Facebook Twitter

საქმე №ას-743-2021 28 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.გ–მა (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 8 მაისიდან გამოსაცდელი ვადით, იმავე წლის 8 ნოემბრიდან კი, უვადოდ დადებული ხელშეკრულებით, მუშაობდა ბანკში მოლარე ოპერატორად. მისი სახელფასო ანაზღაურება გათავისუფლების დროისათვის 881 ლარი (დასაბეგრი) იყო.

3. მოპასუხის 2019 წლის 18 ნოემბრის ბრძანებით, მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ შრომის შინაგანაწესი დაარღვია რამდენჯერმე. მას კორპორაციული სახელმძღვანელოს დარღვევის გამო 2019 წლის 9 აგვისტოს დისციპლინური სახდელი - საყვედური შეეფარდა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დაარღვია ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები, კერძოდ, შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომელს - ელექტრონული ფოსტით მენეჯერის შესახებ ,,საარშიყო“, ,,საღლიცინო“ წერილი გაუგზავნა ბანკის კლიენტს. ამასთან, გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირთა განუსაზღვრელ წრეს სთხოვდა, მიეყვანათ შვილები ბანკში ანგარიშის გასახსნელად. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად კანონიერი და პროპორციული იყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხე კომპანიის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის №1621-კ ბრძანება; იძულებითი განაცდურის, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენისა და ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო კომპენსაციის სანაცვლოდ, მოპასუხეს დაეკისრა დაუბეგრავი (ხელზე ასაღები) 7 712 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარედგინა იმგვარი მტკიცება, რაც პალატას შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის შესახებ. მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულმა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემდეგ, 2019 წლის 8 ოქტომბერს, ორჯერ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება. ,,თანამშრომლის კორპორაციული სახელმძღვანელოს’’ 2.14.6.5., 2.1.1. და 2.1.9. პუნქტების თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის სისტემების გამოყენება არასამუშაო მიზნების შესასრულებლად. ასევე, ბანკის თანამშრომელი ვალდებულია, იყოს პატიოსანი, როგორც კოლეგების, ისე - მომხმარებლების მიმართ და არ დაუშვას არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური მოქმედება. მოპასუხის მტკიცებით, დასაქმებულმა დაარღვია ზემოაღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული მოვალეობები და შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომელს, კერძოდ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მენეჯერის შესახებ ,,საარშიყო“, ,,საღლიცინო“ წერილი გაუგზავნა ბანკის კლიენტს და, ამავდროულად, საკუთარი ,,ფეისბუქის’’ გვერდზე განათავსა ბანკის იმიჯისათვის შემლახველი ინფორმაცია, რამაც ზიანი მიაყენა ბანკის რეპუტაციას.

9. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის ზემოხსენებული არგუმენტები. ელექტრონულ მიმოწერასთან მიმართებით პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სახელმწიფო ენაზე (საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე). ამავდროულად, წარმოდგენილი მტკიცებულება არ იყო იმგვარად დამოწმებული/შედგენილი, რომ მასზე დაყრდნობით დადასტურებულად მიჩნეულიყო თანამშრომლის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იყო ელექტრონულ ფოსტაში უცხო ენაზე შედგენილი წერილის ფოტოსურათი. შესაგებელში მისი გაგზავნის თარიღად 2019 წლის 8 ოქტომბერი იყო მითითებული, სასამართლო სხდომაზე კი, ზუსტი თარიღი მოპასუხემ ვერ დაასახელა. რაკი თარიღი არც ფოტოსურათში არ ჩანდა, პალატამ მიიჩნია, რომ არც წერილის გაგზავნის თარიღი არ ირკვეოდა.

10. საყვედურის მიღების შემდეგ ჩადენილ მეორე დარღვევად მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირთა განუსაზღვრელ წრეს სთხოვდა, მიეყვანათ შვილები ბანკში ანგარიშის გასახსნელად. პოსტმა ფეისბუქმომხმარებლებში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია - ზოგმა სასაცილოდ მიიჩნია, ზოგი გაოცებითა და აღშფოთებით, ზოგიც ცინიკური და ირელევანტური კომენტარებით გამოეხმაურა. ,,თანამშრომლის კორპორაციული სახელმძღვანელოს“ 2.1.26 და 2.1.27 პუნქტების თანახმად კი, დასაქმებული ვალდებულია არ გამოაქვეყნოს ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრება ან კომენტარი, რის გამოც ბანკის რეპუტაციას ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, გამოიყენოს კორპორაციული სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის - შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი პოსტისა და მასზე კომენტარების გაცნობის შედეგად არ დგინდებოდა დასაქმებულის მხრიდან ბანკის რეპუტაციისათვის ზიანის მიმყენებელი განცხადების გავრცელება. ამავდროულად, არც მასზე დაწერილი კომენტარები შეფასდა ბანკისათვის ზიანის მიმყენებლად. საგულისხმოა, რომ საჯარო განცხადება დასაქმებულის მხრიდან მიმართული იყო ბანკის გაყიდვების გეგმის შესრულებისაკენ და მიზნად არ ისახავდა დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენებას.

12. პალატამ კომპენსაციად 7 712 ლარის დაკისრება, პროპორციულ ადეკვატურ ოდენობად მიიჩნია მოსარჩელის ასაკის, უნარ-ჩვევებისა და შრომითი ურთიერთობის დროს მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით,

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

13. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ სამჯერ დაარღვია ხელშეკრულებით (შინაგანაწესით) დაკისრებული მოვალეობები და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი და პროპორციული ღონისძიება იყო.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი პროცესუარული წესების დარღვევით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დასაქმებულს არ წარუდგენია საწინააღმდეგო პოზიცია მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ ფაქტებზე არც წერილობით და არც ზეპირად, რაც დასტურდება საოქმო ჩანაწერებითაც. იგი მხოლოდ იმაზე აპელირებდა, რომ მის მიერ ჩადენილი გადაცდომები არ იყო უხეში. მან მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე წამოჭრა ეს საკითხი და მიუთითა, რომ ელექტრონული წერილი მისი გაგზავნილი არ იყო. ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო, შესაგებელში მითითებული ფაქტები დადგენილად მიეჩნია.

16. სასამართლომ არასწორად მიუთითა მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, რომ ის ქართულ ენაზე არ იყო შედგენილი. ელექტრონული წერილი შედგენილია ლათინული ასოებით, თუმცა მისი შინაარსი იკითხება ქართულად. ამასთან, თავად მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ეს მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია. მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებისას მიუთითა, რომ წერილი მისი ელექტრონული ფოსტიდან არ იყო გაგზავნილი. ამ წერილის გაგზავნით მოსარჩელემ არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა, შეურაცხყო კოლეგა და უხეშად დაარღვია კორპორაციული სახელმძღვანელოს დანაწესი.

17. რაც შეეხება „ფეისბუქის“ პოსტს, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ პოსტის გამოქვეყნება ბანკის გაყიდვების გეგმის შესრულებას ემსახურებოდა და არ იყო რეპუტაციის შემლახველი მოსაზრება ან კომენტარი, რაც არასწორი მსჯელობაა. მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა პროდუქტის გაყიდვის პროცედურა, რაც სოციალურ ქსელში თხოვნას ნამდვილად არ ითვალისწინებდა. თანამედროვე ეკონომიკის პირობებში კომპანიის საბაზრო ღირებულების 70% - 80%-ს არაქონებრივი აქტივი განსაზღვრავს. შესაბამისად, კომპანიებისთვის რეპუტაციული რისკი შეიძლება საკმაოდ სენსიტიური იყოს და მოიცავდეს დიდ არაპირდაპირ ეკონომიკურ დანაკარგს. ცალსახაა, რომ პოსტმა უარყოფითად იმოქმედა ბანკის რეპუტაციაზე, კერძოდ, პოსტმა საზოგადოების ერთ ნაწილში ცინიზმი, ხოლო მეორე ნაწილში აღშფოთება და გაოცება გამოიწვია, რამაც რისკის ქვეშ დააყენა ბანკის რეპუტაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

24. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, 2019 წლის 19 ნოემბრიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე.

25. დადგენილია, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელეს შინაგანაწესის დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი - საყვედური შეეფარდა. მოპასუხის მტკიცებით, ამის შემდეგ მოსარჩელემ კიდევ ორჯერ უხეშად დაარღვია შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულება. დასაქმებულმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მენეჯერის შესახებ შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა ბანკის კლიენტს, რითაც დაარღვია შინაგანაწესის („თანამშრომლის კორპორაციული სახელმძღვანელოს“) 2.14.6.5, 2.1.1 და 2.1.9 პუნქტები და მოსარჩელემ სოციალურ ქსელში განათავსა ბანკის იმიჯისათვის შემლახველი ინფორმაცია, რამაც ზიანი მიაყენა ბანკის რეპუტაციას, რითაც მან დაარღვია შინაგანაწესის 2.1.26 და 2.1.27 პუნქტები.

26. მოპასუხის მტკიცებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულს გაქარწყლებული არ ჰქონდა წინმსწრები დისციპლინური სახდელი (2019 წლის 9 აგვისტოს), გამოიკვეთა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, დარღვევები იყო უხეში, რის გამოც დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიც ამართლებდა.

27. პალატა მიუთითებს, რომ ვიდრე სასამართლო შეამოწმებს, იყო თუ არა დარღვევები ხელშეკრულების შეწყვეტასთან თანაზომიერი, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს თავად ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი). ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში პალატის განმარტებით, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელი იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა ფაქტი, რომელიც დამსაქმებელმა უხეშ დარღვევად შეაფასა. აქვე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების დროს პალატა ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და სამართლებრივი კონტექსტით აფასებს დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები, რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის ნოემბერში დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის დარღვევის ფაქტები არ დასტურდება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ დასაქმებულის მიერ სადავო მეილის გაგზავნის დასადასტურებლად სასამართლოს სათანადო მტკიცებულება ვერ წარუდგინა. ზოგადად, ელექტრონული შეტყობინება, თუ ის წარმოდგენილია შესაბამისი წესითა და ფორმით, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სადავო ფაქტის დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავო ფაქტის დადასტურებას მხოლოდ ფოტოსურათის სახით წარმოდგენილ ელექტრონული წერილის საფუძველზე ცდილობს. რაიმე სარწმუნო მტკიცებულება (მაგ: ფაქტების კონსტანტაციის მასალები, კერძოდ, დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტაზე არსებული მიმოწერის ფაქტის კონსტანტაცია) სადავო საკითხის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ არის.

29. აღნიშნულთან დაკავშირებული კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილის მის მიერ კლიენტისათვის გაგზავნის ფაქტს არ შესდავებია, რის გამოც სასამართლოს სადავო ფაქტი, მიუხედავად იმისა, რა ფორმით იყო მტკიცებულება წარმოდგენილი, დადგენილად უნდა მიეჩნია. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს, მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში თავის ახსნა-განმარტებას სწორედ იმას აფუძნებდა, რომ მას კლიენტისათვის სადავო წერილი არ გაუგზავნია (იხ. 22.04.2020 წლის სხდომის ოქმი). იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულება არასათანადო წესით არის წარმოდგენილი, ელექტრონული შეტყობინების ადრესატი მოწმედ არ დაკითხულა, წერილის ავთენტურობა კი მოსარჩელემ სადავოდ გახადა, სასამართლო ვერ გაიზიარებს წერილის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სადავო ფაქტის დასადასტურებლად ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა.

30. მეორე გადაცდომასთან - მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტთან დაკავშირებით („მეგობრებო, რომელიც არ ტოვებთ ჩემს პოსტებს უყურადღებოდ, ხომ არ გაქვთ სურვილი, თქვენს შვილებს ანაბარი გაუხსნათ?“) კასატორი აპელირებს, რომ დამსაქმებელმა დაარღვია შინაგანაწესის 2.1.27. პუნქტი (დასაქმებული ვალდებულია, არ გამოაქვეყნოს ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრება ან კომენტარი, რის გამოც ბანკის რეპუტაციას ზიანი მიადგება) და 2.1.26. პუნქტი (დასაქმებული ვალდებულია, დაიცვას „ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში ქცევის სახელმძღვანელოში“ დადგენილი მოთხოვნები. სახელმძღვანელოს მიხედვით კი, თუ დასაქმებული სოცქსელში გამოაქვეყნებს საკუთარ მოსაზრებას ან დაწერს კომენტარს, რის გამოც ბანკის რეპუტაციას ზიანი მიადგა, ბანკს უფლება აქვს, გამოიყენოს კორპორაციულ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებილი სანქციები, მათ შორის, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება). იმისათვის რომ ბანკს მითითებული პუნქტების საფუძველზე დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოშობოდა, დასაქმებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას ან კომენტარს, ბანკის საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანი უნდა გამოეწვია. მოპასუხის შედავება არ შეიცავს მტკიცებას, თუ რით გამოიხატა მისი ზიანი ანდა რატომ დადგა საფრთხის ქვეშ კომპანიის საქმიანი რეპუტაცია.

31. კასატორი უთითებს, რომ კომპანიებისთვის რეპუტაციული რისკი საკმაოდ მაღალია და, შესაძლოა, მოიცავდეს დიდ არაპირდაპირ ეკონომიკურ დანაკარგს, მოცემულ შემთხვევაში კი, რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება ცალსახაა. პალატა ეთანხმება კასატორს, რომ იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო, შესაძლოა, კომპანიას მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვა, თუმცა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გამოქვეყნებული პოსტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხის საქმიანი რეპუტაციისათვის საფრთხის შემცველი იყო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენების დასაბუთება, არ დადგინდა დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის 2.1.26 და 2.1.27 პუნქტების დარღვევა.

32. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს. დამსაქმებელს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, მან ვერ შეძლო იმ ფაქტების დადასტურება, რომ დასაქმებულმა ელექტრონული ფოსტით თანამშრომლის შესახებ შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა ბანკის კლიენტს და სოციალურ ქსელში განათავსა ბანკის იმიჯისათვის შემლახველი ინფორმაცია, რამაც ზიანი მიაყენა ბანკის რეპუტაციას. ვინაიდან, მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში არ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიერ მითითებული შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების დარღვევა, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა ამ დარღვევისათვის დასაქმებულის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას) სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა (სსკ-ის 51-ე მუხლი).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1124-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-597-2019, 20 მარტი, 2020 წელი).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 386 ლარის 70% – 270.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 386 ლარის (საგადასახადო დავალება №37485 / გადახდის თარიღი 24.06.2021) 70% - 270.2 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე