Facebook Twitter

საქმე №ას-119-2020 23 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ.ჩ–მა (შემდგომ – პედაგოგი, მასწავლებელი, დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის №3 საჯარო სკოლის (შემდგომ - სკოლა, დამსაქმებელი, მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სკოლის დირექტორის 2017 წლის 27 ოქტომბრის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - თვეში 1000 ლარის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე წლებია, დასაქმებულია მოპასუხე სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად. მასთან 2017 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა მორიგი შრომითი ხელშეკრულება, თუმცა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელეს არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობები.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ისეთი შინაარსისა და სიმძიმის დარღვევა, რომელიც ალტერნატივის გარეშე უმკაცრესი სახდელის გამოყენების წინაპირობას ქმნიდა. მოპასუხის განმარტებით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს 2017 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სკოლის მოსწავლის მშობელმა და განმარტა, რომ კლასის ხელმძღვანელი ბავშვებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ასევე, მიუთითა მასწავლებლის სხვადასხვა დარღვევაზე და ითხოვა აღნიშნულ საკითხზე რეაგირება. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორს აცნობა წერილის შესახებ და გადაუგზავნა განცხადება მითითებული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით. დირექტორმა წარდგინებით მიმართა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა მოკვლეულიყო პედაგოგის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომა.

4. მოსარჩელის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომის საკითხის გამოკვლევის მიზნით, მოსწავლეებმა და მშობლებმა დაწერეს წერილობითი ახსნა-განმარტებები და დაინიშნა დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 25 ოქტომბერს. მოსარჩელე არ გამოცხადდა სხდომაზე, ამასთან წერილობით აცნობა კომიტეტს, რომ არ ენდობოდა მათ და პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ აპირებდა დასწრებას. დისციპლინარულმა კომიტეტმა მშობლებისა და მოსწავლეების წერილობით ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სხდომაზე მათი გამოკითხვის შედეგად, მიიჩნია, რომ მშობელთა და მოსწავლეთა პრეტენზიები იყო საფუძვლიანი და სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომების დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები (კომიტეტის წევრების მიერ, ყველა საკითხზე) მიღებულ იქნა ერთხმად. საბოლოოდ კი, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან განთავისუფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. პალატის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტი დგინდებოდა წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის - მოსწავლეების ახსნა-განმარტებებით. მოსწავლეთა განმარტებებისადმი სანდოობის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგის დასკვნაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი, რომელსაც დაევალა შესწავლა და გამოკვლევა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ პედაგოგთან მოსწავლეებს, პედაგოგი ავლენდა თუ არა მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას (ფსიქიკურს ან ფიზიკურს). ფსიქოლოგს დაევალა, შეესწავლა ბავშვების დამოკიდებულება, რა გახდა მათი პედაგოგის სამსახურიდან წასვლის მიზეზი და სურთ თუ არა მისი უკან დაბრუნება. ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საქმიანობა კლასის მიმართ იყო არაპედაგოგიური, ავლენდა მოსწავლეებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას. „მოსწავლეები დამახასიათებელი ბავშვური ლოგიკით ხსნიან პედაგოგის სკოლიდან წასვლას. ისინი აღნიშნავენ, რომ ამჟამად უფრო მშვიდად, შიშის გარეშე, მშვიდ გარემოში გრძნობენ თავს.“

9. აპელანტის ძირითადი პრეტენზია ის იყო, რომ სასამართლომ ცალმხრივად, აპელანტის საწინააღმდეგოდ შეაფასა საქმეზე არსებული მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა და არ შეაფასა იმ მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდნენ პედაგოგის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს. ამ მიზნით სააპელაციო პალატამ დეტალურად შეაფასა აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ჩვენებებში ასახული გარემოებები, რომ უშუალოდ თავიანთი შვილების (შვილიშვილების) მიმართ ფსიქიკური და ფიზიკურ ძალადობა არ იკვეთებოდა და არც გაუგიათ ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებ, არ გამორიცხავს იმ მოწმეების ჩვენებების რეალობას, რომლებიც კატეგორიულად მიუთითებენ პედაგოგის მიერ ცალკეული ბავშვის მიმართ გამოხატულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლაზე (ფეხის მირტყმა, თმის მოქაჩვა, ცხვირზე ხელის მოჭერა, მუქარა დასმენის გამო და ა.შ.). ამ მხრივ, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენების იმ ნაწილზეც, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს ბავშვებთან შერჩევითი დამოკიდებულება ჰქონდა, რამდენიმესთან ნამდვილად ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ამ გარემოებას ადასტურებს არა მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ მოწვეული მოწმეები, არამედ მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმეც, რომელიც ჩვენებაში ადასტურებს, რომ საკუთარ შვილთან კარგი დამოკიდებულების მიუხედავად, მას, როგორც მშობელს, არ მოსწონდა პედაგოგისაგან ბავშვების გამორჩევა, კერძოდ, 5 – 6 ბავშვი მოსწონდა და მათთან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, დანარჩენთან კი - ცუდი.

10. აპელანტი მიუთითებდა კოლეგა პედაგოგების ჩვენებებზეც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ფაქტი, რომ მოწმის სახით დაკითხული სკოლის პედაგოგები მოსარჩელეს ახასიათებენ დადებითად, არ გამორიცხავდა ამ უკანასკნელის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტებს. ამ მხრივ სასამართლომ ყურადღება გააამახვილა პედაგოგების ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი, მოსარჩელის მიმართ კეთილგანწყობისა და კარგი დახასიათების პარალელურად, მიუთითებენ, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა საკლასო ოთახში. აქვე აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ადასტურებენ, პედაგოგსა და მშობლებს შორის უთანხმოების არსებობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ მშობლების მხრიდან მოსარჩელის მიმართ პრეტენზიები გასულ წელსაც ფიქსირდებოდა. პალატის მითითებით, სტაჟირების ხანმოკლე პერიოდის გათვალისწინებით, არც სტაჟირებაზე მყოფი სტუდენტების დადებითად დახასიათება არ გამორიცხავდა იმ პირთა განმარტებებში ასახული ფაქტების ნამდვილობას, რომლებიც საფუძვლად დაედო პედაგოგის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებას.

11. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის ფაქტს არ გამორიცხავდა მის მიერ წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური საექსპერტო დასკვნები, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოიკვლია მოსარჩელე იჩენდა თუ არა ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეების მიმართ (6 მოსწავლეზე). ექსპერტიზის დასკვნებით, ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ობიექტური მონაცემების შეგროვება და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით განხილვა. შესაბამისად, განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია. პალატამ მიუთითა დასკვნის კვლევით ნაწილზე, რომელიც შეიცავს ექსპერტების ბავშვებთან გასაუბრების შინაარსს, სადაც ბავშვები კვლავ მიუთითებენ მოსარჩელისა და მოსწავლეების არაჯანსაღ ურთიერთობაზე. მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე აღნიშნავს - „როცა მასწავლებელმა რვეული ჩამარტყა თავში მე დედაჩემს ვუთხარი. . . ჩემზე უთხრა (ბავშვებს) მ–ს დასცინეთ რომ დედამისს უთხრა. . . ; მეორე მოსწავლე - მეორე კლასში დაიწყო ცუდი საქციელი ... სკოლაში წასვლა არ მინდოდა, . . . მაშინ მეშინოდა მისი ახლა არა; სხვა მოსწავლე - ცუდი დამრიგებელი იყო, წიგნებს თავში მირტყამდა . . . სიცილის გამო ცხვირზე ხელი მომიჭირა და გამრავლებას და მიმარტებას მეკითებოდა... მერხთან რომ მოდიოდა მეშინოდა“; მოსწავლე - „ერთხელ ლოყაზე მიბრწკინა.. წიგნებს გვირტყამდა თავში...შემხვდა ერთხელ მასწავლებელი და ვიტირე, შემეშინდა...; მოსწავლე - დაფასთან გამომიყვანა და თქვა ასეთი სულელი არ უნდა იყოთო, სახაზავი დამარტყა. . . სხვებსაც ცუდად ექცეოდა, მაგრამ ზ–ს არა...; მოსწავლე - ჩემთვის უხეშად არ მოუმართავს, მაგრამ სხვა ბავშვებს ზოგჯერ მკაცრად ექცეოდა...“ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით, ფაქტები, რაზეც საუბრობდნენ ბავშვები, რეალურია, რადგან ისინი ერთმანეთს შეესაბამება, ყველაფერს ჰყვებიან დამაჯერებლად და ლოგიკურად, არ აქვთ სიცრუისაკენ ან ფანტაზიურობისაკენ მიდრეკილება.

12. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით დადგენილად მიიჩნია პედაგოგის მხრიდან ეთიკის ნორმების, სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობისა და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტები და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რეალურად არსებობის შესახებ, (მათ შორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან მიმართებით), რაც ცალსახად შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვანი (უხეში) გადაცდომა.

კასატორის მოთხოვნა:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კლასის დამრიგებელი არის უხეში, როგორც მოსწავლეებთან, ისე - მშობლებთან. არ ამოწმებს დავალებებს, არ იცავს ჰიგიენის ნორმებს, ზეწოლას ახდენს ბავშვებზე, რომ კლასის ამბები სახლში მშობლებს არ მოუყვნენ, ბავშვებს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფს და სხვა. ამ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების დროს სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთი მშობლის მიერ რესურსცენტრში წარდგენილი განცხადების შინაარს, არ გადაამოწმა, მასში გადმოცემული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა თუ არა საქმეში არსებულ სხვა წერილობით და ზეპირ მტკიცებულებებს, მაშინ, როცა საქმეში სხვა საწინააღმდეგო გარემოებებიც არსებობდა, თუნდაც თანხის აკრებასთან დაკავშირებით. არცერთ მოწმეს არ განუმარტავს სასამართლო პროცესზე, რომ მოსარჩელემ მოსწავლეებისაგან ფული შეკრიბა. არც ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არ შეფასებულა გარემოებები.

15. კასატორი სრულად უარყოფს მოსწავლეთა მიერ მითითებულ ფაქტებსა და მოწმის სახით დაკითხულ მშობელთა ჩვენებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს მის მიერ მოსწავლეების მიმართ ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე.

16. კასატორის მტკიცებით, სადავო ფაქტების არარსებობა დგინდება იმ სტაჟიორთა ჩვენებებიდან, რომლებიც უშუალოდ გაკვეთილებს ესწრებოდნენ, მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის უშუალო თვითმხილველები იყვნენ. დანარჩენი მოწმეები იყვნენ მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეები, რომლებიც სხვა მესამე პირების განმარტებებს ჰყვებოდნენ, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი განმარტებები, სწორედ სტაჟიორების განმარტებების შეფასებით უნდა დადგენილიყო.

17. დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის მოკვლევის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად ცნო მშობლების ახსნა-განმარტებების სისწორე ისე, რომ თავად არ შეაფასა ისინი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული გარემოებები სულ სხვა ფაქტებს ადასტურებდა, კერძოდ, დაკითხული მოწმეები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელეს არც ფიზიკურად და არც ფსიქიკურად არ უძალადია მოსწავლეებზე: ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, 1 თვის მანძილზე დადიოდა თავისი შვილი მესამე სკოლაში და რაიმე პრეტენზია მასწავლებლის მიმართ არ ჰქონია. სხვა მშობლის განმარტებით, მასწავლებელს არასდროს მიუყენებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მისი შვილისათვის და არც სხვებზე ძალადობდა. სხვა მოწმის განმარტებით, მოსარჩელე იყო მისი შვილიშვილის მასწავლებელი 2016-2017 წლებში, შემდგომში მშობლებმა მოსწავლე გადაიყვანეს თბილისში. მასწავლებელს მისი შვილიშვილისათვის არანაირი ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება არ მიუყენებია, ასევე არც მის შვილიშვილს არ უთქვამს არასოდეს, რომ მასწავლებელი სხვა ბავშვებზე ძალადობდა; ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, მოსარჩელე მისი შვილის მასწავლებელი იყო. ბავშვს ძალიან უყვარდა, მხედველობის პრობლემის გამო ისე, რომ არავის უთხოვია, თავად გადასვა ბავშვი წინა მერხზე. კიდევ სხვა მოწმე უთითებს, რომ, რამდენიმე მშობელი თავად არის გასაზრდელი. მისი შვილი კმაყოფილი იყო მასწავლებლის და არასდროს უთქვამს, რომ მასწავლებელი უარყოფითად ზემოქმედებდა ბავშვებზე. სასამართლო პროცესზე წამოსვლის წინაც დაეკითხა ბავშვს - ვინმე ხომ არ სცემა მასწავლებელმა? რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო, რომ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ანალოგიურად ისაუბრეს სხვა მოწმეებმა და განმარტეს, რომ მოსარჩელე მოსწავლეებზე არასოდეს ძალადობდა არც ფიზიკურად და არც ფსიქიკურად. სკოლის კათედრის გამგემაც მოსარჩელე დადებითად დაახასიათა, მიუთითა, რომ დირექტორსაც ესაუბრა ამის შესახებ, არანაირი ზემოქმედება მოსარჩელის მხრიდან არ გამოვლენილა და რამდენიმე მშობელი პირადად იყო დაინტერესებული, თავიანთ შვილებს ახალგაზრდა მასწავლებელი ჰყოლოდათ. უბრალოდ, მოსარჩელე შეეწირა გაურკვეველ სიტუაციას.

18. კასატორის მითითებით, გაურკვეველია, სასამართლო პროცესზე დაკითხული მასწავლებლების განმარტებები. პირველ შემთხვევაში, ხელი მოაწერეს მოსარჩელის დახასიათებას ერთხმად, რომ ის იყო კარგი მასწავლებელი, ხოლო შემდგომ უარი განაცხადეს მათივე ხელმოწერებზე და შეიცვალეს აზრი. სასამართლო პროცესზე ობიექტურად ვერ დაასაბუთეს, თუ რამ გამოიწვია მათი მხრიდან აზრის შეცვლა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადი გახდა, რომ აზრის შეცვლა გამოწვეული იყო დირექციის დავალებით. ცხადია, არცერთი მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდა და უშუალოდ თვითმხილველები რომელიმე ფაქტისა არ ყოფილან. საგაკვეთილო პროცესებს ესწრებოდნენ სტაჟიორები, რომლებმაც სასამართლოს პროცესზე დადებითად დაახასიათეს მოსარჩელე და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მიერ ბავშვებზე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა არასოდეს შეუნიშნავთ.

19. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ მხოლოდ ამოჭრილად მიიღო მოწმეთა განმარტებები და გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ იმ მოწმეებზე, რომლებიც მოსარჩელის წინააღმდეგ დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით.

20. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რათა გამოერკვია ახდენდა თუ არა მოსარჩელე ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის ფარგლებში შეუძლებელი გახდა. სასამართლო სხდომაზე მითითებულ დასკვნებთან დაკავშირებით დაიკითხნენ ექსპერტები. ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებით ფაქტი იმისა, მოხდა თუ არა ზემოქმედება მოსარჩელი მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად არ დადასტურებულა. საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სკოლის მანდატურის სამსახურშიც არასდროს ყოფილა დაფიქსირებული რაიმე სახის ძალადობის ფაქტი.

21. კასატორი უთითებს უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზეც, რომლითაც შრომითი დავები დასაქმებულის სასარგებლოდ დასრულდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

28. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, სკოლის შინაგანაწესისა (22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა გამოიხატა მოსარჩელის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის ფსიქიკურ ზეწოლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, რაც ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების ისეთი უხეში დარღვევაა, რომელიც მისთვის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა.

29. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევის შესახებ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი, რომელიც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება თითოეულ მხარეს და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და, ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი). მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (Good Reason) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომშრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (Good Reason) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. საქმეში წარმოდგენილია დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდენის გამო, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგთა დასკვნები მათი მონათხრობის სანდოობის შესახებ, მოწმედ დაკითხულ მშობელთა ჩვენებები, კერძოდ, 14 მშობელი ადასტურებს სადავო ფაქტების არსებობასა და მოსარჩელის არაპედაგოგიურ ქცევას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი გამოკვლევის შედეგად მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფის ფაქტები ერთმნიშვნელოვნად დგინდება. კასატორის არგუმენტი, რომ ყველა ეს მტკიცებულება არაპირდაპირია და მხოლოდ გაკვეთილზე დამსწრე სტაჟიორთა ჩვენებები უნდა გათვალისწინდეს, დაუსაბუთებელია. უშუალოდ მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ სადავო ფაქტებს, არის ის პირველწყარო, რომელთა სანდოობა შესაბამისი პროფესიონალის მიერ დადასტურებელია და რომელთა სისწორეში საკასაციო პალატას ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. ამასთან, მოსწავლეთა მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებათა ერთობლიობითაც. რაც შეეხება სტაჟიორთა ჩვენებებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მათ შეფასებას, რომ სტაჟირების მოკლე პერიოდის გათვალისწინებით, მხოლოდ ეს ჩვენებები სადავო ფაქტების გამოსარიცხად არასათანადო და არასაკმარისი მტკიცებულებაა.

31. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, დეტალურად შეაფასეს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ფაქტი მართებულად დაადგინეს.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი).

33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენა, სახელდობრ: ისეთ საპასუხისმგებლო ადგილზე, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, ვლინდება ისეთი მძიმე/უხეში დისციპლინური გადაცდომა, რომელიც სკოლის შინაგანაწესისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სანქციად მხოლოდ პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

34. ამდენად, პალატა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის სტანდარტების ისეთი დარღვევა ჩაიდინა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველია.

35. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად იქნა უარყოფილი.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1299-2020, 26 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-238-238-2018, 30 მარტი, 2018 წელი).

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. დ.ჩ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება №23198407 / გადახდის თარიღი 21.02.2020) 70% - 210 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე