Facebook Twitter

საქმე №ას-680-2021 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯების დაკისრების შესახებ ა.ს–ძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე მ.ხ–ის სარჩელის გამო მოპასუხეების – იბა „შ–ი -....“-ის წევრების: რ.ფ–ძის, ნ.ლ–ის, ა.ვ–ის, რ.ვ–ის, კ.გ–ს, გ.ა–ის, მ.რ–ის, უ.ჩ–ძის, ნ.ფ–ას, თ.ა–ძის, ი.გ–ძის, კ.ნ–ძის, ს.გ–ძის, დ.რ–ძის, თ.შ–ძის, ა.ს–ძის მიმართ ამხანაგობის კრების ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მარტის განჩინება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ხ–ის სასარჩელო მოთხოვნა ამხანაგობა „შ–ი ...“-ის 2011 წლის 6 მაისის, 19 მაისისა და 25 მაისის კრების ოქმების ფართების განაწილების თაობაზე №7 ბინის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მ.ხ–ის სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდეს ა.ს–ძის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ქალაქი თბილისი, შ–ის ქ.№20-ში მდებარე კორპუსის №7 ბინაზე, ფართი 152.66 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..... და მოსარჩელე ცნობილი იქნეს აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ, არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 22 მარტს ა.ს–ძის წარმომადგენელმა ვ.გ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ნამსჯელი სასამართლო ხარჯებზე.

საკასაციო პალატა განცხადების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს განცხადებას სასამართლო ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. (შდრ. სუსგ Nას-1054-2019, 30.09.2019).

საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.). ამასთანავე, მითითებული ნორმის რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან. (შდრ. სუსგ №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; სუსგ №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისთვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020.). დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისთვისაც ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-180-180-2018, 04 მაისი, 2018წ.). არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად.

შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემ

თხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (შდრ: სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.).

საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7-დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. რაც შეეხება საკითხის დასმის ფორმას, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი სასამართლოა, მან ეს საკითხი შეიძლება დასვას მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (სსკ-ის 284.1 მუხლი). მაგალითად, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.31 მუხლი). თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა ერთ-ერთი ზემოხსენებული განჩინება, იგი არაა უფლებამოსილი, ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-362-338-2017, 19 მაისი, 2017).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ 31.03.2017წ. საქმე №ას-35-31-2017).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 26 იანვარს, რომელსაც ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენლები - ნ.კ–კი და პ.ხ–ა. ამასთან, 2022 წლის 2 თებერვალს კასატორის წარმომადგენლმა პ.ხ–ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ჩაიბარა სარეზოლუციო ნაწილი.

სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

განსახილველ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების მომდევნო კალენდარული დღიდან – 2022 წლის 27 იანვრიდან და ამოიწურა 2022 წლის 2 თებერვალს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით კი ა.ს–ძის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა 2022 წლის 22 მარტს ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის 63-ე მუხლისს დანაწესზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება სასამართლო ხარჯების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 275-ე მუხლებით, 261-ე მუხლის მეორე ნაწილით, მე-7 მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ს–ძის განცხადება პროცესის ხარჯების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი