საქმე №ას-561-2021 26 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდური
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ააიპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის“ (შემდეგში: დამსაქმებელი, პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, ან პირველი კასატორი) უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 12 აგვისტოს №190 ბრძანებით, მ.კ–ი (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე) დაინიშნა დამსაქმებელი კომპანიის ცენტრის უფროსის მოადგილის პოზიციაზე 2016 წლის 12 აგვისტოდან და მისი სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 1 120 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ.22).
2. დამსაქმებელი ორგანიზაციის 2018 წლის 14 აგვისტოს №302 ბრძანებით, მოსარჩელეს დაევალა ქუჩების, სკვერების, პარკების, ნარგავების მოვლა-პატრონობა და კეთილმოწყობა, სპეციალისტის თ.ღ–ძის და გამწვანების მომსახურე მუშების საქმიანობაზე ზედამხედველობა. გარე განათების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სერვის ცენტრის უფროსის მეორე მოადგილე (ტ.1,ს.ფ.29).
3. დამსაქმებელი ორგანიზაცია არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე და იგი დაფუძნებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ. ცენტრს გააჩნია წესდება, რომელიც დამტკიცებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 25 სექტემბრის №4343 ბრძანებით (ტ.1,ს.ფ. 30-38).
4. პირველმა მოპასუხემ, 2019 წლის 11 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში, საახალწლო განათებების ქუჩებში განთავსების მიზნით, სხვადასხვა სახეობის გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვისა და მონტაჟის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. იმის გამო, რომ პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაცია არ ჰქონდა სრულყოფილად წარდგენილი, კერძოდ, არ იყო წარდგენილი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ანდა მწარმოებელთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პრეტენდენტი შპს ,,ქ.ს–თი“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან.
5. პირველმა მოპასუხემ 2019 წლის 25 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში, ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახეობის გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვის და მონტაჟის მიზნით, კვლავ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. აღნიშნულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირობა, კერძოდ, პრეტენდენტს აღარ ევალებოდა ნიმუშის წარმოდგენა, სხვა პირობები იყო უცვლელი. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ქ.ს–თმა“ და მიიწვიეს ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების გაფორმების ვადა იყო 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ვადა გავიდა ისე, რომ ტენდერის გამარჯვებულმა მონაწილემ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. სატენდერო კომისიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ.ს–თი“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან. აღნიშნული ტენდერიც ჩაიშალა.
6. 2019 წლის 18 დეკემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) პირველმა მოადგილემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მერს, სადაც აღნიშნა, რომ მათ მიერ გამოცხადებული ორი ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით (ტ.1,ს.ფ. 25).
7. აღნიშნული საქონლის შეძენა მნიშვნელოვანი იყო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ტენდერების უარყოფითი შედეგებით დასრულება გამოიწვია არასწორი პირობების განსაზღვრამ. ტენდერის პირობების განსაზღვრა და მისი შემდგომი რეაგირება კი ხელმძღვანელი პირების მუშაობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე იყო დამოკიდებული, შესაბამისად, ვინაიდან მათ ვერ განახორციელეს საქმის სრულფასოვნად ორგანიზება, მიზანშეწონილი იყო თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ ხელმძღვანელი პირები, სერვის ცენტრის უფროსი და მისი მოადგილეები (ტ.1,ს.ფ. 25).
8. მერის 2019 წლის 18 დეკემბრის №42 1997 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის დ.მ–ძის 2019 წლის 18 დეკემბრის №4494-43 მოხსენებითი ბარათი (ტ.1,ს.ფ.26).
9. მოსარჩელემ 2020 წლის 8 იანვარს, განცხადებით მიმართა დამსაქმებელ კომპანიაში უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. სერვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ო.შ–ძის 2020 წლის 9 იანვრის №08 წერილის თანახმად, დასაქმებულს განემარტა, რომ აღნიშნული საკითხისთვის უნდა მიემართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის. მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნით მერიისათვის არ მიუმართვს (ტ.1,ს.ფ.57-59).
10. დასაქმებულს, სერვის ცენტრში მუშაობის პერიოდში, რაიმე დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (ტ.1,ს.ფ. 28).
11. მოსარჩელე ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ არ ჩატარებულა დისციპლინური საქმისწარმოება, მას არ გაუკეთებია განმარტება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც საფუძვლად დაედო სამუშაოდან მის გათავისუფლებას, არ მიეცა საშუალება წაყენებულ პრეტენზიაზე გამოეთქვა თავისი პოზიცია. 2019 წლის 18 დეკემბერს, საღამოს საათებში აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან.
12. მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას, მით უფრო უხეშ დარღვევას.
13. სარჩელის მოთხოვნა
13.1. დასაქმებულმა, 2020 წლის 13 იანვარს სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, დამსაქმებლისა და მერიის წინააღმდეგ, მოითხოვა:
13.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 დეკემბრის №43 1997 ბრძანების, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობა;
13.3. მოსარჩელის აღდგენა, სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
13.4. პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2019 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 120 ლარის ოდენობით;
14. მოპასუხეთა შესაგებელი
14.1. მოპასუხეებმა, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
15. ზესტაფონის რაიონული სასმართლოს გადაწყვეტილება
15.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, დამსაქმებელ კომპანიას დაეკისრა დასაქმებულისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოვეთვიურად 1120 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით) 2019 წლის 18 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
16. მოპასუხეთა სააპელაციო მოთხოვნა
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
17.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
17.3. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სერვის ცენტრის წესდებით დადგენილი წესის მიხედვით, გამოცემულია არა დამსაქმებელი კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ, არამედ არაუფლებამოსილი პირის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
17.4. სააპელაციო პალატამ, ყურადღება გაამახვილა რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მერის უფლებამოსილებაც რომ ყოფილიყო, მაინც არ არსებობდა, სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის წინაპირობები.
17.5. დასაქმებულის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
17.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკაზე შრომით დავებში და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
17.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს .
17.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (პაექრობის ეტაპამდე) არ მიუთითებია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისა, თუ შესყიდვის პროცედურის მიმდინარეობისას, კონკრეტულად რა მოვალეობები დაარღვია მოსარჩელემ და რაში გამოიხატა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. უდავოა, რომ მოპასუხეს სადავო ბრძანების გამოცემისას არ ჩაუტარებია რაიმე სახის მოკვლევა და არც მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა თავისი არგუმენტები.
17.9. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური აღარ არის, ვინაიდან, ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, საქმეში წარდგენილი არ იყო.
17.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით თუ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სხვა პირია დასაქმებული, გამოიწვევს ამ პირის განთავისუფლებას, ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის თანამდებობა, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა. ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე, თუმცა, შემდეგ უკანონოდ განთავისუფლდა. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაშია როგორც სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებულ პრინციპთან - „დროში პირველი, უფლებაშიც პირველია“ (ე.წ. first come principle), ასევე ეხმიანება ჩვეულებით სამართალს და სამართლიანობის გაგებას.
18. მოპასუხეთა საკასაციო მოთხოვნა
18.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18.2. პირველი კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად არ იხელმძღვანელა სსკ-ით, სკ-თა და სშკ-ით დადგენილი ნორმების ზუსტი მოთხოვნებით, გადაწყვეტილების დასაბუთებაში სრულყოფილად ვერ განმარტა კანონი და აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
18.3. მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად და არსრულყოფილად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები. კერძოდ, სამსახურეობრივი ვალდებულებათა განხილვისას სრულად და ერთმნიშვნელოვნად გადაიტანა ყურადღების სიმძიმე, დასაქმებულისათვის 2018 წლის 14 აგვისტოს №302 ბრძანებით დაკისრებულ ვალდებულებაზე, ისე, რომ თითქოს სხვა ბრძანებით განსაზღვრული სამსახურეობრივი ვალდებულებები მოსარჩელისათვის არ არსებობდა.
18.4. მერიის მტკიცებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფორსმაჟორული გარემოება, რომლის გამოც ვერ მოახერხა მეორე მოპასუხემ დისციპლინური წარმოების განხორციელება.
18.5. მეორე კასატორის ასევე მიიჩნევს, რომ დასაქმებულის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან, მოსარჩელის სამუშაო ადგილი ვაკანტური აღარ არის.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრისა და 10 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.
27. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოსაზრებას, რომლთა მიხედვითაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.დადგენილია, რომ სერვის ცენტრის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის უფროსი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა მერის ბრძანების საფუძველზე.
29. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 37-ე (იხ. მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“ განმარტავს, რომ ვალდებულების „უხეში“ დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.
30. „მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (იხ. სუსგ #ას-416-399-16, 29.06.16, Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ Nას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის შესაბამისადაც დასაქმებულის განთავისუფლება კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შედეგად დისციპლინური წარმოების განხორციელების გარეშე გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ზოგადი განმარტების მიხედვით დაუძლეველი ძალა არის განსაკუთრებული და, მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოებაა. როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში ფორსმაჟორულ გარეომებებს მიეკუთვნება ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შტორმი, ზვავი და ა.შ.) და საზოგადოებრივი მოვლენები (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.). ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა.
31. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კასატორის მოსაზრება არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა საახალწლო „სამზადისის პერიოდში“ ვერ აკამაყოფილებს ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს, რაც თავის მხრივ ფორსმაჟორული გარემოებების არ არსებობაზე მიუთითებს. ამდენად, კასატორის პრეტენზია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებლია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ დაუძლეველი ძალის არსებობის პირობებშიც კი სადავოა საკითხი სადავო ბრძანების მიმღების პირის სათანადო უფლებამოსილებაზე.
32. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას რომ დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზეც რომ განხორციელებულიყო, მაინც არ არსებობდა, სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის წინაპირობები.
33. ზემოთქმულიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება აღნიშნულ საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე. მოსარჩელემ სადავო გახადა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება. ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში მდგომარეობს. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ -დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.).
34. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო კასატორის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე (ახალი რედაქციით 47-ე) მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
35. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების ნამდვილობის პირობებშიც კი, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ისეთი სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინამდებარე საფუძვლის არსებობაში.
36. კასატორის მითითებით მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური აღარ არის, ვინაიდან, ამ პოზიციაზე უკვე დასაქმებულია სხვა პირი. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის შესაბამისადაც: თუ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სხვა პირია დასაქმებული, გამოიწვევს ამ პირის გათავისუფლებას, ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის თანამდებობა, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა. ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე, თუმცა შემდეგ უკანონოდ იქნა განთავისუფლებული.
37. პალატის მოსაზრებით, იმგვარ კერძოსამართლებრივ ხასიათის დავებში, როდესაც საქმე ეხება დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის საკითხს მაშინ, როცა ეს ადგილი ვაკანტური აღარაა ყურადღება უნდა მიექცეს დამსაქმებლის ქცევის კეთილსინდისიერების ფაქტს. კერძოდ, დამსაქმებლის ქცევა კეთილსინდისიერების სტანდარტს აკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, როდესაც ასაქმებს სხვა პირს იმიტომ, რომ სჭირდება, და არა იმიტომ, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი გახადოს. ამდენად, დამსაქმებლის კეთილსინდისიერი ქცევა ვაკანტურ თანამდებობაზე მესამე პირის დასაქმების თაობაზე უკანონოდ გათავისუფლებულის იმავე სამუშაო ადგილას აღდგენას გამორიცხავს. დამსაქმებლის ქცევის კეთილსინდისიერბის სტანდარტი დამსაქმებლისვე სამტკიცებელია. ამ მიმართებით დამსაქმებლის ქმედებათა ერთობლიობა გარკვეულ პრეზუმფციას ქმნის. როგორც წესი, ეჭვს იწვევს ხოლმე ვაკანტურ თანამდებობაზე სუბიექტის დასაქმება მას შემდეგ, როდესაც დამსაქმებელს სარჩელი ჩაბარდება (ი.ხ., ავტ. კოლექტივი, „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, საქ., 2017., გვ., 267-268).
38. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ კასატორის სამტკიცებელი იყო, როგორც ვაკანტური ადგილის არ არსებობის, ასევე ქმედების კეთილისინდიერად განხორციელების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელი მიერ დაკავებული სამუშაო ადგილი ვაკანტური აღარ არის საქმეში არ მოიძებნება. ამდენად, კასატორის მითითება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
40. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ზესტაფნის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ ზესტაფნის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს (430024555) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №02240, გადახდის თარიღი 2021 წლის 8 ოქტომბერი), 672 ლარის 70% - 470.4 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე