საქმე №ას-1331-2021 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ს.მ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი.მ–ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
ს.მ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი.მ–ეს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს.მ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ს.მ–ვამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ს.მ–ვას სარჩელზე, ი.მ–ეს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია და ამ გარემოებას არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ბაქოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც იგივე საფუძვლით, იმავე მოთხოვნითა და იმავე მხარეებს შორის წარმოებულ დავაზე ს.მ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს. ფ. 96-114). თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 274-ე, 372-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, წყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.მ–ვამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უკანონო. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წელს მოპასუხეს თბილისში ასესხა 10000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით, მსესხებელს, კერძო საჩივრის ავტორმა ასესხა დამატებით 8000 აშშ დოლარი, ბაქოში, აზერბაიჯანში. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დარწმუნდა, რომ მსესხებელი ვალის დაბრუნებას არ აპირებს, მან მიმართა აზერბაიჯანის სასამართლოს შესაბამისი სარჩელით და მოითხოვა მოპასუხისთვის 18000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრება. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: მოპასუხეს დააკისრა 8000 აშშ დოლარის დაბრუნება, რადგან ამ თანხის გადაცემა მოხდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო დარჩენილ 10000 აშშ დოლართან მიმართებით განმარტა, რომ ამ თანხაზე მსჯელობა სცილდება აზერბაიჯანის სასამართლოს უფლებამოსილებას და მიუთითა, რომ დასახელებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სესხის საერთო ოდენობის 18000 აშშ დოლარიდან, აზერბაიჯანში დაკისრებული 8000 აშშ დოლარი გააიგივა საქართველოში მოთხოვნილი დარჩენილ 10000 აშშ დოლართან, რაც, კანონის არასწორ განმარტებას წარმოადგენს, რადგან ერთხელ უკვე დაკისრებული თანხის ხელმეორედ დაკისრების მოთხოვნას მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს.მ–ვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით წარმოებულ დავაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის გამო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს, უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას გამოსაყენებელ სამართლებრივ წესრიგს, მათ შორის, საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომელიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.
ამავე კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აზერბაიჯანის სასამართლო აქტების და კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე ადგენს, რომ მხარეთა შორის დაიდო ურთიერთდამოუკიდებელი ორი სესხის ხელშეკრულება - 10000 აშშ დოლარის ოდენობით თბილისში, ხოლო 8000 აშშ დოლარის ოდენობით ბაქოში. აზერბაიჯანის სასამართლოებში საქმის წარმოება მიმდინარეობდა ორივე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლებში. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბაქოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს.მ–ვას სარჩელი ი.მ–ეს მიმართ 10000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს. ფ. 106-114). საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ზემოაღნიშნული განჩინება უცვლელად დატოვა და განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას საქართველოს საერთო სასამართლოების განსაკუთრებულ კომპეტენციათან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, 10000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრებასთან მიმართებით, არ არის წარმოდგენილი დასაბუთება საქართველოს საერთო სასამართლოების განსაკუთრებული კომპეტენციის შესახებ. აღნიშნული გარემოება ასევე ვერ იქნა მხარის მიერ დადასტურებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე (ტ. 2, ს. ფ. 62, სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე