Facebook Twitter

საქმე №ას-52-2020 25 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ს.გ.წ.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ბ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.გ.წ.კ–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის 2016 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 4800 ლარის ანაზღაურება 2016 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე 2012 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ დარგში, 2014 წლის აპრილში თავისივე თანხმობით დამსაქმებელმა ტოლფას თანამდებობაზე ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის მოადგილედ გადაიყვანა განუსაზღვრელი ვადით. 2016 წლის 30 მაისის მოპასუხე კომპანიის დირექტორის ბრძანებით მოსარჩელე 2016 წლის 1 ივნისიდან უკანონოდ გადაიყვანეს დაბალ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მოსარჩელე არ იყო თანახმა აღნიშნულ თანამდებობაზე გადასულიყო, ამიტომ აიღო კუთვნილი შვებულება, ხოლო 2016 წლის 4 ივლისს იძულებული გახდა, განცხადება დაეწერა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხის ბრძანება მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადებიდან დგინდება, რომ მისი დაწერა განაპირობებული იყო დასაქმებულის უკანონო დაქვეითებით და არა - ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აღდგეს პირვანდელი სამუშაოს ტოლფას თანამდებობაზე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 30 მაისს მოსარჩელეს გაეგზავნა სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ შეტყობინება, რომელსაც გაეცნო 2016 წლის 31 მაისს, თუმცა მას არ მიუმართავს კომპანიის დირექტორისათვის და არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია ცვლილებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის ქმედება გამოხატავს თანხმობას ბრძანებაში ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან მას არ წამოუწყია შრომითი დავა კომპანიის წინააღმდეგ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ შეუწყვეტია შრომითი ხელშეკრულება, არამედ მოსარჩელემ თავად საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის შრომით ხელშერულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოპასუხის 2016 წლის 30 მაისის Nპ/821 ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის - 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის - 28 800 ლარის (6 თვის ხელფასის) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

7. პალატის მითითებით, უდავოდ დადგენილი იყო, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლამ განაპირობა დასაქმებულის თანამდებობისა და შესასრულებელი სამუშაოს სახის, ასევე შრომითი ანაზღაურების ცვლილებაც. ვინაიდან მოსარჩელემ შეცვლილ პირობებზე არ განაცხადა თანხმობა და მყარად გამოხატა ცვლილებების მიმართ უარყოფითი პოზიცია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე უკანონო იყო. ცვლილებები არ იყო შეთანხმებული დასაქმებულთან, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა.

8. საქმის მასალებით დგინდებოდა ისიც, მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემდეგ, მან დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მიუთითა, რომ იძულებული იყო, დაეწერა ეს განცხადება, ვინაიდან უკანონოდ იქნა გადაყვანილი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს მას არ გაუსაჩივრებია და არ მოუთხოვია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო. პალატის მითითებით, საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენას დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევისა და მისი ბათილად ცნობის გარეშე.

კასატორის მოთხოვნა:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელე გათავისუფლების შესახებ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იძულებულია, დაწეროს განცხადება, მაგრამ რაკი მას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობა სარჩელით არ მოუთხოვია, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელეს კომპენსაციის სახით დირექტორის მოადგილის თანამდებობისათვის დადგენილი 6 თვის თანამდებობრივი სარგოს - 4 800 ლარის გადახდა. ამასთან, პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 38.8 მუხლზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, დააკისროს დამსაქმებელს კომპენსაცია. რამდენადაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის შედავებული და ბათილი, სასამართლოს მიერ ამ ნორმაზე მითითება, დაუსაბუთებელია.

11. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. არცერთ სასამართლოში იძულების ფაქტი მსჯელობიას საგანი არ გამხდარა, არ გამოკვლეულა მტკიცებულებები, შესაბამისად, არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მითითებული ნორმა ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.

14. ვიდრე მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე მიუთითებდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. ამასთან, სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი), (იხ. სუსგ №ას-680-2021; 26 იანვარი, 2022 წელი).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ, განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

16. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი 2016 წელი; №ას-145-2019, 5 ივლისი, 2019 წელი). დამსაქმებლის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარეთა წერილობითი შეთანხმება) საფუძველზე. ნორმის თანახმად, ამ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგია. ამასთან, შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მხარეთა წერილობითი შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

17. კასატორი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დასაქმებულის პირად განცხადებაზე მიუთითებს, რასაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის არა „ე“, არამედ „დ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) ითვალისწინებს.

18. პალატა განმარტავს, რომ, შრომითი ხელშეკრულების როგორც მხარეთა შეთანხმებით, ისე - დასაქმებულის ინიციატივით პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვეტისას, სასამართლო აფასებს ნების ნამდვილობას, მისი თავისუფალი გამოვლენის საკითხს, დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტით, რათა ამ უკანასკნელის მხრიდან არ იკვეთებოდეს ზეწოლა.

19. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელის გაცხადებული ნება სამსახურიდან წასვლის თაობაზე ამ უკანასკნელის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა, მაგრამ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, ამიტომ, არ არსებობდა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა ამ მსჯელობას არ იზიარებს და, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ, მართალია, სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში მოსარჩელეს 2016 წლის 5 ივლისის ბრძანების ბათილობა არ ჰქონდა მითითებული, თუმცა, როგორც სარჩელის შინაარსიდან, ისე შესაგებლის პასუხად მოსამზადებელ სხდომამდე წარდგენილ ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზეც დავობდა (იხ. ტ. I., ს.ფ. 1-19; 46-52). პალატა, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

20. ამასთან, იგი სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა, შესაბამისად, აღძრულია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. ამ სახის სარჩელის წარდგენისას კი, მოთხოვნის საფუძვლების დადგენისა და შემოწმების შემდეგ, გარიგების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა - დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა - კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება. ამდენად, სასამართლოს მიერ კანონის ნორმის მოძიება, რომელიც განსაზღვრული შემადგენლობის ნიშნების არსებობისას ერთ მხარეს ანიჭებს უფლებას, მეორე მხარისაგან მოითხოვოს შესრულება, მოქმედება ან თავის შეკავება, არ საჭიროებს ამ მოთხოვნის იურიდიული შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, კონკრეტული გარიგებისა თუ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის დამოუკიდებლად დაყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016; იგივე პრინციპი მოქმედებს შრომითსამართლებრივ დავებში - შდრ. სუსგ №ას-1330-1250-2017, 12 ნოემბერი, 2018 წელი).

21. ამასთან, როგორც აღინიშნა, მართალია, სააპელაციო სასამართლომ ბრძანების კანონიერებაზე არ იმსჯელა, თუმცა დაადგინა, რომ მოსარჩელის გაცხადებული ნება სამსახურიდან წასვლის თაობაზე ამ უკანასკნელის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა და იგი იძულებული გახდა, დაეწერა განცხადება სხვა უფრო დაბალ თანამდებობაზე უკანონოდ გადაყვანის გამო.

22. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეს ნების გამოვლენის ნაკლზე თავიდანვე არ მიუთითებია და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გახდა სადავო, რის გამოც მოპასუხეს წაერთვა შესაძლებლობა, ამ ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები წარედგინა. საკასაციო პალატა ამ შედავებას არ იზიარებს და მიუთითებს მოსარჩელის მიერ შესაგებლის პასუხად წარდგენილ ახსნა-განმარტებაზე, სადაც მოსარჩელე აღნიშნავს, „მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისაგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.“ ამის შემდგომ მოსარჩელე მიუთითებს სსკ-ის 52-ე, ასევე 54-ე მუხლსა და 115-ე მუხლზე და დასკვნის სახით აღნიშნავს „ამდენად, მოპასუხის დასკვნები, რომ მოსარჩელის გადაყვანა დაბალ თანამდებობაზე და შემდგომ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ნების ნამდვილი გამოვლენის შედეგია, ვერ ასახავს სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 77-78). ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. პალატის განსჯით, თავად განცხადებიდანვე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მისი დაწერა განაპირობებული იყო უკანონო დაქვეითებით, კერძოდ, დასაქმებული უთითებს, „იძულებული ვარ დავწერო განცხადება ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც დამაქვეითეთ უკანონოდ 2016 წლის პირველი ივნისიდან“. ამდენად, მან დაწერა განცხადება სწორედ უფრო დაბალი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. საქმეში არ მოიპოვება საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ დასაქმებულს მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული, კანონიერად დაკავებული თანამდებობის (ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობის) დატოვება სურდა.

24. ამასთან, რაკი უდავოდაა დადგენილი, რომ დასაქმებულის მიერ განცხადების დაწერა უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანამ განაპირობა (ამ ფაქტს არ ედავება არც კასატორი), ასევე, უდავოდაა დადგენილი, რომ დაქვეითება იყო უკანონო (დამსაქმებელი არც ამ ფაქტს შესდავებია, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა), პრეზუმირებულია, რომ ნების გამოვლენა არ იყო ნამდვილი და მას საფუძვლად ედო უკანონო გარემოება, რაც სხვა შემთხვევაში დასაქმებულის სხვაგვარ ქცევას გამოიწვევდა. რომ არა უკანონო დაქვეითება, დასაქმებული სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებას არ დაწერდა. ამ პრეზუმირებული ფაქტის წინააღმდეგ კი, კასატორს შედავება არ წარმოუდგენია.

25. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის დასრულება, რეალურად, დამსაქმებლის მხრიდან იყო გამოწვეული და „შეფუთული იყო“ მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. ამ წინაპირობებზე, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლადაც მიუთითებდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმებულისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე და არ არსებობს კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი მისი დაუსაბუთებლობის გამო.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.გ.წ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე