Facebook Twitter

ას-1291-2021

04 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები - ე. ჩ–ი, ნ. ჩ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ჩ–ის სარჩელი ნ. ჩ–ისა და ე. ჩ–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. 2021 წლის 11 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განხილვის მინდინარეობისას განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისს (საქმეზე N2/15290-13) გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.

3.1. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით (საქმე #2/15290-13) დაკმაყოფილდა ე. ჩ–ის განცხადება და ე. და ნ. ჩ–ები ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი ა. ჩ–ის უფლებამონაცვლეებად. ე. და ნ. ჩ–ებს, როგორც ა. ჩ–ის უფლებამონაცვლეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჩ–ისთვის დაკისრებული 25 000 აშშ დოლარიდან, ე. ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ, თითოეულს 12 500 აშშ დოლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. და ე. ჩ–ები, როგორც აწ გარდაცვლილი ა. ჩ–ის უფლებამონაცვლეები და კანონისმიერი მემკვიდრეები, ცნობილები იქნენ თანამესაკუთრეებად ა. ჩ–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ......., საკადასტრო კოდი #....... აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთადერთ სამკვიდრო აქტივს, რომელიც ნ. და ე. ჩ–ებმა მიიღეს, როგორც სამკვიდრო აქტივი. აღნიშნული გადაწყვეტილებაც შევიდა კანონიერ ძალაში.

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე. ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს – ნ. და ე. ჩ–ებს, როგორც აწ გარდაცვლილი ა. ჩ–ის უფლებამონაცვლეებს და მემკვიდრეებს, დაეკისრათ 11 325 აშშ დოლარის და 825 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის წარმოებაშია.

3.4. ნ. და ე. ჩ–ების წარმომადგენლის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე მიმდინარე აღსრულების პროცესი ნ. და ე. ჩ–ების წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე მხოლოდ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში და აღნიშნულის მიღმა, ისინი ვერ გახდებიან კრედიტორის მოთხოვნაზე სხვა, პირადი აქტივით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებლები. არსებულ ფაქტობრივ მოცემულობაში, კრედიტორ ე. ჩ–ს დაწყებული აქვს აღსრულება ერთი გადაწყვეტილების (2018 წლის 22 იანვრის განჩინება) ფარგლებში ისე, რომ მეორე სამოქალაქო დავის ფარგლებში (რომელიც იხილება სააპელაციო პალატაში) ღიად არის დარჩენილი კრედიტორული მოთხოვნის დადგენის საკითხი. შესაბამისად, ვინაიდან, მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში აპელანტებს აქვთ ერთი საცხოვრებელი ბინა, მისი რეალიზაციის შემდეგ შეუძლებელი გახდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც ე. და ნ. ჩ–ებს დაეკისრათ 11 325 აშშ დოლარის გადახდა, როგორც აწ გარდაცვლილ ა. ჩ–ის უფლებამონცვლეებსა და მემკვიდრეებს.

3.5. განმცხადებლების მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ ვალდებულების გასტუმრება კონკრეტული ქონების ფარგლებში ხდება, შესაბამისად, თუკი აღნიშნული გადაწყვეტილება სამომავლოდ დარჩება ძალაში, კრედიტორ მხარეს არაფერი შეუშლის ხელს, რომ შეეცადოს აღსრულება მიმართოს მოპასუხეთა სხვა პირად აქტივზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამცხადებელს მიაჩნია, რომ სამართლებრივად გამართლებულია ორივე დავის სამართლებრივი შედეგი შევიდეს კანონიერ ძალაში და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს გადაწყვეტილებათა აღსრულება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ე. და ნ. ჩ–ების განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი განცხადებით დგინდებოდა, რომ, არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე მოითხოვდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა მოსარჩელის უფლებაა, რომელზე მსჯელობისას სასამართლო აფასებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობას. აღნიშნული პროცესუალური აქტი მიემართება სარჩელს და არა შესაგებელს, ანუ მოპასუხის პოზიციას. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების, მოპასუხეების სასარგებლოდ აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონისმიერი წინაპირობა.

4.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადების სსსკ-ის 2672 მუხლით განხილვის შემთხვევაშიც, არ ჰქონდა მას პერსპექტივა, ვინაიდან განმცახდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა იმ კრედიტორის (ე. ჩ–ის) უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აღსრულების მექანიზმების გამოყენებით ცდილობს აღასრულოს უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთა სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით, რომელზეც აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებში გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეებს აკრძალული აქვს მათი გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4.3. რაც შეეხება განმცხადებლების მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ არსებობს საფრთხე მიმდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ე. და ნ. ჩ–ების ინდივიდუალურ ქონებაზე აღსრულების მიქცევისათვის, პალატამ განმარტა, რომ მიმდინარე სასარჩელო წარმოებაც ე. და ნ. ჩ–ების წინააღმდეგ დაწყებულია, როგორც ა. ჩ–ის მემკვიდრეების და შესაბამისად, უფლებამონაცვლეების მიმართ. მაშასადამე, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა დაადგინოს მემკვიდრეთა პასუხისმგელობა მხოლოდ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგებოდა სსსკ 2672 მუხლით (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება) გათვალისწინებული გამოყენების მიზნებს, რადგანაც ამ სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხელყოფდა ე. ჩ–ის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება კი, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, ამ უფლების ერთ-ერთი კომპონენტია.

5. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს ე. და ნ. ჩ–ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, მოპასუხეებს არ დაჭირდებათ სხვა დავის წამოწყება საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, ვინაიდან, გადაწყვეტილებებში ნათლად არ არის მითითებული სამკვიდრო აქტივის ფარგლები. სამოქალაქო დავის ფარგლებში სამკვიდრო აქტივის დადგენის გარემოებები კვლევის საგნად არ ქცეულა და ნებისმიერი განმარტება გახდება ზოგადი და სადავო, ასევე შესაძლოა ქონების რეალიზაციამდე, ქონების შეფასებით დადგენილი ღირებულება გამოხატული თანხაში, მიჩნეულ იქნეს მიღებული სამკვიდროს აქტივის ღირებულებად და უფრო ნაკლებ ფასად ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულება მიექცეს მოვალის სხვა აქტივებზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, და საკუთარი ქონება გაასხვისოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება, ასევე, გამოუსწორებელი და პირდაპირი ან ისეთი ზიანის აღკვეთა, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართლოში სარჩელი აღძრა ე. ჩ–მა ე. და ნ. ჩ–ების მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება. წარმოდგენილი განცხადებით და საჩივრით დგინდებოდა, რომ არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე მოითხოვდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომელსაც წაეყენება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ არსებული რეგულაცია. პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა მოსარჩელის უფლებაა, რომელზე მსჯელობისას სასამართლო აფასებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობას. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხეების შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობა. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა სსსკ 2672 მუხლის გამოყენების შეუძლებლობაზე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება), რადგანაც ამ სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხელყოფდა ე. ჩ–ის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ე. და ნ. ჩ–ების ინდივიდუალურ ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ამჟამინდელი სარჩელიც ე. და ნ. ჩ–ების წინააღმდეგ აღძრულია, როგორც ა. ჩ–ის მემკვიდრეებისა და შესაბამისად, უფლებამონაცვლეების მიმართ. მაშასადამე, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა დაადგინოს მემკვიდრეთა პასუხისმგელობა მხოლოდ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განმცხადებელთა მოთხოვნის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა (მოპასუხეებმა) მოითხოვეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოფს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო სსსკ-ის XXIII თავი მოიცავს 191-ე-1991-ე მუხლებს და ეხება სარჩელის უზრუნველყოფას.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით) გადაწყვეტილების აღსრულების/სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილია მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე შუამდგომლობა აღძრეს არა მოსარჩელეებმა, არამედ მოპასუხეებმა, რისი უფლებამოსილებაც მათ სსსკ-ის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ გააჩნდათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლისა და XXIII თავის მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ხოლო საპროცესო მოქმედება, რომლის განხორციელებასაც მოითხოვენ მოპასუხეები, არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას და ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს თავად განმცხადებლების (მოპასუხეების) წინააღმდეგ. შესაბამისად, მათი მოთხოვნა არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელ საპროცესო ნორმებს (სსსკ-ის 191-1991 მუხლები).

12. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას სსსკ-ის 2672-ე მუხლთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ წინაპირობათაგან ერთ-ერთის არსებობისას. ეს წინაპირობები კი, შემდეგია: კანონიერ ძალაში შესული/დაუყოვებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, არ დგინდება საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, შესაბამისად, სახეზე არ არის სსსკ-ის 2672-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის განხილვა შეუძლებელია.

13. რაც შეეხება განმცხადებლების ვარაუდს, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების მოპასუხეების პირადი ქონებიდან აღსრულების მოლოდინზე, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მამკვიდრებლის ვალდებულებების მემკვიდრეებისთვის დასაკისრებლად, უნდა დადგინდეს სამკვიდრო ქონების არსებობა, განისაზღვროს მისი მიმღები მემკვიდრეები და შეფასდეს სამკვიდრო აქტივისა და პასივის თანაფარდობა. სამკვიდროს არარსებობის შემთხვევაში კი, კრედიტორებს ერთმევათ უფლება, მოითხოვონ ვალდებულების შესრულება გარდაცვლილი პირის თუნდაც პირველი რიგის მემკვიდრეებისგან. ანალოგიურად, სამკვიდრო ქონების არარსებობის შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს საპროცესო უფლებამონაცვლეობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის გარდაცვალებისას, თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებული მითითება გააკეთა იმაზე, რომ სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა დაადგინოს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა მხოლოდ მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში.

14. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ნორმატიული ბაზა და სამართლებრივი არგუმენტაცია მოთხოვნილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის.

15. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დავაზე არ გამოკვეთილა აპელანტთა მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონისმიერი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და ნ. ჩ–ების საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე