საქმე №ას-537-2021 22 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.დ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა.პ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.დ–ას მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.02.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 605 აშშ დოლარის გადახდა. დადგინდა, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მოპასუხის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავში, ........(ს/კ .....) (შემდეგში „იპოთეკის საგანი“) იძულებით რეალიზაცია. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 29.06.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც დაიფარა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. აღიარებულ იქნა, რომ 29.06.2010წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, ვადა - 6 თვე, სარგებელი - 5 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა იპოთეკის საგანი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 25.10.2019წ..
3.2. 29.03.2019 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ სულ გადახდილია 6395 აშშ დოლარი, საიდანაც სრულად შესრულებულია პროცენტის - 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ძირითადი თანხიდან გადახდილია 1395 აშშ დოლარი.
3.3. იპოთეკის საგანი გამსესხებლის სასარგებლოდ დატვირთულია იპოთეკით. ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019 წლის გადაწყვეტილება.
3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე, 316-ე, 317-ე, 427-ე, 625-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალის მიერ გადახდილია 6395 აშშ დოლარი, საიდანაც სრულად შესრულებულია პროცენტის - 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ძირითადი თანხიდან გადახდილია 1395 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკვე გადახდილი თანხის გამოკლებით.
3.5. სასამართლომ სსკ-ის 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლებზე დაყრდნობით დაადგინა, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის იძულებით რეალიზაცია.
3.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობაზე, მიუთითა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობა წარმოშობილი და გაუქარწყლებელი (შეუწყვეტელი) მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა, ამიტომ სასამართლომ ჯერ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი წანამძღვრები და ამის შემდეგ იმსჯელოს ხანდაზმულობაზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თითოეული მოთხოვნა, სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადას ექვემდებარება. განსახილველ მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 29.06.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც დაიფარა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებითვე აღიარებულია, რომ 29.06.2010წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა იწყება არა 2010 წლიდან, არამედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და უსაფუძვლოა მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ არსებობდა თანხის დაკისრებისა და მისი გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძველი.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლოებმა ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყეს არა 2010 წლიდან, როდესაც მხარეთა შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ 2019 წლიდან, როდესაც დადასტურდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავის არცერთ მხარეს არაფერი მიკუთვნებია, ვინაიდან მიკუთვნებითი სარჩელი აღძრული არ ყოფილა და სასამართლომაც დაადგინა მხოლოდ ხელშეკრულების შინაარსი.
6.2. თავად სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, თუმცა მოთხოვნაზე არასწორად ავრცელებს ხანდაზმულობის ათწლიან ვადას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სესხის და მისი გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები.
11. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
12. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, კერძოდ კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო არა 2010 წლიდან, როდესაც მხარეთა შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ 2019 წლიდან, როდესაც დადასტურდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსი.
13. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).
14. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).
15. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი) (სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.), სესხისა და იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე კი გამოყენებული უნდა იქნეს ის ვადა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება (შდრ. სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.; №ას-1191-2019 04.12.2019წ.).
16. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 29.06.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც დაიფარა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და აღიარებულ იქნა, რომ 29.06.2010წ. დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, სესხის სახით გაცემული თანხის უკუმოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა არა ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც თვალთამქცურობის სამართლებრივი საფუძვლით (სსკ-ის 56-ე მუხლი) ბათილადაა ცნობილი, არამედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, როდესაც თვალთმაქცურ გარიგებად იქნა აღიარებული ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა მხარეთა რეალური მიზნის - სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა (შდრ. სუსგ Nას-158-154-2016, 10.02.2017წ.; Nას-160-150-2017, 26.10.2018წ.; სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ. ). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის არასწორად ათვლასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ვადის ათვლა სასამართლომ მართებულად დაიწყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 29.03.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და უსაფუძვლოა მსჯელობა 11.11.2019წ. აღძრული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3679 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2575.3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.დ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.დ–ას (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს თ.ა–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3679 ლარის (საგადახდო დავალება №11630757608, გადახდის თარიღი 22.09.2021წ.) 70% – 2575.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე