის აღიარების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 31.12.2014 წელი. განმეორებით კი, ვალის - 23500 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი, მოპასუხემ ასევე წერილობით აღიარა 17.09.2017 წელს.

6.10. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, მოსარჩელესთან შეთანხმებით, სესხის თანხას იხდიდა ნაწილ-ნაწილ, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგაც, რაც ასევე განხილული უნდა იქნეს ხანდაზმულობის გასული ვადის შეწყვეტის საფუძვლად. მოპასუხის მიერ, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხის ნაწილის დაფარვის ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით, არამედ საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით. მათ შორის №068040418001 სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, მოპასუხის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, სადაც ის უთითებს, რომ მოსარჩელისაგან ისესხა 25000 აშშ დოლარი და დაფარული აქვს 41000 აშშ დოლარი. მართალია, მოპასუხის მიერ 41000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, მაგრამ მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ის სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ 16 თვის მანძილზე მაინც იხდიდა სესხის თანხას. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით არსებულ დ.მ–ას (მოპასუხის დედა) მოწმის სახით დაკითხვის ოქმზე, სადაც ის მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდნენ სესხის ძირსა და პროცენტს და 18.04.2018 წლის მდგომარეობით დარჩენილი აქვთ დავალიანება 600 აშშ დოლარის ოდენობით. მართალია, სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში, დ.მ–ამ განმარტა, რომ მის შვილს რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია და ეს შეიტყო გამომძიებლისათვის ჩვენების მიცემის შემდეგ, მაგრამ, მოწმის ჩვენების, მოსარჩელის განმარტებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განმარტება, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხის მიერ ვალის არასრულად, ნაწილ–ნაწილ დაფარვის შესახებ დამაჯერებელია და ის გაზიარებული უნდა იქნეს.

6.11. 07.05.2017 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმული არ არის. სესხის ხელშეკრულებით მოპასუხე კისრულობდა სესხის თანხის 07.09.2014 წელს დაბრუნების ვალდებულებას, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ორი წინაპირობა - გარკვეული შესრულების განხორციელების გზით და ვალდებულების სხვაგვარად აღიარებით. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში მოპასუხე პერიოდულად ფარავდა სასესხო დავალიანებას, ამასთან, მოპასუხემ 31.12.2014 წელს და 17.09.2017 წელს წერილობით აღიარა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი და გამოხატა ნება მისი სრულად დაფარვის შესახებ. სსკ-ის 141-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა და ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავიდან დაწყების წინაპირობა. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 13.04.2018 წელს, ე.ი. ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ მიკერძოებულად და არასწორად შეაფასა 07.05.2014წ. ხელშეკრულების ბოლო გვერდზე შესრულებული ბუნდოვანი შინაარსის მქონე ტექსტი. მოპასუხემ მოსარჩელის მეუღლის თხოვნით ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკანა მხარეს დაუსვა „ფაქსიმილე“ ისე, რომ მის ზემოთ რაიმე ტექსტი არ დაუწერია, ასეთი ტექსტი იმ მომენტისათვის არ არსებობდა. ჩანაწერი: „ვაგრძელებ მანამდე ...“, შესრულებულია მოპასუხის მიერ „ფაქსიმილეს“ დასმის შემდეგ, სხვა დროს, გაურკვეველი პირის მიერ.

7.2. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ჩანაწერი მიიჩნია ვალის აღიარებად, თუმცა ჩანაწერში მკაფიოდ არ არის დაფიქსირებული მისი ავტორის ნება და შინაარსი, თუ რას აგრძელებს: ხელშეკრულების მოქმედების ვადას, თუ თანხის გადახდას სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, არასწორია ამ ჩანაწერის ვალის აღიარებისა და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად მიჩნევა. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ სსკ-ის 123.2 მუხლზე მითითებით ვალის აღიარების თარიღად არასწორად მიიჩნია 31.12.2014 წელი. ხელშეკრულების მინაწერში არ არის მითითებული ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირეებით, თვეებით და ა.შ..

7.3. სააპელაციო პალატამ არასწორად და მიკერძოებულად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი 17.09.2017წ. ხელწერილიც, რომელიც გაყალბებულია. სასამართლომ შეაფასა მხოლოდ ხელწერილის ზედა ნაწილი და შეფასების მიღმა დატოვა ხელწერილზე არსებული ხელმოწერის ქვემოთ ჩაწერილი ტექსტი, თანხისა და პროცენტის გამომხატველი ციფრობრივი მონაცემები და მათზე არსებული გაყალბების კვალიც.

7.4. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექსტი: „დღეისათვის 17/09/2017წ. მე ე.ს–ძეს მაქვს მ.გ–ას დარჩენილი ვალი 23500 აშშ $ ძირი, ხელწერილი უვადო პროცენტი არის 4“, არ არის შესრულებული მოპასუხის მიერ. ჩვეულებრივ, როდესაც ხელწერილი დგება ის მოვალის მიერ უნდა იყოს შესრულებული (გარდა ნაბეჭდი სახისა), რადგან ხელწერილის მიზანია კრედიტორს ჰქონდეს მოთხოვნის ნამდვილი უფლება. მხოლოდ ხელმოწერის არსებობა არ ნიშნავს ასეთი მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან პირმა შეიძლება ცარიელ ფურცელზე მოაწეროს ხელი და მის ზემოთ ნებისმიერმა პირმა ჩაწეროს ან ჩაანაცვლოს ტექსტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ხელმოწერის ზემოთ არსებული ტექსტი და თანხის აღმნიშვნელი ციფრები ხელმოწერის შემდეგ არის შესრულებული.

7.5. საქმეში არსებული ხელწერილი და ხელშეკრულებაზე მინაწერი არ წარმოადგენენ, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალის აღიარების ხელშეკრულებებს. ისინი, თავიანთი ბუნდოვანებიდან და საეჭვოობიდან გამომდინარე, დამოუკიდებელ, ახალ მოთხოვნას ვერ წარმოშობენ.

7.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხე ნაწილ-ნაწილ იხდიდა სესხის თანხას. აღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

7.7. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ვერ განაპირობებს პალატის ვერც იმ მსჯელობის გაზიარება, თითქოს მოპასუხე და დ.მ–ა აღიარებენ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობას სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიცემულ ჩვენებებში, რადგან უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სამართლებრივი ძალის მატარებელია მხოლოდ ისეთი აღიარება, რომელიც განხორციელდა ხანდაზმულობის ვადაში და არა მისი გასვლის შემდეგ. აღნიშნულ ე.წ. „აღიარებას“ კი ადგილი ჰქონდა 2018 წლის აპრილის თვეში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის არცერთი წინაპირობა.

7.8. სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

11.1. 07.05.2014წ. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 25 000 აშშ დოლარი სარგებლით (ყოველთვიურად 4 პროცენტი). ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 07.09.2014 წ. (ტ.1, ს.ფ.153-155).

11.2. ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელებულა (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.2020წ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.129-130).

12. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს სარჩელზე წარდგენილი აქვს შემაფერხებელი შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაფუძნებულია მასზე, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, სწორედ ამ დასკვნის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას სასამართლო უკავშირებს შემდეგ გარემოებებს: ა) მოპასუხემ 31.12.2014 წელს და 17.09.2017 წელს წერილობით აღიარა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი (ვალის აღიარება წერილობით); ბ) სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომ მოპასუხე პერიოდულად ფარავდა სასესხო დავალიანებას (ვალის აღიარება ვალდებულების შესრულებით (თანხის ნაწილის გადახდით)).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).

14. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.). რადგან ვალის კონსტიტუტიური აღიარების დროს ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, ახალი ხანდაზმულობის ვადა იწყება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ახალი ვადა მაინც იწყებს ათვლას (შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 21).

15. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11). ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს (იხ.: ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შდრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 24). შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.).

17. სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეფასდეს ის ორი ხელწერილი, რასაც ეყრდნობა დასკვნა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოპასუხის ხელმოწერებით დადასტურებული (იხ.: ექსპერტიზის 13.02.2019წ. და 26.10.2018წ. დასკვნები, ტ.1, ს.ფ.174-191; 141-148) 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე გვერდზე ხელწერილი (ტ.1, ს.ფ.155) და 17.09.2017წ. ხელწერილი (ტ.1, ს.ფ.41). საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე გვერდზე მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული ტექსტი სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს არ ქმნის. აღნიშნული დოკუმენტიდან დგინდება, რომ იგი არა ახალი ხელშეკრულება, არამედ სხვა, უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენაა. ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას არ წარმოშობს და უკვე არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალს ეხება მოპასუხის მიერ ხელმოწერილი 17.09.2017წ. ხელწერილიც. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 17.09.2017წ. ხელწერილი არ შეიცავს დაპირებას/მზაობას მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დავალიანების გადახდის თაობაზე. იგი მხოლოდ აზუსტებს/ადასტურებს უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულების მოცულობას. გამომდინარე აქედან, ეს ორი დოკუმენტი შედგენისას უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას ვერ აღადგენს. მათი გაფორმება ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტასა და მის თავიდან ათვლას განაპირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გაფორმებისას მოთხოვნა ჯერ კიდევ არ იყო ხანდაზმული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს მოპასუხის მიერ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარებისას იყო თუ არა 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმული.

18. ზემოაღნიშნული გარემოების გამოსარკვევად, მნიშვნელოვანია, 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე გვერდზე მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული ხელნაწერის შესრულების თარიღის დადგენა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც აღნიშნული ხელნაწერის შესრულების თარიღად 31.12.2014 წლის მიჩნევას ეხება, წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 123.2 მუხლის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 6.9. პუნქტი). აღნიშნული ნორმა ხანგრძლივი ვადის დამთავრების წესს ადგენს (იხ. ნ. კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი 2017, მუხლი 123, ველი 3 და შემდგომნი) და მასზე დაყრდნობით დოკუმენტის გაფორმების თარიღი ვერ დადგინდება. აღსანიშნავია, რომ სარჩელში მოსარჩელე 07.05.2014 წლის სესხის ხელშეკრულების მეორე გვერდზე მინაწერის შესრულების დროდ უთითებდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის პერიოდს - „ვერ შეასრულა ვალდებულება და თავად ითხოვა ვადის გაგრძელება“ (ტ.1, ს.ფ.3). მნიშვნელოვანია გაირკვეს, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი ხანდაზმულობაზე, თავად მოსარჩელე რა გარემოებაზე (მინაწერის განხორციელების რა თარიღზე) და მის დამადასტურებელ რა მტკიცებულებაზე აპელირებდა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში [სსსკ-ის 105-ე მუხლი].

20. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები, სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64; სუსგ №ას-661-661-2018, 31.07.2020წ., პუნ.23,24).

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხანდაზმულობის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ასევე აფუძნებს ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა ვალდებულების შესრულება (თანხის ნაწილის გადახდა). ხანდაზმულობის შემწყვეტი ერთ-ერთი წინაპირობის დადგენა საკმარისია იმისათვის, რომ სარჩელი არ იქნეს ხანდაზმულად მიჩნეული. ვალდებულების შესრულების საკითხი საჭიროებს კვლევას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სესხის ნაწილის თითოეული გადახდის დროის/თარიღის დადგენა. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველი გადახდა სსკ-ის 137-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) და 141-ე (თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან) მუხლების თანახმად, იწვევს მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და მის თავიდან ათვლას. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის (07.09.2014წ.) შემდეგ, მოპასუხის მიერ სესხის ნაწილის გადახდის ფაქტი (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) ავტომატურად არ გამორიცხავს 13.04.2018წ. აღძრული სარჩელის ხანდაზმულობას.

22. დაუსაბუთებელია შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა გარემოებას მასზე, რომ მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება (ტ.1, ს.ფ.1-13), რაც გულისხმობს შესაბამის პერიოდზე ყოველთვიური პროცენტის გადახდის ვალდებულების გაგრძელებასაც. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელებულა. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (სუსგ №ას-408-381-2017, 30.06.2017წ.). ამდენად, მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულება შეადგენდა 25000 აშშ დოლარს - ძირი და 4000 აშშ დოლარს - პროცენტი და სწორედ ამ თანხებს უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ შესრულებული გადახდები.

23. მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში კომუნიკაცია ძირითადად მოსარჩელის მეუღლე გ.კ–ვასთან ჰქონდა. გ.კ–ვა წინამდებარე საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 19.03.2019წ. მოწმედაც არის დაკითხული, სადაც აცხადებს, რომ თანხიდან, რომლის გადახდასაც ითხოვს მოსარჩელე, 13500 აშშ დოლარი არის ძირი (იხ.: სხდომის ოქმი და CD დისკი, ტ.1, ს.ფ.214-221). იგივე ოდენობა დაასახელა მოსარჩელის წარმომადგენელმა 30.04.2019წ. სხდომაზე თავის საპაექრო სიტყვაში (იხ.: სხდომის ოქმი და CD დისკი, ტ.1, ს.ფ.261-263). ასევე აღსანიშნავია, რომ მოწმე მოპასუხის მიერ სარგებლის სახით არა 4000 აშშ დოლარის, არამედ 10600 აშშ დოლარის გადახდას უთითებდა (იხ.: სხდომის ოქმი და CD დისკი, ტ.1, ს.ფ.214-221). შესაბამისად, შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაში, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოწმის ეს ჩვენებაც უნდა იქნეს გამოკვლეული. ოდენობასთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია 13.02.2019წ. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

25. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). ასეთი შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში დაყენების შემთხვევაში სააპელაციო პალატა იმსჯელებს მასზე სსსკ-ის 380-ე მუხლით დადგენილი წესით.

26. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020წ. გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

2. ე.ს–ძის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ.2, ს.ფ.174, 216).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია