საქმე №ა-1049-ა-3-2022 15 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლაშა ქოჩიაშვილი, რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – მ.გ–ძე, გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ე–ძის უფლებამონაცვლე გ.ე–ძე, შპს „კ–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ.ე–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), შპს „კ–სა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და მ.მ–ვას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ–სა“ და ტ.ე–ძეს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში - „ხელშეკრულება“) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. მესამე მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულება 100 კვ.მ ფართის მქონე №20 ბინის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. 2015 წლის 20 იანვარს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
10. 2018 წლის 6 აგვისტოს მ.გ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12. 2022 წლის 9 მარტს მ.გ–ძემ (შემდგომში - „პირველი განმცხადებელი“) და გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მეორე განმცხადებელი“)(შემდგომში ერთად - „განმცხადებლები“) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართეს განცხადებით, მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
13. გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებლებმა მოითხოვეს საქმის წარმოების განახლების თაობაზე საკუთარი განცხადების უზრუნველყოფის მიზნით, სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ ......) ყადაღის დადება.
14. განმცხადებლებმა უზრუნველყოფის მოთხოვნის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, 198-ე მუხლებზე და განმარტეს, რომ პირველი მოპასუხის სამართალმემკვიდრისათვის ცნობილია პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება, რომლითაც პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირად. ამდენად, პირველი მოპასუხის სამართალმემკვიდრეები შეეცდებიან დანაშაულებრივი გზით მისაკუთრებული ქონების გასხვისებას ან სხვაგვარად განკარგვას, რათა გაძნელდეს მომავალში სასამართლოს მიერ დაზარალებული პირის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, მათ შორის, სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანის ანაზღაურება არ განხორციელდეს იძულების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლები უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უთითებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 191-ე, 198-ე მუხლებზე. აღნიშნული მუხლები განთავსებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავში, რომელიც აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. თუმცა, ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა და ამდენად, იგი თავისი არსით მოსარჩელის უფლებების დაცვას ემსახურება. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის გატარებასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მოითხოვენ განმცხადებლები არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას, აღნიშნული არც სამომავლოდ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების უზრუნველყოფაა. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე საკასაციო პალატა სსსკ-ის 191 -ე მუხლის ფარგლებში ვერ იმსჯელებს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს სასარჩელო წარმოებას, არამედ, იგი საპროცესო სამართლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წარმოების სახეა, რომელიც კანონით პირდაპირ და ამომწურავად განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში (სსსკ-ის 422-ე-423-ე მუხლები) დასაშვებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებას. ამ ტიპის სამართალწარმოების საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მისი მომწესრიგებელი ნორმები ფართო განმარტებას არ ექვემდებარება. ამავდროულად უნდა განიმარტოს ისიც, რომ მსგავსად სარჩელისა, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორს შესაძლოა გააჩნდეს დასაბუთებული ინტერესი იმისა, რომ მისი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყოს, რაც განმცხადებლის ინტერესების დაცვას და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს ის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წესებისაგან განსხვავებით უფრო სპეციალურ დანაწესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი (იხ. სუსგ საქმე №ას-1531-1451-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი; საქმე №ას-84-2020, 27 მაისი, 2020 წელი).
20. სსსკ-ის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი მოიაზრებს კანონიერ ძალაში შესულ ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ არის აღსრულებული.
21. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინება, რომელთა გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებასაც განმცხადებლები მოითხოვენ შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, პროცესუალური თვალსაზრისით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და განჩინება არ არის აღსრულებაუნარიანი.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებში წარდგენილი სარჩელიც აღიარებითია. აღიარებითი სარჩელი იმგვარი სარჩელია, როცა მოსარჩელე ბუნებაში ისედაც, უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (ჩვეულებრივ - ნამდვილობის) ან არარსებობის (ჩვეულებრივ - ბათილობის) სასამართლოსაგან აღიარებას ითხოვს.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი განცხადება განხილული ვერ იქნება ვერც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილება/განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კი, იგი არ არის აღსრულებაუნარიანი.
25. რაც შეეხება ახალი გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის უზრუნველყოფის საკითხს (შედეგის უზრუნველყოფა, რასაც საქმის წარმოების სავარაუდო განახლებისა და საქმის წარმოების არსებითი განხილვის შემდეგ მიაღწევს განმცხადებელი) აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ობიექტური აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, რამდენადაც საკასაციო პალატის მიერ ჯერ არ არის გადაწყვეტილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხი. ამ საკითხის გადაწყვეტამდე კი, ყადაღის დადების უფლებამოსილება საკასაციო პალატას არ აქვს (იხ. სუსგ საქმე №ა-4550-ა-12-2016, 18 იანვარი, 2017).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
რ. ნადარაია