საქმე №ას-1277-2021 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ლ.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ბ.ბ–ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ბ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ლ.ნ–ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ბ.ბ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ლ.ნ–ს სს ,,ბ.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 26 აგვისტოს ანგარიშზე კრედიტით სარგებლობის შესახებ #79045621-8/26/2015 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 853.91 ლარის და დარიცხული პროცენტის - 183.68 ლარის გადახდა; მოპასუხე ლ.ნ–ს მოსარჩელე სს „ბ.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო „მეგობარათის“ შესახებ #645873 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 823.41 ლარის და დარიცხული პროცენტის - 155.9 ლარის გადახდა.
ლ.ნ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ - 2015 წლის 26 აგვისტოს ანგარიშზე კრედიტით სარგებლობის შესახებ #79045621-8/26/2015 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 853.91 ლარის და დარიცხული პროცენტის - 183.68 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და გასაჩივრებული ნაწილის ფარგლებში, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ლ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ლ.ნ–ს სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ნ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უკანონო. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს ოჯახის მძიმე სოციალურ პირობებზე და გლობალურ პანდემიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ.ნ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ - სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია: აპელანტი, მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ სს „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 26 აგვისტოს ანგარიშზე კრედიტით სარგებლობის შესახებ #79045621-8/26/2015 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 853.91 ლარის და დარიცხული პროცენტის - 183.68 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ჯამში განისაზღვრება 1037.59 ლარით, რაც არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად პალატის მოსაზრებით, არსებობდა ლ.ნ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ნ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე