საქმე №ა-3887-შ-106-2021 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ხ–ვა, ბ.ხ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ვ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტავდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტავდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის სასარჩელო მოთხოვნები კ.ვ–ვას მიმართ, ბებიისა და ბაბუის მცირეწლოვან შვილიშვილთან, ი.ხ–თან ურთიერთობის წესის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დ.ხ–ვამა და ბ.ხ–ვმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტავდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე კ.ვ–ვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსულენოვანი თარგმანითა და დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - რუსეთის ფედერაცია, ქ.ტავდა, ..... 1.4 „ა“-8, მაგრამ არ ჩაბარდა. ამის შემდეგ, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სხვა მისამართზე კიდევ ორჯერ გაუგზავნა მხარეს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალით, თუმცა არცერთხელ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ფოსტამ ადრესარტი მითითებულ მისამართზე ვერ მოიძია.
საქართველოს უზენაესი საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებას დაავალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში კ.ვ–ვასათვის (მისამართი: ქ. ბათუმი, ......, ბ.76) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინების, დ.ხ–სა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. მასვე დაავალა, ეცნობებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მომართა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებამ, საიდანაც დგინდება, რომ კ.ვ–ვას მოძიება და დოკუმენტაციის ჩაბარება ვერ მოხერხდა, წარმოდგენილი ოქმის თანახმად, მისი ადგისამყოფელი უცნობია მეზობლებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტავდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ხ–ვასა და ბ.ხ–ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტავდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე