№ას-185-2022
23 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ. შ–ი; რ. შ–ის უფლებამონაცვლეები: ლ. შ–ი, ნ. შ–ი, მ. შ–ი, ლ. შ–ი და გ. შ–ი (მოპასუხეების უფლებამონაცვლეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, გ.ა–ის სარჩელი მოპასუხე ლ. შ–ის და რ. შ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გ.ა–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.ა–ის სარჩელი და ლ. შ–ს დაეკისრა გ.ა–ის სასარგებლოდ 23 289 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, რ. შ–ის უფლებამონაცვლეებს: ლ. შ–ს, ნ. შ–ს, მ. შ–ს, ლ. შ–ს, ნ. შ–ს და გ. შ–ს გ.ა.ის სასარგებლოდ დაეკისრათ 23 289 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. შ–მა და რ. შ–ის უფლებამონაცვლეებმა: ლ. შ–მა, ნ. შ–მა, მ. შ–მა, ლ. შ–მა და გ. შ–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: გ. შ–ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ დ.ხ–ის სახელზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობის წარმოდგენა გასაჩივრების და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებით ან მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ლ. შ–ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1164,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, ხოლო რ. შ–ის უფლებამონაცვლეებს: ლ. შ–ს, ნ. შ–ს, მ. შ–ს, ლ. შ–ს და გ. შ–ს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1164,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორების – ლ. შ–ის, ნ. შ–ის, მ. შ–ის, ლ. შ–ისა და ლ. შ–ის წარმომადგენელს - დ.ხ–ს ჩაბარდა 2022 წლის 11 მარტს, ხოლო გ. შ–ს აღნიშნული განჩინება სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 399-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით საშუალებით პირადად ეცნობა 2022 წლის 07 მარტს.
2022 წლის 11 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ.ხ–მა და საკასაციო საჩივარზე დასართავად წარმოადგინა გ. შ–ის მიერ დ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორ - გ. შ–ს მისი ხარვეზის ნაწილში სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 399-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების საშუალებით პირადად ეცნობა 2022 წლის 07 მარტს, ხოლო საკასაციო საჩივრის სხვა კასატორთა წარმომადგენელს _ დ.ხ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ თბილისი, ..... და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, კასატორთა წარმომადგენელს _ დ.ხ–ს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 11 მარტს.
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ გ. შ–ისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 07 მარტის მომდევნო დღეს, 2022 წლის 08 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 14 მარტს (რადგან ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - შაბათს, ხოლო 14 მარტი იყო პირველი სამუშაო დღე კვირის შემდეგ) რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი, ხოლო ლ. შ–ისა და რ. შ–ის უფლებამონაცვლეებისთვის: ლ. შ–ისთვის, ნ.ი შ–ისთვის, მ. შ–ისთვის, ლ. შ–ისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 12 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 16 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. ამდენად, კასატორი გ. შ–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 14 მარტის ჩათვლით, ხოლო სხვა კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2022 წლის 16 მარტის ჩათვლით. საკასაციო
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორების - ლ. შ–ის, ასევე ლ. შ–ის, ნ.ი შ–ის, მ. შ–ისა და ლ. შ–ის წარმომადგენელმა - დ.ხ–მა 2022 წლის 11 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. დ.ხ–ის განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში რეაგირებისთვის გადმოაგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. კასატორების - ლ. შ–ის, ასევე ლ. შ–ის, ნ.ი შ–ის, მ. შ–ისა და ლ. შ–ის წარმომადგენელმა - დ.ხ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით წარმოადგინა გ. შ–ის მიერ დ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გ. შ–ისთვის დადგენილი ხარვეზი შევსებულია მხოლოდ დ.ხ–ის სახელზე მინდობილობის გაცემის ნაწილში, თუმცა არც გ. შ–ის მიერ და არც სხვა კასატორების მიერ ხარვეზი შევსებული არ არის ბაჟის დაკისრების ნაწილში, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი არ არის ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, კერძოდ: ლ. შ–ს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია 1164,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; რ. შ–ის უფლებამონაცვლეებს: ლ. შ–ს, ნ. შ–ს, მ. შ–ს, ლ. შ–სა და გ. შ–ს არ წარმოუდგენიათ 1164,45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების - ლ. შ–ის, ასევე რ. შ–ის უფლებამონაცვლეების: ლ. შ–ის, ნ.ი შ–ის, მ. შ–ისა და ლ. შ–ის წარმომადგენელმა - დ.ხ–მა 2022 წლის 11 მარტს წარმოდგენილი განცხადებით ითხოვა მხოლოდ გ. შ–ის მიერ დ.ხ–ის სახელზე გაცემული მინდობილობის საქმეზე დართვა და ითხოვა თავდაპირველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარის მის მიერ ხელმოწერილად მიჩნევა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დ.ხ–მა, როგორც უკვე სხვა კასატორებთან ერთად გ. შ–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა, საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრა მხოლოდ გ. შ–ისთვის მინდობილობის ან ხელმოწერილი კასაციის წარმოდგენის დაკისრებული ხარვეზის ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი არ გამოუსწორებია ბაჟის გადახდის ნაწილში. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილ განცხადებაში დ.ხ–ის მიერ არ ყოფილა მითითება სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძლების, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ. წარმოდგენილ განცხადებას ასევე არ ერთვოდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორებისათვის ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას მძიმე მატერუალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. რაიმე სხვა განცხადება კი არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს საკასაციო პალატისთვის არ წარმოუდგენიათ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კასატორებს პალატისთვის სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრულ ვადაში ასევე არ წარმოუდგენიათ თუნდაც მინიმალური ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც პალატას მისცემდა შესაძლებლობას მიეჩნია, რომ მხარეებს გააჩნიათ ბაჟის სრულად გადახდის ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, არც გ. შ–ის მიერ და არც სხვა კასატორების მიერ ხარვეზი არ შევსებულა ბაჟის გადახდის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. რ. შ–ის უფლებამონაცვლეების: ლ. შ–ის, ნ. შ–ის, მ. შ–ის, ლ. შ–ისა და გ. შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია