Facebook Twitter

საქმე №ას-26-2022 4 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ. ჯ. ჰ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ტ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით - დ.ტ–ის (შემდეგში- მოპასუხე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ 2019 წლის 13 მაისს საჩივარი წარადგინა, რაც სააპელაციო პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის დარღვევის გამო. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი მომზადდა და ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 8 მაისს, საპროცესო კოდექსის დადგენილ 10 - დღიან ვადაში, ხოლო გზავნილი სასამართლოში 2019 წლის 13 მაისს დარეგისტრირდა. შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, მოსარჩელის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორმა 2020 წლის 2 ივლისს განცხადება წარადგინა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

7. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, განახლდა საქმისწარმოება და კერძო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 2021 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება ვადის დარღვევით შეტანის გამო.

10. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორმა დაარღვია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

11. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ მიიჩნევს მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ მან განცხადება კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 8 მაისს ჩააბარა ფოსტას. ამ გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივარს დაურთო ,,ს.კ–ს“ საფოსტო გზავნილი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას 2019 წლის 8 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ 10-დღიან ვადაში ჩაჰბარდა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორისგან სასამართლოსათვის გასაგზავნი გზავნილის ფოსტის მიერ მიღება კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში იმას ადასტურებს, რომ მხარემ შეასრულა საკუთარი საპროცესო ვალდებულება სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება“. ხოლო ის გარემოება, რომ ფოსტამ დააყოვნა მხარისაგან მიღებული დოკუმენტის სასამართლოსათვის მიწოდება, არ შეიძლება, იმ მხარის ინტერესებისა საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული, რომელსაც სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება აქვს, მათ შორის, კანონით დადგენილ ვადაში, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გზავნილის საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარების სახით, რაც მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელებად მიიჩნევა და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საფოსტო განყოფილებიდან წარდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა და შეეფასებინა, თუ როდის ჩააბარა მხარემ სასამართლოსათვის გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტი ფოსტას, რაც გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გამოსათვლელად მნიშვნელოვანია.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, მოპასუხის საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ. ჯ. ჰ–ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე