Facebook Twitter

საქმე №ას-56-2022 25 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი“ (რეაბილიტაციის ზედამხედველი ნ.ა–ი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2021წ. განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრედიტორული მოთხოვნის აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.04.2021წ. განჩინებით შპს „კ–ის“ (ს/ნ ......) (შემდეგში „მოვალე“) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. მოვალის რეაბილიტაციის ზედამხედვლად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ნ.ა–ი (ს.ფ. 101-107).

2. 07.07.2021წ. მოვალის რეაბილიტაციის ზედამხედველმა შეადგინა კრედიტორთა რეესტრი, რომლითაც არ იქნა აღიარებული შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა 9 936 780,89 ლარზე. განიმარტა, რომ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიებაც. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ეტაპზე მოთხოვნის აღიარებაზე უარის თქმა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების დამთავრებამდე (ს.ფ. 195-202).

3. 22.09.2021წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვალის მიმართ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა კრედიტორული მოთხოვნის აღიარება 9 936 780,89 ლარის საგადასახადო დავალიანების ნაწილში (ს.ფ.2-19).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელსაც პრეტენზია წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივრის სახით (ს.ფ.239-241), რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასდა სააპელაციო საჩივრად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოსარჩელემ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგში სსსკ) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და სსსკ-ის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

8. გადახდისუუნარობის ეფექტიანი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მოქნილი მექანიზმების არსებობასა და პროცესის განჭვრეტადობას ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობაც, შექმნას იმგვარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, 18.09.2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი (იხ.: განმარტებითი ბარათი სპეციალური კანონის პროექტზე, https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/245931), რომელმაც 01.04.2021 წლიდან ჩაანაცვლა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 28.03.2007 წლის კანონი (სპეციალური კანონის 121-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი).

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის მიზნების დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კანონის პრიორიტეტებისა და სამოქმედო არეალის განსაზღვრისას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და იქამდე მოქმედი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავდა ზოგად ნორმას, რომლის მიხედვითაც, კანონის მიზანი მოვალისა და კრედიტორის თანაბარუფლებიანი დაცვა იყო. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ მოვალეთა და კრედიტორთა თანაბარუფლებიანი დაცვა მთავარი პრინციპი არ არის, ვინაიდან შესაძლებელია, რომ კრედიტორთა ინტერესი, სრულებით ლეგიტიმურად, უპირატესად იქნეს მიჩნეული. ამავე კანონების შესაბამისად, საწარმოს გაკოტრებამდე უნდა გადამოწმებულიყო, შესაძლებელი იყო, თუ არა, მოვალის ფინანსური პრობლემების სხვაგვარად გადაჭრა, ვიდრე მისი ქონების ლიკვიდაციაა. აღნიშნულის შესაბამისად, რეაბილიტაციას, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, გარკვეული უპირატესობა ენიჭებოდა (მესხიშვილი ქ., გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მესხიშვილი ქ., ბათლიძე გ., ამისულაშვილი ნ., ჯორბენაძე ს., თბილისი, 2021წ., გვ.14; შნიტგერი ჰ., მიგრიაული რ., გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი. დახასიათება და შედარება საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან, გამომცემლობა „სიესტა“, 2011 წ., გვ. 21).

10. 18.09.2020 წლის სპეციალური კანონის მიღებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მიზანი და მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ნაცვლად, კანონის მიზნად მკაფიოდ განისაზღვრა კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება (სპეციალური კანონის პირველი მუხლი). მიუხედავად კანონის მთავარი მიზნისა, დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები, მთელ კანონს ლაიტმოტივად გასდევს საწარმოს რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებაზე. რაც შეეხება „კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებას“, ასეთი ფორმულირება ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ინდივიდუალური აღსრულების მექანიზმის სახით არ მოქმედებს და მისი გამოყენება კრედიტორთა სიმრავლეს უკავშირდება (იხ: განმარტებითი ბარათი სპეციალური კანონის პროექტზე, https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/245931). ამდენად, ახალი კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება უპირატესად რეაბილიტაციის და არა საწარმოს გაკოტრების გზით, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შეუძლებლობა დადასტურდება, გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილებით. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მარტოოდენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპების ეფექტიანად დაცვის გზით (სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა).

11. გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობის ფუნქციაა: კრედიტორებს შორის კონფლიქტის აცილება და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა; მოვალის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, რათა ოპტიმალურად იქნეს დაცული კრედიტორთა ინტერესები; რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ვალდებულებებისაგან გათავისუფლება; გადახდისუუნარობის გამართული კანონმდებლობა პრევენციულად მოქმედებს ეკონომიკური ბრუნვის მონაწილეებზე, გადახდიუუნარობის რისკის არსებობისას სიფრთხილით მოეკიდონ ახალ ვალდებულებებს (შდრ. Nunner-Krautgasser, Praxishandbuch Insolvenz und Arbeitsrecht, Nunner-Krautgasser/Reissner, 2. Auflage 2019, S.1-4). ზოგადად, გადახდიუუნარობის, ანუ ვალაუვალობის კანონმდებლობა უპირატესად საპროცესო შინაარსისაა. იგი აწესრიგებს, თუ როგორ იწყება, როგორ ხორციელდება და როგორ მთავრდება წარმოება. ამასთან, იგი წარმოების მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებსაც განსაზღვრავს. გადახდისუუნარობის კანონმდებლობა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უკიდურესი აუცილებლობის რეგულაცია, რომელიც საწარმოს ვალაუვალობის შემთხვევაში ცვლის ან სრულად აუქმებს მატერიალური და საპროცესო სამართლის ჩვეულებრივ მოქმედ ნორმებს. ეს შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირად განხორციელდეს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა მიზნებს ისახავს ვალაუვალობის კანონი (შნიტგერი ჰ., მიგრიაული რ., გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი. დახასიათება და შედარება საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან, გამომცემლობა „სიესტა“, 2011 წ., გვ. 16). როგორც წესი, გადახდისუუნარობის ნორმატიული რეგულაცია მოთხოვნათა აღიარებისათვის შეიცავს გამარტივებულ და დაჩქარებულ პროცედურებს, ვინაიდან სწრაფად უნდა დადგინდეს, შეუძლია თუ არა პირს კრედიტორის სახით წარმოებაში მონაწილეობა. ეს საკითხი არ ითმენს გადადებას, რამდენადაც თავად გადახდისუუნარობის წარმოება არ უნდა გაჭიანურდეს. ამდენად, აუცილებელია გამარტივებული პროცედურის არსებობა წარმოებაში კრედიტორის მონაწილეობის უფლების დასადგენად.

12. გათვალისწინებით იმისა, რომ სპეციალური კანონით გამოირიცხება კრედიტორთა მოთხოვნების ინდივიდუალურ რეჟიმში დაკმაყოფილება, გადახდისუუნარობის პროცესის სწორად წარმართვისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური წესით ადმინისტრირება. სპეციალური კანონი ითვალისწინებს კრედიტორთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესებს (სპეციალური კანონის 52-ე, 53-ე, 54-ე მუხლები). კრედიტორთა რეესტრში შეიტანება კრედიტორთა მოთხოვნები და იგი წარმოადგენს მოვალის ქონებრივი მდგომარეობის დადგენის ცენტრალურ დოკუმენტს. შესაბამისად, გადახდისუუნარობის წარმოების ზოგადი პრინციპების და სპეციალური კანონის გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კრედიტორთა რეესტრში სრულად და დროულად აისახოს კრედიტორთა მოთხოვნები.

13. სპეციალური კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

14. ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. ნებისმიერ კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი გაასაჩივროს სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილავს.

15. ამდენად, კრედიტორთა რეესტრი სამართლებრივ ძალას იძენს ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებით. სასამართლო კრედიტორთა რეესტრის დამტკიცების პროცესში არ მონაწილეობს და მის ძალაში შესვლას საფუძვლად არ უდევს სასამართლოს განჩინება. შესაბამისად, თუ პირი არ ეთანხმება რეესტრის მონაცემებს, მას აღარ აქვს უფლება, კერძო საჩივრით განაცხადოს პრეტენზია, როგორც ეს იყო შესაძლებელი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის ფარგლებში (სუსგ №ას-210-2021, 09.03.2021წ.). ის გარემოება, რომ სასამართლო აღარ მონაწილეობს რეესტრის დამტკიცებაში, შესაბამის სამართლებრივ შედეგს იწვევს, საჭიროა კრედიტორთა რეესტრის დამოუკიდებლად გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც ამავე მუხლის სხვა ჩანაწერებთან ერთად განაპირობებს ბუნდოვანებას გასაჩივრების პროცედურებთან დაკავშირებით.

16. სპეციალური კანონის მე-10 მუხლი (რომელზე მითითებასაც შეიცავს 54-ე მუხლის პირველი პუნქტი) ითვალისწინებს სასამართლოში სამი ინსტანციით საქმის განხილვის კანონისმიერ შესაძლებლობას (სწორედ ამ წესით იქნა წარმოდგენილი წინამდებარე საქმეზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივარი). ასეთი რეგულაციის პირობებში ჩნდება იმ დაშვების საფუძველი, რომ კრედიტორთა რეესტრის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხი განხილულ იქნეს სამი ინსტანციით, მაშინ, როდესაც ახალი ნორმატიული რეგულაციის მიზანი ამ პროცედურების გამარტივება და სწრაფი განხილვაა.

17. არ არის სავარაუდო, რომ კანონმდებელს სურდა მოკლე და ორეტაპიანი კერძო საჩივრის განხილვის პროცედურა სასარჩელო წარმოებით ჩაენაცვლებინა (ბათლიძე გ., გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მესხიშვილი ქ., ბათლიძე გ., ამისულაშვილი ნ., ჯორბენაძე ს., თბილისი, 2021წ., გვ. 90). გადახდისუუნარობის წარმოება, ჩვეულებრივ, მოითხოვს, რომ რთული ეკონომიკური გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული. რეკომენდირებულია, შეიზღუდოს ის სიტუაციები, როდესაც სასამართლომ ასეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს (შნიტგერი ჰ., მიგრიაული რ., გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი. დახასიათება და შედარება საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან, გამომცემლობა „სიესტა“, 2011 წ., გვ. 14).

18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სპეციალური კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ლოგიკურად აგრძელებს პირველი პუნქტით განსაზღვრულ მმართველის/ზედამხედველის მიერ დამტკიცებულ კრედიტორთა რეესტრზე პრეტენზიის განხილვის რეგულაციას და არაორაზროვნად ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით, რომლის შესაბამისად, მმართველს/ზედამხედველს ცვლილება შეაქვს კრედიტორთა რეესტრში და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით. თავის მხრივ, სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანის წესს ადგენს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, კერძოდ, მითითებულ ნორმათა სისტემური განმარტების, ასევე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კრედიტორის ან მოვალის მიერ მმართველის/ზედამხედველის შედგენილი კრედიტორთა რეესტრის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრებისას სასამართლოს მიერ განჩინების ფორმით მიღებული გადაწყვეტილება საჩივრება კერძო საჩივრით.

20. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კერძო საჩივრის წარდგენის და განხილვის წესები მოცემულია სპეციალური კანონის მე-9 მუხლში. მისი მე-3 და მე-7 პუნქტები ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტით, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, კანონი ითვალისწინებს კრედიტორთა რეესტრის თაობაზე პრეტენზიის ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

21. საკასაციო სასამართლოს მიერ დაუშვებელი საჩივრის მიღების წინაპირობა ვერ გახდება ის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივარი პირდაპირ გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს, სპეციალური კანონი კი ადგენს კერძო საჩივრის ჯერ განჩინების გამომტანი სასამართლოს მიერ განხილვას. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე, როგორც პირველი ინსტანციის, ისე - სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა არსებითად, ზეპირი მოსმენის საფუძველზე, რითაც უზრუნველყოფილ იქნა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2021წ. განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს განჩინებას ისეთ საპროცესო აქტზე, რომელიც მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას ექვემდებარება, საბოლოოა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

23. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). განსახილველ შემთხვევაში - არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-9 და 54-ე მუხლებით, ასევე, სსსკ-ის 399-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2021წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია