Facebook Twitter

საქმე №ას-84-2021 25 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.მ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2018 წლის 15 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ში“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის ახალი მიერთებების სამსახურის უფროსად.

2. შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთი წლის ვადით, 2019 წლის 16 მაისამდე. შრომითი ხელშეკრულების 2.5 და 2.6 პუნქტების თანახმად, თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე უარს არ განაცხადებდნენ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევო ერთი წლის ვადით.

3. მხარეთა შორის, 2019 წლის 15 მაისს, წერილობით შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის ახალი მიერთებების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაქმდა. შეთანხმება ძალაში შევიდა 2019 წლის 15 მაისიდან და მოქმედებდა 2018 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, 2020 წლის 16 მაისამდე. მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3750 ლარს (დარიცხულის სახით) შეადგენდა.

4. კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 ივლისის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, მისი სამუშაოს მიზანია წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოების გეგმის შემუშავება და მისი დროულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლი. თანამდებობრივი ინსტრუქციიდან გამომდინარე, მისი უშუალო მოვალეობების/პასუხისმგებლობების ნაწილია: მოწოდებული პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების გეგმის უზრუნველყოფა; შესასრულებელი სამუშაოების ბრიგადებზე გადანაწილება; ბრიგადების მასალებით მომარაგების კონტროლი; ბრიგადების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა; დაკისრებული მოვალეობის დადგენილი ვადის მიხედვით შესრულება.

- დასკვნის თანახმად, აუდიტმა მოიძია 2018-2019 წლებში შემოსული ახალი მიერთების განცხადებების სია. ამ სიიდან იდენტიფიცირდებოდა ისეთი განცხადებები, რომელიც სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადების მიხედვით არ დასრულდა და კომპანიას დაეკისრა სამუშაოების მთლიან ან/და ნახევარი ღირებულების განმცხადებლისთვის დაბრუნება. 2018 წლის ივლის-დეკემბერში და 2019 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში შემოსული ,,ახალი მიერთების“ განცხადებებიდან, დაგვიანდა 775 პროექტი. შიდა აუდიტმა შეისწავლა ეს 775 პროექტი შემდეგი პარამეტრებით: განცხადების შემოსვლის თარიღი; განცხადების დასრულების თარიღი; სემეკის სტატუსი; დაერთების პაკეტის ღირებულება და დაერთებისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობა; დაკარგული შემოსავლის რაოდენობა; პირველი ვადის გასვლის თარიღი; მეორე ვადის გასვლის თარიღი; სამშენებლო დეპარტამენტისთვის გადაცემის თარიღი და ვადის გასვლამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა; სამშენებლო დეპარტამენტის მიერ სამუშაოს დაწყებისა და დასრულების თარიღი; პროექტის შესასრულებლად დახარჯული დღეების რაოდენობა. 35 პროექტზე ვერ მოხერხდა სამშენებლო დეპარტამენტთან გადაცემის თარიღის იდენტიფიცირება. 100 პროექტზე სამშენებლო დეპარტამენტის მიერ სამუშაოს დაწყების ზუსტი თარიღი ვერ გამოვლინდა, რაც გამოწვეულია სამუშაო გეგმის ფორმირებისას მომზადებული ფაილების დაბალი ხარისხითა და არასათანადო კონტროლით. შეისწავლეს დარჩენილი 640 პროექტი სამშენებლო დეპარტამენტისათვის გადაცემის მომენტში სემეკის ვადებთან მიმართებით: ვადაში სამშენებლო გადაცემის მომენტში არ იყო დარღვეული სემესკის პირველი ვადა; ერთი ვადის დარღვევით - სამშენებლოსათვის გადაცემის მომენტში დაირღვა სემეკის მხოლოდ პირველი ვადა; ორი ვადის დარღვევით - სამშენებლოსათვის გადაცემის მომენტში დარღვეული იყო სემეკის ორივე ვადა. სულ 640 პროექტიდან ვადის დაცვით დასრულდა 350 პროექტი, ღირებულებით 494650 ლარი; ერთი ვადის დარღვევით - 243 პროექტი ღირებულებით - 255900 ლარი, ხოლო ორი ვადის დარღვევით - 47 პროექტი, ღირებულებით 114100 ლარი. იმ პროექტებზე, რომელიც სამშენებლოს გადაეცა ვადის დაცვით ან მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით (სულ 593 პროექტი), დაანგარიშდა პირველი ან/და მეორე ვადის გასვლამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა. ამავდროულად - სამშენებლოს მიერ უშუალოდ პროექტზე გასვლის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯული სამუშაო დღეებიც. ანალიზის მომენტისათვის, ნახსენები 593 პროექტიდან დასრულებული იყო 507 პროექტი, ხოლო დანარჩენი არის მიმდინარე. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, აუდიტმა დაადგინა ისეთი პროექტები, რომლის შესასრულებლად სამშენებლო დეპარტამენტს იმაზე ნაკლები დღე სჭირდებოდა, ვიდრე ვადის გასვლამდე იყო დარჩენილი, გამოცემის მომენტში. სულ 239 ასეთი პროექტი გამოვლინდა. ამ პროექტებიდან 125 სამშენებლო გადაეცა მოსარჩელეს, რომელიც იყო ახალი მიერთების სამშენებლო სამსახურის უფროსი. კომპანიაში დასაქმების პერიოდში, თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილება ევალება მოსარჩელეს. ამ 125 პროექტის ზარალმა, განმცხადებლისთვის დაბრუნებული ღირებულების სახით, შეადგინა 88475 ლარი. სულ - პირველი ვადით დაგვიანდა 21 პროექტი, რომლის ღირებულებაა 19650 ლარი, ხოლო ზარალი 9825 ლარი; მეორე ვადით დაგვიანდა 95 პროექტი, რომლის ღირებულებაა 141600 ლარი, ხოლო ზარალი 70800 ლარი; ორივე ვადით დაგვიანდა 9 პროექტი, რომლის ღირებულებაა 7850 ლარი, ხოლო ზარალი 7850 ლარი. მთლიანად 169100 ლარის ღირებულების 125 პროექტიდან, ზარალმა შეადგინა 88 475 ლარი.

5. კომპანიის 2019 წლის 9 აგვისტოს №454 ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტები) შესაბამისად.

სარჩელის საფუძვლები:

.

5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 3750 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება 2019 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება არ დაურღვევია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძვლები ვლინდებოდა.

8. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი - 88 475 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის 2019 წლის 9 აგვისტოს №454 ბრძანება; მოსარჩელე აღადგინეს კომპანიის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის ახალი მიერთებების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 2018 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში - 2020 წლის 16 მაისამდე; მოპასუხეს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 3750 ლარის (დარიცხული) მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა 2019 წლის 13 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 2020 წლის 16 მაისისა.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, წარდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია, დადგინდეს შესასრულებელი სამუშაოს ვადების დარღვევის გამომწვევი მიზეზი, რომ ნამდვილად მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებაა.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მიუთითებს პროექტით დადგენილი ვადების დარღვევას, თუმცა გამოკვეთილი არაა, კონკრეტულად რომელი პროექტი დაირღვა მოსარჩელის მხრიდან და ამ პროექტის დარღვევამ გამოიწვია ზიანი. აუდიტის დასკვნით და არც სხვა რაიმე მტკიცებულებებით არ დგინდება ის გარემოება, რომ სამშენებლო დეპარტამენტს პროექტები შესასრულებლად დროულად გადაეცა მოსარჩელეს, მით უმეტეს, თავად დასკვნის მიხედვით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ახალი მიერთების განაცხადი გადის სხვადასხვა პროცედურას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან, ახალი მიერთების განცხადებამ, სამშენებლო დეპარტამენტამდე მისვლამდე უნდა გაიაროს: კანცელარია, ახალი მიერთების კომერციული სამსახური, ბიზნესცენტრი, საპროექტო სამსახური. აღნიშნულ სამსახურებში უნდა შესრულდეს სხვადასხვა სამუშაო, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისათვის განცხადება გადაეცემა სამშენებლო სამსახურს. ზემოაღნიშნული რეგულაციით დადგენილი განცხადების დამუშავებისთვის საჭირო სამუშაო ვადები მოიცავს კანცელარიაში განცხადების დარეგისტრირებიდან, ყველა ზემოაღნიშნული ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ვადას. ამდენად, არ დგინდება, რომ აუდიტის დასკვნაში ასახული ზიანი მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელის მოქმედებასა თუ უმოქმედობასთან.

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებლის დასკვნა დასაქმებულის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის შესახებ, არ ემყარება ობიექტურ საფუძვლებს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არამართლზომიერია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მისი სამუშაოს ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა წყალსადენი კანალიზაციის ქსელებზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოების გეგმის შემუშავება, მისი დროულად და ხარისხიანად შესრულება.

17. კასატორის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით განსაზღვრულია ,,ახალი მიერთების“ ვადები. დადგენილი ვადის პირველივე დარღვევაზე მიერთების საფასური მცირდება - 50%-ით, ხოლო იმავე ვადის ხელმეორედ გასვლის შემთხვევაში, თუ ისევ არ იქნება დასრულებული ქსელზე მიერთების სამუშოები, საფასური ნულდება, შესაბამისად, კომპანიისათვის მნიშვნელოვანია ახალი მიერთების სამუშაოების ვადის დაცვით შესრულება, ვინაიდან კომპანიის შემოსავალი მასზეა დამოკიდებული, ხოლო ვადების დარღვევა იწვევს კომპანიის მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს.

18. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება იყო, მიერთების სამუშოები შეესრულებინა იმგვარად, რომ არ დარღვეულიყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი ვადები, რაც არ იქნა შესრულებული, კერძოდ, კომპანიის შიდა აუდიტის დასკვნით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შემდეგი დარღვევები: ახალი მიერთების სამშენებლო ბრიგადების საჭირო რაოდენობის მასალებით მოუმარაგებლობა; სამუშაო ბრიგადებზე სათანადო კონტროლის განუხორციელებლობა; პროექტების პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა; ფინანსურ ხარჯზე უკონტროლობა; პროექტების დადგენილი ვადების დარღვევა; შრომითი რესურსების არასწორი მართვა, რამაც კომპანიას ზარალი მიაყენა, რისი გათვალისწინებითაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე კომპანიის გადაწყვეტილება, სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

19. კასატორის მითითებით, შიდა აუდიტის დასკვნა, ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი დოკუმენტია, ვინაიდან შიდა აუდიტი მისი საქმიანობით კომპანიას უწევს დახმარებას საწარმოო რისკების სწორად მართვაში, აუდიტი ახორციელებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების გამოკვლევასა და შეფასებას. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ამით გამოწვეული ზიანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ დასაქმებულთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა 2019 წლის 9 აგვისტოს №454 ბრძანების საფუძველზე. სადავო ბრძანების თანახმად, დასაქმებული სშკ-ის 37-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სწორად არის განსაზღვრული დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე, რომლის საფუძველზეც მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებული იყო, დაედასტურებინა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ აღნიშნულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-619-2020, 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება).

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი), დამსაქმებლის დასაბუთებულ პასუხს საჭიროებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

28. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სწორედ მოსარჩელის მოვალეობების ჯეროვანი შეუსრულებლობითაა გამოწვეული ის ზარალი, რომელზეც დამსაქმებელი აპელირებს. მოპასუხე მოსარჩელეს ედავება პროექტით დადგენილი ვადების დარღვევას, თუმცა კონკრეტულად რომელი პროექტის ვადები დაარღვია მოსარჩელემ, რომლითაც კომპანიას ზიანი მიადგა, არ დგინდება. უდავოა, რომ, ახალი მიერთების საბოლოო ეტაპია სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ასრულებს სამშენებლო დეპარტამენტი - ახალი მიერთების სტრუქტურული ერთეული. აუდიტის დასკვნის თანახმად, ახალი მიერთების განცხადება, სანამ ახალი მიერთების სტრუქტურულ ერთეულამდე - სამშენებლო დეპარტამენტამდე აღწევს უნდა გაიაროს: კანცელარია, ახალი მიერთების კომერციული სამსახური, ბიზნეს-ცენტრი, საპროექტო სამსახური. აღნიშნულ სამსახურებში უნდა შესრულდეს სხვადასხვა სამუშაო, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისათვის განცხადება გადაეცემა სამშენებლო სამსახურს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც აუდიტის დასკვნით და არც სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სამშენებლო დეპარტამენტს პროექტები შესასრულებლად დროულად გადაეცა. რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომლის თანახმად, შეუძლებელია, დადგინდეს ვადების დარღვევის გამომწვევი მიზეზი გახდა თუ არა მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან შესაძლებელია მას ედავებიან ვადის დარღვევაში იმ პროექტებისა, რომლებიც თავიდანვე ვადის დარღვევით გადაეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე ედავება მოსარჩელს იმ პერიოდის დარღვევებთან დაკავშირებით, როცა ეს უკანასკნელი კომპანიაში სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის ახალი მიერთებების სამსახურის უფროსად მუშაობდა. გასათვალისწინებელია მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 15 მაისის შეთანხმება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაქმდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალი შეთანხმების დადებით, მოწინააღმდეგე მხარე თანამდებობრივად დაქვეითდა, რისი გათვალისწინებითაც, ამ უკანასკნელისათვის ერთსა და იმავე დარღვევაზე ორი დისციპლინური სახდელის - თანამდებობრივად დაქვეითებისა და სამსახურიდან გათავისუფლების დაკისრება დასაქმებულის ორმაგად დასჯის სტანდარტს ქმნის, რაც ეწინააღდეგება არა მხოლოდ შრომის კანონმდებლობას, არამედ სამოქალაქო სამართალში გაბატონებულ სამართლიანობის ზოგად პრინციპსაც, რომლის თანახმად, არ შეიძლება პირს, ერთი და იმავე ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რამდენიმეჯერ დაეკისროს.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-221-2021, 2021 წლის 28 მაისის განჩინება; №ას-302-2021, 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, №ას-597-2019, 2020 წლის 20 მარტის განჩინება; საქმე №1172-2020, 2021 წლის 12 მარტის განჩინება).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1687.50 ლარის (საგადახდო დავალება №23 / გადახდის თარიღი 22.01.2021), 70% - 1181.25 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე