Facebook Twitter

საქმე №ას-111-2022 11 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ს–ძე, მ.ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება არსებითად განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ს–ძისა და მ.ს–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ა.ლ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და მოწინააღმდეგე მხარისაგან (მესაკუთრისაგან) სააპელაციო შესაგებლის წარდგენა არ მოუთხოვია, რითაც საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

4.2.1. ქ. თბილისი, ......., სართ. 1, ფართი #17ა-ში, ფართი 47.26 კვ.მ (ს/კ ......) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;

4.2.2. მოპასუხეები ფლობენ უძრავ ქონებას და ისინი არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

4.4. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

5. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 16-17), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

7. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.21 წ., Nას-1083-2020, 18.12.20 წ.).

9. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სასამართლოს განხილვაშია მესაკუთრის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად ვერ განიხილება.

10. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის განხილვის ფორმას განსაზღვრავს სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ანუ აღნიშნული საკითხი სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დადგენილ იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ N ას-504-2020, 19.11.2020 წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთების ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

13. კასატორთა იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომ სააპელაციო სასამართლოს მესაკუთრისაგან სააპელაციო შესაგებლის წარდგენა არ მოუთხოვია, საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის N ას-121-117-2016 განჩინებაზე მიუთითებს, რომლის თანახმად დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, გარდა პირველ ინსტანციაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტურად გამოყენებული უფლების დაცვის საშუალებებისა, გამყარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოადგენს უფლების დაცვის შესახებ მიღებულ მართლმსაჯულების აქტს. სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ მხარეთა კანონიერი ნდობის მომენტი ბუნებრივად განაპირობებს საქმეში მონაწილე მხარეთა რწმენას გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე. ასეთ პირობებში, მხარე, რომელიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ლოგიკურად და მართებულადაც ასკვნის, რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია საკმარისს უნდა წარმოადგენდეს სააპელაციო სასამართლოში მისი უფლებების დასაცავად და პოზიციის გამოსახატავად. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მომზადების მიზნით პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესები თითქმის მთლიანად ეხება სააპელაციო სასამართლოსაც, სააპელაციო შესაგებელს გააჩნია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც პირველ რიგში ვლინდება მტკიცებით საქმიანობაში. სააპელაციო შესაგებელი, როგორც მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, არ შეიძლება გავაიგივოთ სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელთან. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან თავისუფლდება მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას საქმის მომზადების ეტაპზე, როგორც იურიდიულ ფაქტს, არ შეიძლება მოჰყვეს ისეთივე შედეგები, რადგან აპელაციაში მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებიდან გამომდინარე იხილება იგივე სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტები და მტკიცებულებები, ხოლო ამ სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ს–ძის და მ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ს–ძეს და მ.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ა.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 დეკემბერი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური