Facebook Twitter

საქმე#ა-269-შ-14-2022

16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ი (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მე-3 პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის მე-3 პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ჩ–ი, დაბადებული 20/02/1967 წელს, პ/ნ ..... მამის სახელი ა., დედის სახელი ე., რეგისტრირებული მისამართზე - ორდუ, უნიეს რაიონი, ...... N87 ბ279 და საქართველოს მოქალაქე, 13/02/1976 წელს დაბადებული ი.ჩ–ი განქორწინდნენ.

2022 წლის 25 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ი.ჩ–ის წარმომადგენელმა ვ.შ–მა და მოითხოვა ი.ჩ–ის შუამდგომლობის საფუძველზე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა თურქეთის რესპუბლიკის მე-3 პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების დედანი და განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა- აღსრულების შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა თურქეთის რესპუბლიკის მე-3 პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების დედანი და განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესახებ, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს - ვ.შ–ს ჩაბარდა 2022 წლის 8 თებერვალს. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა 2022 წლის 18 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს, უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მე-3 პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი