Facebook Twitter

№ას-328-2022

24 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – რ. ს–ძე, ს. ს–ძე, ნ. ს–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ს–ძის, ს. ს–ძისა და ნ. ს–ძის სარჩელი მოპასუხე ა.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის განჩინებით რ. ს–ძის, ს. ს–ძისა და ნ. ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა - რ. ს–ძემ, ს. ს–ძემ და ნ. ს–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

2022 წლის 17 მარტს კასატორებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნეს, რომ სურთ მათი საკასაციო საჩივრის გამოხმობა. ამის შემდგომ, 2022 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მიმართეს კასატორებმა - რ. ს–ძემ, ს. ს–ძემ და ნ. ს–ძემ, რომლითაც საკასაციო საჩივრის გამოხმობა და საქმის წარმოების შეწყვეტა ითხოვეს.

კასატორების - რ. ს–ძის, ს. ს–ძისა და ნ. ს–ძის საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიღებულ იქნა 2022 წლის 22 მარტს. 2022 წლის 23 მარტს საკასაციო პალატას კვლავ მომართეს საკასაციო საჩივრის ავტორებმა - რ. ს–ძემ, ს. ს–ძემ და ნ. ს–ძემ და მიუთითეს, რომ უარს ამბობენ მათ საკასაციო საჩივარზე ა.კ–ძის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორები - რ. ს–ძე, ს. ს–ძე და ნ. ს–ძე უფლებამოსილნი არიან მომართონ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების - რ. ს–ძის, ს. ს–ძისა და ნ. ს–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორებს უნდა განემარტოთ, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 დეკემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს–ძის, ს. ს–ძის და ნ. ს–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმისწარმოება რ. ს–ძის, ს. ს–ძის და ნ. ს–ძის საკასაციო საჩივარზე ა.კ–ძის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 დეკემბრის განჩინებაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 დეკემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია