Facebook Twitter

ას-1263-2021

08 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–უ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ე–ის (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება, ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 30 ივლისს ი.მ–უმ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ა.ე–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, ხარჯების ანაზღაურებისა და ქმედების დავალდებულების მოთხოვნით.

1.1. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბორჯომის რაიონის სოფელ ....., აწ. გარდაცვლილი რ. ზ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს.კ. ......, რომელსაც უვლიდა და პატრონობდა მოსარჩელე, 2020 წლის 08 ივლისს მემკვიდრეობის საფუძველზე დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.

1.2. მოსარჩელე რადგან დარწმუნებული იყო, რომ რ.ზ–ის ქონება სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იყო მისი საკუთრება და შემცილებელი არ ყავდა, გასწია 20000 ლარის ხარჯი ქონების მოვლა-პატრონობისა და შენახვისათვის. შესაბამისად, იგი ითხოვდა აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებას და ქონების გასხვისების შემთხვევაში, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლებით მოსარგებლე პირის ინფორმირებას მოპასუხესა და მესამე პირს შორის დასადები ხელშეკრულების შინაარსზე.

1.3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება მისი საკუთრებაა და მოსარჩელეს არანაირი ხარჯი არ გაუღია მის გასაუმჯობესებლად.

1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7678.6 ლარის გადახდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ქონების გასხვისების შემთხვევაში მოპასუხეს ეცნობებინა მოსარჩელისათვის, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისთვის, იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც დააპირებდა იგი მესამე პირთან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ასევე შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქონების გასხვისების შემთხვევაში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიერ, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისთვის, იმ ხელშეკრულების შინაარსის მიწოდებაზე, რომლის დადებასაც მოპასუხე დააპირებდა მესამე პირთან.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა.ე–ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი.მ–უს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 4 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

2.5. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2021 წლის 4 აგვისტოს გამოცხადდა და ვინაიდან, მოსარჩელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ს.1, ს.ფ. 99-105), იგი ვალდებული იყო არაუადრეს 24 აგვისტოსი და არაუგვიანეს 03 სექტემბრისა გამოცხადებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 2021 წლის 04 სექტემბერს და ამოიწურა იმავე წლის 17 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2021 წლის 20 სექტემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში. 2021 წლის 09 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, კერძოდ 2021 წლის 04 აგვისტო, თუმცა მიუხედავად მოსარჩელის მოლოდინისა და მისი მზადყოფნისა, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე მხარის ონლაინ ჩართვა არ განხორციელებულა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო და ელოდებოდა მორიგი სხდომის ჩანიშვნას.

3.2. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა 2021 წლის 04 აგვისტოს სხდომაზე, ამასთან დასაბუთებული განჩინება გაუგზავნა და ჩააბარა 2021 წლის 7 სექტემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო მის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს - 07 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ი.მ–უს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების 14-დღიანი გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, რადგან არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა 2021 წლის 04 აგვისტოს სხდომაზე, ამასთან დასაბუთებული განჩინება გაუგზავნა და ჩააბარა 2021 წლის 07 სექტემბერს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს - 07 სექტემბერს.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე, რომელიც ესწრებოდა ან გამოცხადების თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო, ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, იმ მხარისათვის, რომელიც ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ადგენს ვალდებულებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა). მითითებული მუხლი ამავდროულად ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას ზემოთმითითებულ ვადაში მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. მხარის მიმართვის შემთხვევაში, სასამართლო, სსსკ-ის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ვადის მიხედვით, ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ამ ვალდებულების შესრულებას, ეს ვერ გახდება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი და გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

12. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

13. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 ივლისის სხდომის ოქმის მიხედვით მოსამართლემ სხდომის დასრულებისას მხარეებს აცნობა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა 2021 წლის 04 აგვისტოს (იხ. სხდომის ოქმი 09.07.2021 წ. 13.55.09-13.55.22 სთ). ამ გარემოებას სადავოდ არ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორიც. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებული 2021 წლის 04 აგვისტოს დანიშნულ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების სხდომის შესახებ. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და დრო, იმ შემთხვევაშიც, თუ ის არ ან ვერ დაესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე ის ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის შემთხვევაში მოეთხოვა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია, ამასთან, კერძო საჩივარშიც არ არის მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს თუნდაც ზეპირი ფორმით მიმართა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მოთხოვნით (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

15. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თუ მხარე არ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, ივარაუდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ დროულად მოამზადა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს, რომელიც ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. გარდა იმისა, რომ დადგენილია, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს არ მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების მოთხოვნით, რაც ქმნის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების პრეზუმფციას, საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 04 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მხარეს გაუგზავნა 2021 წლის 02 სექტემბერს (ტ.1, ს.ფ. 118). ამასთან, ეს გარემოებაც ასევე არ გაუხდია სადავოდ კერძო საჩივრის ავტორს. ამდენად, თუ მოსარჩელე შეასრულებდა მის საპროცესო ვალდებულებას და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა მიმართავდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის მოთხოვნით, ის მიიღებდა სასამართლოსაგან ამ გადაწყვეტილების ასლს.

16. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ ვინაიდან მისი დასწრება 2021 წლის 04 აგვისტოს ონლაინ გამართულ სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყო სასამართლომ, იგი ფიქრობდა, რომ სხდომა გადაიდო და გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან, ვერ გაიზიარებს. პირველ რიგში გაუგებარია თუ რატომ მიიჩნია მოსარჩელემ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო, მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და დრო და ამ სხდომაზე მისი დასწრება არ იყო სავალდებულო. მოსარჩელეს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა და დადგენილ ვადაში მიემართა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 04 სექტემბერს, 30-ე დღის მომდევნო დღეს და ამოიწურა 17 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2021 წლის 20 სექტემბერს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

17. საკასაციო პალატას, კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაუგზავნა გადაწყვეტილება 2021 წლის 02 სექტემბერს, რაც მას ჩაბარდა 2021 წლის 07 სექტემბერს (თუმცა, საქმის მასალების მიხედვით ი.მ–უს წარმომადგენსლს ი.ფ–ძეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 09 სექტემბერს, ტომი 1, ს.ფ.119), შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან - 2021 წლის 07 სექტემბრიდან, ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და დრო, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა მხარემ არ მიმართა სასამართლოს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 04 სექტემბერს და ამოიწურა 17 სექტემბერს, თანახმად სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილისა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს სსსკ-ის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს, რა შემთხვევაშიც სასამართლოს ექნებოდა ვალდებულება მიღებული გადაწყვეტილების ასლი მისთვის ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაგზავნა და ჩაბარებინა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების გაგზავნა ამ შემთხვევაში ვერ მოახდენს გავლენას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–უს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი