Facebook Twitter

საქმე №ას-55-2021 15 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, იმავე სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.გ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი) და სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, სააგენტო, მეორე აპელანტი ან კასატორი) შორის, 2013 წლის 25 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად. ხელშეკრულების მე-2 თავის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებდა განუსაზღვრელი ვადით. 2014 წლის 9 იანვრის შეთანხმების მიხედვით, ცვლილება შევიდა შრომით ხელშეკრულებაში და დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით.

2. შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2015 წლის 28 დეკემბრის მხარეთა შეთანხმებით, 2013 წლის 25 დეკემბრის N2747 შრომით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: პირველი თავი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შეთანხმება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რომლითაც სააგენტო იღებს სამუშაოდ მოსარჩელეს - სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, დასაქმებულის სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს 2011 წლის 15 აპრილის N36-3 ბრძანებით დამტკიცებული პოზიცია N:PR-2 მიხედვით. შეთანხმება ძალაში იყო 2016 წლის 1 იანვრიდან და წარმოადგენდა 2013 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N2747 შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (იხ. შრომითი ხელშეკრულება ს.ფ.36-59 და თანამდებობრივი ინსტრუქცია ს.ფ.42-43).

3. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2018 წლის 1 მარტამდე შეადგენდა ხელზე ასაღებ თანხას ჯამში 1 560 ლარს (მათ შორის, ხელფასი - 1200 ლარი, დანამატი 360 ლარი), ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან თანამდებობრივ სარგოს ხელზე მისაღებ 1 760 ლარს (დაუბეგრავი 2200 ლარი) (იხ. ს.ფ. 106-112).

4. სააგენტოს 27.10.2017 წლის N392-9 ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N2-3 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის N16023/09 დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით: სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის (მოსარჩელის) მიერ, 31.12.2013 წლის N2747 შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3.3. ქვეპუნქტის, ასევე სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ სააგენტოს 10.08.2015 წლის N253-9 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა ქმედებაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სააგენტოს საქმიან რეპუტაციას და მიმართულია სააგენტოს დისკრედიტაციისკენ, შრომის შინაგანაწესის 42-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეფასდა დისციპლინურ გადაცდომად. შრომის შინაგანაწესის მე-43 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს დისციპლინურ სახდელად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეუწყდა შრომის ხელშეკრულება (იხ. 2017 წლის 27 ოქტომბრის N392-9 ბრძანება ს.ფ.22-23);

5. შრომითი ურთიერთობის პერიოდში, გარდა სარჩელით სადავო დისციპლინური ღონისძიებისა, მოსარჩელის მიმართ სხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

6. სარჩელის მოთხოვნა

6.1. დასაქმებულმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააგენტოს წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა:

6.1.1. სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №392-9 ბრძანების ბათილად ცნობა;

6.1.2. მოსარჩელის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა;

6.1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ სააგენტოსთვის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად დაბეგრილი ხელფასის 1 220 ლარისა და დანამატის, 360 ლარის, ხოლო, 2018 წლის 1 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე - ყოველთვიურად 1 760 ლარის ოდენობით.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

8.1.1. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №392-9 ბრძანება;

8.1.2. მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - ერთი წლის განმავლობაში მისაღები თანხა, შემდეგი გამოანგარიშებით: 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე დროის მონაკვეთში 1 560 ლარი, ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან - იმავე წლის 27 ოქტომბრამდე ყოველთვიურად 1 760 ლარი;

8.1.3. სასარჩელო მოთხოვნა, სამსახურში აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

9. მხარეთა სააპელაციო მოთხოვნა

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ აგრეთვე მოპასუხემ.

9.1.1. დასაქმებულმა (მოსარჩელემ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.1.2. სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის (დასაქმებულის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოწინააღმდეგის, მეორე აპელანტის (სააგენტოს) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

11. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტები).

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმის მასალებით არ დადასტურდა რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. ასევე, არ დასტურდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლი).

12.4. სააპელაციო სასამართლომ მეორე აპელანტის პრეტენზიაზე, რომ საკმარისი საფუძვლები არსებობდა სადავო ბრძანების გამოსაცემად განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მოსარჩელის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადგინა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ ხდიდა ასეთი გადაცდომის ჩადენის ფაქტს და მიუთითებდა, სასამართლომ აღნიშნული ფაქტის არსებობა არასწორად დაადგინა.

12.5. მოპასუხე განმარტავდა, რომ დასაქმებული წლების მანძილზე გახლდათ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულია პირი, რომლის უშუალო მოვალეობებს განეკუთვნებოდა სააგენტოს საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობა. იგი ეწეოდა სააგენტოს პიარ-კამპანიას, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება იყო სააგენტოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მისთვის კარგად იყო ცნობილი თუ რას ნიშნავდა რეკლამასა და საზოგადობის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

12.6. შესაბამისად, გაუგებარი იყო შპს „ა–ში“ არასავაჭრო სივრცეში, კერძოდ, გასასვლელში განთავსებული ქოლგები, რომლებსაც არანაირი მინიშნება არ ჰქონდა აქციის თუ რეკლამის შესახებ რატომ უნდა მიეჩნია სასაჩუქრედ. თუმცა აღნიშნული ფაქტის განხილვა სცდება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას და თავს შეიკავებს ვარაუდებისა და დასკვნების გაკეთებისაგან. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული შემთხვევა ცუდად აისახა სააგენტოს სამუშაო დღეზე და მის იმიჯზე.

12.7. მოსარჩელე, როგროც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა სააგენტოს, როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს რეპუტაციას, ვინაიდან, აღსანიშნავია, რომ შპს „ა–ი“ მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესრეპორტიორები წარმოადგენენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლქვემდებარე ობიექტებს. მისი ამგვარი საქციელი კი სააგენტოს ნდობის გაქარწყლების საფუძველია. დასაქმებული, როგორც სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გახლდათ სააგენტოს სახე. მისი უმთავრესი მოვალეობა იყო სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ნდობის ამაღლება. შესაბამისად, მას უფრო მეტად მართებდა თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევა, რომელმაც ზიანი მიაყენა სააგენტოს როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს, დააკნინა მისი რეპუტაცია და შეამცირა საზოგადოების ნდობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტომ მიიჩნია, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია აღნიშნული ვალდებულება.

12.8. საქმის მასალებით დადგინდა, რომ სააგენტოს 27.10.2017 წლის N392-9 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად უდევს სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2017 წლის N16023/09 დასკვნა. დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ე.ს–ძე რ.მ–ი და მოსარჩელე 23.10.2017 წლის შესვენების დროს იმყოფებოდნენ ჰიპერმარკეტ შპს „ა–ში“, მარკეტიდან გამოსვლისას მათ შენიშნეს სპეციალურ სათავსში მოთავსებული ქოლგები შპს „ა–ის“ ლოგოთი. მათ წამოიღეს 4 ქოლგა, რაც დაფიქსირებულია ვიდეოთვალის კამერებში, დაცვის თანამშრომლებმა კი აღნიშნულის თაობაზე შეატყობინეს პოლიციას. აღნიშნულის შემდეგ ამ პირებს ჩამოართვეს ქოლგები, ხოლო, თავად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და დაიკითხეს მოწმის სახით. ინციდენტის შესახებ არ უცნობებიათ სააგენტოსთვის, ხოლო ფაქტს შეესწრნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რაც ცუდად აისახა სამსახურის ფუნქციონირებაზე და იმიჯზე. ამასთან, მოსარჩელეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, მან საპატიო მიზეზით ვერ დაასაბუთა მომხდარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „ა–ში“ ზემოხსენებულ ქოლგებზე აქცია არ ჩატარებულა და მსგავსი საჩუქრები მომხმარებლისათვის არ შეუთავაზებიათ. ხოლო შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დასაქმებულის ქმედება შეაფასა როგორც „სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი“, რადგან ფაქტი უარყოფითად აისახა სამსახურის ფუნქციონირებაზე და შებღალა მისი საქმიანი რეპუტაცია (ს.ფ. 24-28).

12.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჰიპერმარკეტის დირექტორის წერილზე, რომელშიც განმარტებული იყო, რომ ლოგოიანი ქოლგები განკუთვნილი იყო წვიმიან ამინდში მომხმარებელთა დროებითი მომსახურებისათვის. ასევე, მან არ გამორიცხა, რომ, ვინაიდან კალათაზე ქოლგების უკან დაბრუნების შესახებ რაიმე აღნიშვნა არ ყოფილა, შესაძლებელია, რომ მომხმარებელს შეცდომით აქციის თაობაზე წარმოდგენა შექმნოდა (იხ. ს.ფ.60).

12.10. ის ფაქტი, რომ ჰიპერმარკეტის არასავაჭრო სივრცეში კომპანიის ლოგოთი ბრენდირებული ქოლგების განთავსება კომპანიის რეკლამირების მიზნით სასაჩუქრე აქციად აღიქვეს, დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ე.ს–ძემ და რ.მ–მა. ამასთან, ქოლგების ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შსს ვაკე-საბურთალოს მე-6 განყოფილებაში. საქმეში წარდგენილი 2017 წლის 29 დეკემბრის N0010490138 დადგენილებით დასტურდება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

12.11. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის ქმედება გამოწვეული იყო მისი არასწორი აღქმით, რომ კომპანიის ლოგოთი ბრენდირებული ქოლგების არასავაჭრო, ღია სივრცეში განთავსების მიზანი იყო კომპანიის რეკლამირება რაც აღიქვა სასაჩუქრე აქციად. მოსარჩელის ამგვარი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა როგორც ზოგადად, პიარსა და მარკეტინგის სფეროში გავრცელებული პრაქტიკა, ასევე ის გარემოება, რომ არ იყო წვიმიანი ამინდი, არ იყო რაიმე აღნიშვნა ბრენდირებული ქოლგის დანიშნულებასა და მისი მომხმარებლის მიერ დაბრუნების თაობაზე, ასევე გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება, რომ მასაც, როგორც პიარ-ის განყოფილებაში მომსახურე თანამდებობის პირს, მისი უშუალო სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში არაერთი მსგავსი აქცია დაუგეგმავს, ყოველივე აღნიშნული დამაჯერებელს ხდიდა მოსარჩელის წარმოდგენის შექმნის წინაპირობების არსებობას. ცალსახა იყო, რომ მომხდარი ფაქტის „გამოძიების“ პროცესში ჩართული პირები ვერ ადასტურებდნენ მოსარჩელის მხრიდან მოვალებების დარღვევას, მათი განმარტებები არ იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავდა, რაც სააპელაციო სასამართლოს მათი გაზიარების საფუძველს უქმნის.

12.12. სააპელაციო სასამართლომ, პირველი აპელანტის პრეტენზიებისა და მეორე აპელანტის მოთხოვნის პასუხად განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც ბრძანების მართლზომიერად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ამასთან, ვერ ხერხდებოდა დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, უფლებრივი რესტიტუციის მიზნით მოპასუხე ორგანიზაციას დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა კომპენსაცია კონკრეტული თანხით - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე დროის მონაკვეთში ყოველთვიურად 1560 ლარი (ხელზე მისაღები თანხა), ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან - იმავე წლის 27 ოქტომბრამდე ყოველთვიურად 1760 ლარი (ხელზე მისაღები თანხა).

13. სააგენტოს საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, აღნიშნული განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინების, იმავე სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, გაუქმება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები, აგრეთვე, არ გაითვალისწინა წარდგენილი ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ქოლგების გატანის ფაქტი.

13.3. კასატორის განმარტებით, არაგონივრულია აგრეთვე მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა და შეუსაბამოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთნ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კომპენსაციის დაკისრებისას და მისი ოდენობისა თუ გამოთვლის წესის დადგენისას სასამართლოს არ უმსჯელია გამოთვლილი კომპენსაცია იყო მხოლოდ ხელფასი თუ დანამატიც.

13.4. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებაც, რომელიც მხარის ახსნა-განმარტებას ეყრდნობოდა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

16. საკასაციო სასამართლო დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგების შესახებ მსჯელობამდე, კასატორის პრეტენზიის პასუხად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გთვალისწინებული საუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომლთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამდენად ნათელია, რომ აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

17. საკასაციო სასამართლო უწყების სათანადოდ ჩაბარების შესახებ განმარტავს, რომ უწყება უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს იმ გონივრულ ვადაში, რა ვადაშიც ის შეძლებს სხდომაზე გამოცხადებასა და სხდომისთვის მომზადებას, უწყება ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, ანუ ირკვეოდეს მისი შინაარსი დრო და გამოუცხადებლობის შედეგები. ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთი პირობის დარღვევისას კი მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა შესაბამის შედეგებზე. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, განჩინებაში მითითებულ მოტივაციას, რომ მხარე არ იყო სათანადოდ ინფორმირებული სასამართლო განხილვის თაობაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია ამ კუთხით უსაფუძვლოა.

18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

20. განსახილველ შემთხვევაში მხარეთ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე სააგენტოს დებულება და სააგენტოს შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად გაცემული დასკვნა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“(დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

22. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).

23. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

24. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

25. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები) მიუთითებს და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოვალეობების უხეში გადაცდომის ფაქტი არ დგინდებოდა. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული, ჰიპერმარკეტის დირექტორის წერილზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ ჰიპერმარკეტის ლოგოიანი ქოლგები წვიმიანი ამინდებისთვის მომხმარებელთა დროებითი მომსახურებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, არც ქოლგებზე და არც მიმდებარედ არ იყო აღნიშნულის შესახებ მითითებული, ასევე არ იყო მითითება ქოლგების დაბრუნების შესახებ, ამდენად, გამორიცხული არაა, რომ ჰიპერმარკეტის მომხმარებელს გარკვეული სასაჩუქრე აქციად მიეჩნია, კომპანიის რეკლამირების მიზნით. ამ კონტექსტში, მოსარჩელის თანამდებობრივი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, რადგან უდავოა, რომ მისი საქმიანობა სწორედ სააგენტოს სახელით საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობდა, რაც მოიცავდა სხვადასხვა აქციებს, გარკვეული ღონისძიებებისა თუ სიახლის რეკლამირებისთვის.

26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მოწმეთა ჩვენებებზეც მიაქცევს, რაც არ არის წინააღმდეგობრივი სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებთან, თუმცა, ჩვენების მიმცემი პირების სამართლებრივი მდგომარეობა გასათვალისწინებელია, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება ცალკე აღებული ვერ განიხილება საკმარის საფუძვლად გარკვეული ფაქტის მტკიცებისთვის, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთიანობაში არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებს და მის შედეგად არსებულ მსჯელობასა და დასკვნებს.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.

28. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სამსახურებრივი უფლებამოვალეობების უხეში დარღვევა სახეზე არ გვაქვს, რაც გამორიცხავს სადავო ბრძანების მართლზომიერად მიჩნევის შესაძლებლობას.

29. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების სამართლებრივი შეფასებისთვის განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ბრძანების არამართლზომიერად ცნობის პირობებში, დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიცემის გზით უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე შემდეგი ფორმულირებით - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე დროის მონაკვეთში ყოველთვიურად 1 560 ლარი (ხელზე მისაღები თანხა), ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან - იმავე წლის 27 ოქტომბრამდე ყოველთვიურად 1 760 ლარი (ხელზე მისაღები თანხა), თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და მკაფიოდ არ გამოარკვია აღნიშნული თანხები რა კომპონენტებისგან შედგებოდა, იყო ეს მხოლოდ თანამდებობრივი სარგო თუ მოიცავდა სახელფასო დანამატსაც და დანამატის შემთხვევაში ის წარმოადგენდა თუ არა ხელფასთან ერთად გარანტირებულად გასაცემ შრომის ანაზღაურებას,

30. აღნიშნული საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2018 წლის 1 მარტამდე შეადგენდა ხელზე ასაღებ თანხას ჯამში 1 560 ლარს (მათ შორის, ხელფასი - 1200 ლარი, დანამატი 360 ლარი), ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან თანამდებობრივ სარგოს ხელზე მისაღებ 1 760 ლარს (დაუბეგრავი 2200 ლარი) (იხ. ს.ფ. 106-112), ამდენად, გამოსაკვლევია, ბრძანების არამართლზომიერად ცნობისა და დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, მისთვის მისაცემი კომპენსაცია შედგებოდა მხოლოდ ხელფასისგან თუ დანამატისგანაც, აღნიშნულის გამორკვევის შემდეგ კი საჭიროა დასაქმებულისთვის მისაცემი კომპენსაციის ხელახლა გამოანგარიშება, მათ შორის დავის ხანგრძლივობის, დასაქმებულის მდგომარეობის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივის და სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით.

31. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

32. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ვ. კაკაბაძე