Facebook Twitter

საქმე №ას-942-2021 11 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ფ.უ–ვი, ე.მ–ვა, მ.უ–ვა, ჰ.მ–ვა, რ.უ–ვა, დ.ფ–ვა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ქ–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ.უ–ვის, ე.მ–ვას, მ.უ–ვას, ჰ.მ–ვას, რ.უ–ვასა და დ.ფ–ვას (შემდეგში: მოსარჩელეები ან კასატორები) სარჩელი ქ.ქ–ვის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეებს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ......., საკადასტრო კოდი - ....., დაზუსტებული ფართობი 1007,00 მ2 (შემდეგში: უძრავი ქონება).

2. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:

4.1. მოსარჩელეების საკუთრებად საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი, მდებარე: რაიონი, ლაგოდეხი, სოფელი ......., საკადასტრო კოდი № ....., არის აღრიცხული (ს.ფ. 15);

4.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთის მდებარე: რაიონი ლაგოდეხი, სოფელი ......., საკადასტრო კოდი: № ...... მესაკუთრე მოპასუხის ოჯახია (ს.ფ. 16);

4.3. მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე და 172-ე მუხლებია;

4.4. სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური სანივთო ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით;

4.5. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინეს და მიუთითეს, რომ მათ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქონება მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია. საგულისხმოა, რომ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ნივთის ფლობა და განმარტა, რომ მოსარჩელეების მსგავსად, მას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს სოფელ ....... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, მის მფლობელობაშია მხოლოდ ის ქონება, რაზეც რეგისტრირებული საკუთრების უფლება აქვს. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოპასუხემ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარადგინა, რომლითაც სოფელ ....... მდებარე 1404 კვ.მ უძრავ ქონებაზე მისი ოჯახის საკუთრების უფლება დასტურდება;

4.6. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა ქონების ნაწილზე მოპასუხის მფლობელობის, კერძოდ, სათბურის განთავსების ფაქტი დადგინდა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას აღნიშნული ფაქტის დადგენა კონკრეტულად რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მოხდა;

4.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც როგორც მოსარჩელეებს, ისე მოპასუხე მხარეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება აქვთ, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით საკმარისი ვერ იქნება მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება, რომელიც, თავის მხრივ, ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტების და შესაგებელში აღწერილი ფაქტების მიხედვით მოსარჩელეები მათი საკუთრების მოპასუხის მიერ უკანონოდ ფლობაზე მიუთითებენ, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, მეტიც, მის მფლობელობაში არსებულ ნივთზე საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით საჯარო რეესტრის ამონაწერზე მიუთითებს, სადავო გარემოების - იმყოფება თუ არა მოსარჩელეთა საკუთრება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, დადგენის მიზნით საკითხის დამატებით შესწავლა და გამოკვლევაა საჭირო, რისთვისაც შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებაც: „თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია“;

4.8. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი მთავარი საკითხის - რეალურად ფლობს თუ არა მოპასუხე მოსარჩელეთა საკუთრებას თუ მის მფლობელობაში მისივე სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ნივთია, საკითხის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური კვლევის გარეშე, შეუძლებელია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ განმეორებით მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვერ დგინდება კონკრეტულად რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის საკუთრების ნაწილზე მოპასუხის მიერ სათბურის განთავსება;

4.9. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, იმავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა მისი გაუქმების და მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.

5.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ არ შეატყობინა მხარეებს. საქმე განიხილა 2021 წლის 25 თებერვალს, ხოლო განჩინება 2021 წლის 12 ივლისს გაგზავნა მხარეეებთან;

5.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეთა და მოპასუხის საკუთრება არ არის გვერდი-გვერდ, არამედ მთელი 58 კვარტლით განსხვავდება, რის გამოც ექსპერტიზის დანიშვნა აბსურდულია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე.

10. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად, ჯერ შესამოწმებელი და გამოსაკვლევია მოსარჩელის სტადიაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობასა და დასაბუთებულობაზე მიუთითებენ.

11. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 385-ე მუხლით მინიჭებული უფლება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქვემდგომ სასამართლოს იმ დასაბუთებით, რომ, უწინარესად, უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და შემოწმდეს განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობისადმი მისადაგებული ნორმის წინაპირობები (სსკ-ის 172-ე მუხლი), კერძოდ: ფლობს თუ არა მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეთა მხარეზეა. როგორც წინამდებარე განჩინების 4.6 ქვეპუნქტში მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხეს სათბური აქვს განთავსებული.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვან გარემოებათა წრეს, მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგნის განსაზღვრის აუცილებლობას, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საქალაქო სასამართლოსთვის ხელახლა დაბრუნების მიზანშეუწონილობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სსსკ-ის 385-ე მუხლით განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია: „სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა“. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ („გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“) ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საფუძველმა განაპირობა საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება;

14. ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რასაც საკასაციო სასამართლოც დაეთანხმა, რომ „გარემოებათა მის მიერ (სააპელაციო სასამართლოს მიერ) გამოკვლევა მიზანშეუწიონელია. ასეთ შემთხვევაში მხარე დაკარგავდა კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლოში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობას, ვინაიდან მას გასაჩივრება მოუწევდა პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს“ (იხ. სუსგ-ები: N ას-261-248-2015, 10.07.2015წ; N ას-450-429-2015, 28.07.2015წ.).

15. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(იხ. სუსგ N ას- #-ას-471-450-2015, 30.10.2015წ; შდრ. სუსგ-ებს: N ას-973-922-2015, 16.02.2016წ; N ას-151-147-2016, 19.04.2016წ; N ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

16. სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება ... უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას ..., სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სააპელაციო განხილვის თითოეული ეტაპი ცნობილი იყო მხარეებისათვის, მათ გადაეგზავნათ საქმეში არსებული მასალები და ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თარიღის, ასევე, განხილვის ფორმის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელეებს სრული უფლება ჰქონდათ, ნებისმიერ საკითხზე საკუთარი პოზიცია სასამართლოსათვის წერილობით წარედგინათ.

17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ მიიჩნია ევროკონვენციის 6.1. მუხლის დარღვევად და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეს ეცნობა, როგორც საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადადების შესახებ, ასევე ჩაბარდა სათანადო შეტყობინება საქმის განხილვის დაწყებამდე, ხოლო საქმის მასალები არ მიუთითებდა იმაზე, რომ ზეპირი განხილვის სანაცვლოდ მხარისათვის შეთავაზებული წერილობითი პროცედურა არ იყო გამჭვირვალე და შეიცავდა სხვა წინაპირობებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სამართლიანობას (იხ. ECHR: „რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no: 2745/03, 31.07.2007წ. გადაწყვეტილება).

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.უ–ვის, ე.მ–ვას, მ.უ–ვას, ჰ.მ–ვას, რ.უ–ვას და დ.ფ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ფ.უ–ვის, ე.მ–ვას, მ.უ–ვას, ჯ.მ–ვას, რ.უ–ვას და დ.ფ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ფ.უ–ვის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 4 იანვარი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური