Facebook Twitter

22 მარტი, 2022 წელი,

№ას-204-2022 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ე.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ......) თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ე.დ–ს (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და რ.მ–ს (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი). უძრავი ქონება მთლიანობაში შეადგენს 425.00 კვ.მ-ს. შენობა ნაგებობების საერთო ფართი 50.34 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 50.34 კვ.მ., საიდანაც 2/3 ნაწილი ეკუთვნის მოპასუხეს, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე.

2. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თანასაკუთრების საგანზე საზიარო უფლების გაუქმებისა და უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა, გააუქმა მოსარჩელისა და მოპასუხეს შორის საზიარო უფლება და უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე გაყიდვიდან ამონაგები თანხის განაწილება თანამესაკუთრეთა შორის კუთვნილი წილის პროპორციულად დაადგინა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით - აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადის დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადის დაცვით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

11. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი 2021 წლის 1 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს. შესაბამისად, კასატორი ხარვეზის არსებობის, მისი აღმოფხვრისათვის დაწესებული ვადისა და ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისამებრ (სსსკ-ის 399-ე, 368-ე, 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების დაცვით).

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2021 წლის 7 მარტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენის ბოლო დღე - 6 მარტი დაემთხვა უქმე დღეს). ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გ.მიქაუტაძე